21:25 | 2020-03-18 ავტორი: ნინი ტაველიძე

რატომ გადააქვთ COVID-19 ბავშვებს მარტივად

რატომ გადააქვთ COVID-19 ბავშვებს მარტივად

საყოველთაოდ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი კორონავირუსი ბავშვებში მსუბუქად მიმდინარეობს და სრულწლოვნებთან შედარებით, ლეტალური შედეგის ალბათობა აქ ძალიან მცირეა. ინფორმაციას ამის შესახებ newscientist ავრცელებს.

ახალი ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19- ის 44 672 შემთხვევიდან 10 წლამდე ბავშვებზე მხოლოდ 1% მოდის, ხოლო სიკვდილის 1023 შემთხვევიდან არც ერთი ბავშვი არ ყოფილა.

„კორონავირუსი გრიპისგან განსხვავდება“,- ამბობს იელის უნივერსიტეტის მკვლევარი, აკიკო ივასაკი.

გრიპის ვირუსი ძირითადად ბავშვებსა და მოხუცებულებს თანაბრად აინფიცირებს. შესაბამისად, იბადება კითხვა – რითი განსხვავდება COVID-19 გრიპისგან? ეს კითხვა ჯერჯერობით საიდუმლოებითაა მოცული.

მიიჩნეოდა, რომ ბავშვების ინფექციისადმი რეზისტენტულობა უფრო მაღალია. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ბავშვებისა და ზრდასრული ადამიანების ვირუსით ინფიცირება თანაბრად ალბათურია.

მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ როცა ინფექცია ბავშვებშიც ვრცელდება სიკვდილიანობის ალბათობა SARS-ის და MERS-ის ინფექციების მსგავსად, ბევრად დაბალია.

 

რა იცავს ბავშვებს?

„ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს“,- ამბობს მკვლევარი, ივასაკი. თუმცა, როგორც ივასაკი და სხვა მეცნიერები ვარაუდობენ, ბავშვების იმუნიტეტის უნიკალური თვისებები მათ ორგანიზმს ახალი კორონავრუსისგან კარგად იცავს.

ზრდასრულებში სასუნთქ სისტემებში ჭარბი იმუნური პასუხი, COVID-19-ის ყველაზე ხშირი გართულებაა, რაც ფილტვებს მნიშვნელოვნად აზიანებს.

სასუნთქი გზების დაზიანების შედეგად, სითხეების და იმუნური უჯრედების ფილტვებში ჩადინება პრობლემებს იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ იმუნური პასუხი ადამიანის დაცვას ცდილობს, საბოლოო შედეგი ისაა, რომ ფილტვები ჟანგბადის სათანადოდ ათვისებას ვეღარ ახერხებენ.

ბავშვების იმუნური სისტემა სრულად ჩამოყალიბებული არ არის. შესაბამისად, ის ნაკლებ ციტოკინებს გამოყოფს. ციტოკინი ის ორგანული ნივთიერებაა, რომელსაც იმუნური უჯრედები აწარმოებენ და რის შედეგადაც ანთებითი პროცესი მიმდინარეობს.

თუმცა, ციტოკინები გრიპით ინფიცირების შემთხვევაშიც იგივე რაოდენობით გამოიყოფა. ივასაკი მიიჩნევს, რომ კორონავირუსი განსხვავებული ტიპის ციტოკინების სეკრეციას განაპირობებს, რაც ბავშვებში მეტად მწვავე იმუნურ პასუხს არ იწვევს.

შესაძლოა, რომ ბავშვებში კორონავირუსის სპეციფიკური ანტისხეულები არ იწარმოება. ანტისხეულებს ჰუმორული იმუნური სისტემა გამოყოფს. უფროსებში ჰუმორული იმუნური სისტემა პათოგენს „იმახსოვრებს“, შემდეგ კი იგივე პათოგენს მარტივად ამოიცნობს. ამიტომ, ერთი და იგივე დაავადებით ინფიცირების შანსი ხშირად უფრო დაბალია.

სავარაუდოდ, ზრდასრულებს კორონავირუსის ოჯახის სხვა ინფექცია ცხოვრების მანძილზე სხვა დროსაც შეხვედრიათ. შესაბამისად, COVID-19-ით ინფიცირებისას ისინი დიდი რაოდენობით ანტისხეულებს გამოყოფენ. ეს ანტისხეულები კი სხვა კორონავირუსის საპასუხოდ განვითარდნენ, შესაბამისად COVID-19-ისთვის კარგად მორგებულები არ არიან.

„შეუფერებელი ანტისხეულების გამოყოფა ხშირად საზიანოა“, – ამბობს ლონდონის სამეფო კოლეჯის მკვლევარი ვენდი ბარკლი.

იმის გაგება თუ რატომ ინდობს კორონავირუსი ბავშვებს, უბრალო ცნობისმოყვარეობის საგანი არაა.

თუ წამლების და სამკურნალო საშუალებებით რამენაირად ბავშვის იმუნური სისტემის მიმიკა მოვახერხეთ, შესაძლოა, კორონავირუსი ზრდასრულებისთვისაც მსუბუქ ინფექციად ვაქციოთ -ამბობს ივასაკი.

 

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ბავშვებს ნაკლებად აზიანებს. ინფექციის შემთხვევაში ისინი, შესაძლოა, ისეთივე გადამტანები იყვნენ, როგორც ზრდასრულები. ამიტომ მაინც სიფრთხილე გვმართებს.

სწორედ ამიტომ „სკოლების დახურვა კარგი პრევენციული ზომაა“, – ამბობს ივასაკი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X