10:16 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში

რატომ ინფიცირდებიან ვაქცინირებული ადამიანები და რა უნდა ვიცოდეთ ასეთ შემთხვევებში

პანდემიის დაწყებიდან თითქმის 19 თვის თავზე მსოფლიოში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესმა ახალი კითხვები გააჩინა. საზოგადოებას აინტერესებს რატომ ინფიცირდება ზოგიერთი სრულად ვაქცინირებული ადამიანი.

 

 

|რა ხდება

 

 

მნიშვნელოვანია ვაქცინების ეფექტურობის სწორი გაცნობიერება. არც ერთი ვაქცინა არ უზრუნველყოფს აცრილთა აბსოლუტურ დაცვას ინფიცირებისაგან, თუმცა იცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობის, საშიში გართულებებისა და სიკვდილისაგან.

 

 

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიუხედვად იმისა, რომ COVID-19- ის საწინააღმდეგო ავტორიზებული ვაქცინები თითქმის 100%-ით იცავს ადამიანს COVID-19-ის მძიმე ფორმით დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილისაგან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ვაქცინა 100%-ით ეფექტური იყოს დაინფიცირების ან ინფექციის გადაცემის პრევენციის კუთხით.  ამას ემატება კოვიდის ახალი შტამების გაჩენა და ცირკულირება მსოფლიო მასშტაბით.

 

 

შესაბამისად, არსებობს სრულად ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების მცირე რისკი, რომელიც ცნობილია, როგორც „breakthrough infection“ და მოსალოდნელია ნებისმიერი ვაქცინაციის შემთხვევაში.

 

 

მაგალითად, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ინფიცირებისაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა,  თუმცა წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მაინც ფიქსირდება, მათ შორის ისეთ ქვეყნებშიც, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ვაქცინირებულია. ასევეა სეზონური გრიპის შემთხვევაშიც. გრიპის ვაქცინა ვირუსის გავრცელებული ფორმებისაგან (შტამები) გვიცავს, მაგრამ, შესაძლოა, სეზონზე გავრცელდეს გრიპის ვირუსის განსხვავებული შტამები  და ვაქცინირებული ადამიანები მაინც დაავადდნენ. ასეთ შემთხვევებში ვაქცინირებულებში, არავაქცინირებულებისაგან განსხვავებით, დაავადება ნაკლებად მძიმე ფორმით ვლინდება.

 

 

 

|რა არის ამის მიზეზი

 

 

არსებობს 3 ძირითადი ფაქტორი:

 

 

  • ახალი შტამები: ვირუსი მუტაციას განაგრძობს, შედეგად კი კოვიდის ახალი შტამები ჩნდება, რომლებიც იმუნიტეტს „უსხლტებიან“და ვაქცინირებულ პირებშიც კი იწვევენ დაავადებას.მიუხედავად ამისა, ეს ახალი შტამებიც შეიძლება მეტ-ნაკლებად ეფექტურად განეიტრალდეს იმუნური სისტემის მიერ, რადგან მუტაციის შედეგად ნაკლებად იცვლება ვირუსის ის ნაწილები, რომელთა ამოცნობაც ანტისხეულებსა და T უჯრედებს შეუძლიათ.

 

კოვიდის შტამები
კოვიდის შტამები
  • ვაქცინა – სრულად იმუნიზაციის შემდეგ, ვაქცინას შესაბამისი იმუნური პასუხის გამოსამუშავებლად გარკვეული დრო სჭირდება. მეორე დოზის მიღებიდან ზოგი მათგანი იმუნურ პასუხს 2 კვირის შემდეგ წარმოშობს, ზოგ ვაქცინას კი ამისთვის თვეები სჭირდება.

 

COVID ვაქცინა
COVID ვაქცინა
  • ინდივიდუალური რეაქცია:  ვაქცინაზე ყველა ადამინის ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. მაგალითად, ხანდაზმულ ასაკში ახალ ანტიგენებსა და ვაქცინაზე ადამიანის იმუნური სისტემა ისე ვეღარ რეაგირებს, როგორც ახალგაზრდა ასაკში. კვლევის მონაცემების თანახმად, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდგომ ხანდაზმულ და ახალგაზრდა პირებში გამანეიტრალებელი ანტისხეულების კონცენტრაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება.

 

|რა ვიცით ვაქცინირებული ადამიანების დაინფიცირების შემთხვევებზე („breakthrough infection“)

 

 

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ე.წ. breakthrough infection ვაქცინირებულთა 0,1%-ში დაფიქსირდა. ამერიკაში ჰოსპიტალიზებულ ადამიანთა 97%-ი არავაქცინირებული იყო.

 

მომზადებულია Bloomberg-ის, GAVI-ის, Washington Post-ისა და NCDC-ის მიხედვით

ავტორი: Prime Time


X