fbpx
15:12 | 2020-05-08 ავტორი: თამარ გონგაძე

რატომ ვერ შეაღწია კორონავირუსმა კახეთში – რას ფიქრობენ ცნობილი კახელები

რატომ ვერ შეაღწია კორონავირუსმა კახეთში – რას ფიქრობენ ცნობილი კახელები

პანდემიის დროს, კოროვირუსის გავრცელება, მეტნაკლებად, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა.

 

კახეთი დღემდე მწვანე ზონად რჩება. ეს თემა კახელებს სიამაყით ავსებს და ამაზე ხუმრობენ, აი, ხაშლამა რას გვიშვრებაო.

 

“პრაიმტაიმმა” სამი ცნობილი კახელი გამოკითხა; მათი აზრით, რა არის იმის მიზეზი, რომ კახეთი პანდემიისას მწვანე ზონად რჩება.

 

დუტა სხირტლაძე: – დილით ჭაჭამ, უზმოზე, კუჭში ტყაპანი უნდა გაადინოსო. ჰოდა ეგაა. ასე მგონია.

 

ლევან ყოჩიაშვილი: – არ ვიცი, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს, მაგრამ კარგია, ჩვენ მაინც დავრჩეთ მწვანე ზონად. (იცინის) რა გითხრათ, მართლა არ ვიცი. არც ხუმრობა გამიგია ამაზე, ეტყობა, არ ეხუმრებათ ამ პერიოდში.

 

იმას კი ამბობენ, ხაშლამა და შოთის პურიო და ჩვენ ეს ვირუსი არ გაგვეკარებაო.

 

შეიძლება ისიც იყოს, რომ საგაზაფხულო სამუშაოებია მინდვრებშიც, ვენახშიც. თან ჩაკეტილია, ხალხი ნაკვეთებიდან არ გამოდის.

 

გიორგი უშიკიშვილი: – მე ახლა კახეთში ვარ. იცით, ეს ჩვენი – კახელების ხასიათიდან გამომდინარე მგონია. დინჯები ვართ და ხალხთან ახლო დისტანციით ყოფნა არ გვჩვევია.

 

ერთმანეთზე დიდი ჩაბღაუჭება, გადახვევა და კოცნაობები არ გვიყვარს (იცინის). გარდა ამისა, ახლა ისეთი პერიოდია ყველა ვენახში, ბოსტანში მუშაობს. რასაც ვუყურებ, გაქანებული სამუშაოებია, ყველა მინდორშია გასული, ღია სივრცეებში არიან.

 

სოფლებში ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევს ხალხი. თან კახეთი უხვმოსავლიანია, ისეთი მიწაა, ფაქტობრივად, ყველაფერი ჯანსაღი მოდის. შესაძლებელია, ამის მიზეზი საკვებიც იყოს.

 

სავარაუდოდ ამ დისტანცირების გამოა, რომ მწვანე ზონად რჩება კახეთი. თუმცაღა, მაინც ჩვენი სიდინჯის “ბრალი” მგონია. დანარჩენი სპეციალისტებმა უნდა თქვას.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X