23:23 | 2021-07-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რატომ დააპატიმრეს რუსეთში ქართველი დეპუტატი ქალი – ქეთევან ხარაიძემ შიმშილობა დაიწყო

რატომ დააპატიმრეს რუსეთში ქართველი დეპუტატი ქალი – ქეთევან ხარაიძემ შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფი ქართველი ქალი – მოსკოვის ტვერის რაიონის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დეპუტატი ქეთევან ხარაიძე თვეზე მეტია, ციხეში იმყოფება. მას გამოძიება თაღლითობას ედავება.

 


ქეთევან ხარაიძე პარტია „იაბლოკოს“ წევრია და ის სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობასაც აპირებდა… ის წაყანებულ ბრალს არ აღიარებს, თავს უდანაშაულოდ აცხადებს და ამის გამო შიმშილობდა კიდეც. ამის შესახებ ადგილობრივ ჟურნალისტებს მისი ადვოკატი ევგენია გრიგორიევა ესაუბრა.

 

ქეთევან ხარაიძის დაკავებისა და გამოძიების დეტალებზე რუსული გამოცემა წერს. 

 

მოსკოვში მცხოვრები ქართველი დეპუტატის საქმე 

 

ქეთევან ხარაიძე 18 ივნისს, ღამით დააკავეს. მანამდე მის სახლში ჩხრეკა მოაწყვეს. დეპუტატს ჩამოართვეს ტელეფონი, კომპიუტერი და პალტოს ჯიბიდან ამოღებული ათი ათასი რუსული რუბლი. ადვოკატი ამბობს, რომ 5000-რუბლიანი 2 კუპიურა დანიშნული იყო და საიდან აღმოჩნდა ქეთევან ხარაიძის ზამთრის პალტოს ჯიბეში, ამ უკანასკნელმა არ იცის.

 

ხარაიძე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება ასე აფასებს დეპუტატის მცდელობას, ხელი შეუშალოს მოსკოვის ცენტრში მდებარე ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციის დაწყებას.

 

ხარაიძის მტკიცებით, სახლი დარღვევებით აშენდა და რაიონის საკანალიზაციო სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. საქმე ისაა, რომ ახალაშენებული ელიტური სახლის მშენებელს უნდოდა მისი კანალიზაციის სისტემა უკვე არსებული შენობების საკანალიზაციო სისტემისთვის მიეერთებინა და ახალი არ აეშენებინა, რასაც ფადეევის N6-ში მდებარე სახლის მცხოვრებლები ეწინააღმდეგებოდნენ და მათ ავანგარდში იყო ქეთი ხარაიძე, რომელიც მრავალრიცხოვანი საჩივრით ცდილობდა, არ დაეშვა დარღვევები.

 

 

ბოლო თვეებში ქეთევან ხარაიძე წარმატებით იცავდა მოსკოვის ტვერის რაიონის მცხოვრებთა უფლებებს, რომელთა ხელყოფასაც ელიტური ვილების მშენებლები ცდილობდნენ. დეპუტატი მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებას სწორედ ამას უკავშირებს.

 

ქეთევან ხარაიძეს 19 ივნისს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. თავად დეპუტატი ბრალდებას უარყოფს. მან ამის გამო შიმშილობა გამოაცხადა კიდეც.

 

ქეთევან ხარაიძის ადვოკატი აცხადებს, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში სასმელ წყალს არ აძლევდნენ, მხოლოდ მდუღარე წყალი მიჰქონდათ, თუმცა შიმშილობის დროს მდუღარე წყლის დალევა არ შეიძლება, რადგან ის ორგანიზმიდან რეცხავს მინერალურ მარილებს და არა მარტო სასარგებლო არ არის, არამედ მავნებელია ორგანიზმისთვის.

 

პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენელი ქეთევან ხარაიძე მოსკოვის ტვერის რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატია. საკუთარი ფეისბუკის გვერდზე იგი ხშირად საუბრობს რაიონის კეთილმოწყობის პრობლემატიკაზე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!