
„რუსთავი 2″-ის ეთერში გუშინ ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა დაიწყო, რომელიც ეთერში ყოველ პარასკევს საღამოს ათ საათზე გავა.
ამის შესახებ ექსკლუზიური ინფორმაცია, პირველად სწორედ „პრაიმ ტაიმმა” გაავრცელა.
ამ დროს „რუსთავი 2″-ის საინფორმაციო ეთერი შევსებული იყო და ეთერში „ნიკა არაბიძის შოუ” გადიოდა.
არაბიძის გადაცემა ეთერში გუშინ არ გავიდა, შესაბამისად გაჩნდა ვერსია, რომ „რუსთავი 2″-მა იუმორისტული შოუ დახურა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრაიმტაიმი” „რუსთავი 2″-ის დირექტორს პაატა სალიას დაუკავშირდა.
– გადავწყვიტეთ პარასკევს პოლიტიკური შინაარსის გადაცემა გავიდეს ეთერში, რომელსაც ირაკლი იმნაიშვილი წაიყვანს. ნიკა არაბიძის შოუ კი ყოველ ოთხშაბათს 10 საათზე გავა, ასე გადავგეგმეთ ჩვენი სატელევიზიო ბადე.
პაატა სალიასთან საუბრის შემდეგ, „პრაიმ ტაიმი” იუმორისტსაც დაუკავშირდა.
– პოლიტიკურად დაძაბული წელია, არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური გადაცემები კიდევ მომრავლდება ახლა ეთერში. ჩემი გადაცემა კი შეცვლილი დროით გავა ეთერში.
შეგახსენებთ, ნიკა არაბიძე საკუთარი შოუს წამყვანი „რუსთავი 2″-ზე ზაფხულში გახდა, როდესაც ვანო ჯავახიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, არხი დატოვა და ახლადშექმნილ „მთავარ არხზე” გადავიდა.