17:31 | 2021-06-08 ავტორი: ზურა დვალაშვილი

რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი – რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე

რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი – რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე

2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა. პოლიტიკური სცენიდან გაუჩინარდა და რამდენიმე ხნით შეიძლება ითქვას დედაქალაქსაც გაერიდა.

 

მმართველი გუნდის ყოფილ ლიდერს ხან სამეგრელოში, ბათუმსა და გურიაში ხედავდნენ, თუმცა უკომენტაროდ…

 

რამდენიმე კვირის წინ კი სოციალურ ქსელში თანამდებობიდან ნებით წასული გიორგი გახარიას ახალი პარტიის სახელი ვირუსულად გავრცელდა და პრეზენტაციამაც არ დააყოვნა.

 

გახარია პარტიის პრეზენტაციისას აცხადებდა, რომ ის დამოუკიდებელ პარტიულ პოლიტიკას „არავის წინააღმდეგ” იწყებს.

 

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ფიქრობს, რომ გახარია „ქართული ოცნების” სატელიტია და ივანიშვილისთვის სატელიტი პარტიის შექმნას ემსახურება.

 

საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში, უფრო მეტიც, ექსპრემიერ გიორგი გახარიას „ქართული ოცნება“ ღალატის ტოლფასად აფასებს და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სახელმწიფო გადატრიალების“ სცენარის თანამონაწილედაც განიხილავს.

 

„ქართული ოცნების“ ლიდერების ბრალდებებს 7 ივნისს შეუერთდა ბიძინა ივანიშვილი. გამოქვეყნებულ წერილში ივანიშვილმა ეჭვები გამოთქვა მისი პოლიტიკაში ახალი გუნდით შემოსვლასთან დაკავშირებით.

 

ივანიშვილი „სახელმწიფო გადატრიალებას“ არ ახსენებს, მაგრამ წერილში ხაზგასმული ეჭვები და შეკითხვები ზუსტად ემთხვევა არგუმენტებს, რომლებსაც „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ შეთქმულების გეგმაზე საუბრისას იშველიებს.

 

ამ საკითხზე ერთი კვირით ადრე „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა. მან დახატა „ხელისუფლების აყირავების“ სცენარი, რომელიც ენმ-ის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნებით უნდა დაგვირგვინებულიყო.

 

გივი მიქანაძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ არ გამოკვეთილა არსებითი პრობლემა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე
2021-06-08გივი მიქანაძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ არ გამოკვეთილა არსებითი პრობლემა, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე

 

„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, გახარია „ქართული ოცნების” ორბიტას ვერ წყდება.

 

„გახარიამ რა უცებ მოახერხა, რომ დაემშვიდებინა ზოგი შეშფოთებული ოპოზიციური ორიენტირის ადამიანი(მედიაში, სოცქსელებში), ასევე უკვე მისით იმედგაცრუებული ნაქოცარი ბიძინისტები…..
განმარტებისთვის: მესამე ძალა ოპოზიციურ ველზე ორნიშნა ახალ მოთამაშეს ნიშნავს. გახარია არც ოპოზიციის ფლანგზეა და არც რაიმენიშნა.
რამდენი ასეთი, კვირანახევრის( ჰა,ჰა თვენახევრის) ფსევდოორიენტირი იყო ამ ქვეყანაში, თუნდაც ბოლო წლებში – ხელისუფლებიდან წასვლა ოპოზიციაში ძლიერად მოსვლას სულაც არ ნიშნავს, ჩვეულებრივ. მით უმეტეს, თუ პატრონის ორბიტას ვერ წყდები.”, – წერს დავით ბერძენიშვილი.

 

„ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოძის თქმით, „გიორგი გახარიას ოპოზიციონერობა ცოტა გაურკვეველი და ბურუსით მოსილია”

 

გახარიას ოპოზიციაში მოკავშირეებიც გამოუჩნდნენ. გიგი უგულავა ამბობს, რომ გახარია „ქართული ოცნების” „მტერია” ამიტომ ის მასთან პოლიტიკურ ბრძოლას არ აპირებს.

 

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გახარიასთან დაკავშირებით ინფორმაცია გადადგომამდე ადრე მიიღეს, თანაც უკრაინიდან

 

ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისგან და მას, გიორგი გახარიას, 17 თებერვალს ეს ინფორმაცია არ გავანდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ეჭვი გაჩნდა.

 

7-თვიანი ბოიკოტის დასასრული და „კომფორტის ზონის“ დარღვევის დასაწყისი პარლამენტში - ოპოზიციის გეგმები
2021-06-087-თვიანი ბოიკოტის დასასრული და „კომფორტის ზონის“ დარღვევის დასაწყისი პარლამენტში - ოპოზიციის გეგმები

 

ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას.

 

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას შეძლებდნენ ისინი და ააყირავებდნენ მართლა ხელისუფლებას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნებოდა რეაგირება, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ამ ყველაფერს თუ ავიღებთ ერთად, ბუნებრივია, რთულ მდგომარეობაში ჩააყენებდა ეს ყველაფერი მმართველ პარტიას, მითუმეტეს, იმ ფონზე, თუ 19 თებერვალს სააკაშვილის ამ მცდელობასთან და შემოსვლასთან ერთად პრემიერი, დამატებით, გადადგებოდა. საკმაოდ სახიფათო ჯაჭვი იქმნება მმართველი პარტიისთვის,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

შეძლო თუ არა გახარიამ ან ივანიშვილის წერილმა არსებული პოლიტიკური ჭორები გაეფანტა, ჩვენ ამის შესახებ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

 

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილისთვის მსგავსი პოლიტიკური თამაშები დამახასიათებელი არაა და პოზიცია, რომელიც თავის წერილში დააფიქსირა რეალურია.

 

გია ხუხაშვილის თქმით, გახარიას პარტიაში გადატრიალებას უწობდნენ. მიზანი იყო, რომ ნიკა მელიას დაკავებით მისი სახელი საბოლოოდ გაესვარათ, თუმცა გახარია მათ ამ გეგმას მიუხვდა და მოქმედება დაასწრო.

 

„სრულიად აშკარაა, რომ ის არ არის ივანიშვილის პროექტი. გამომდინარე იქიდან, რომ მისი გზავნილები ძალიან ჰგავს ქართული ოცნების გზავნილებს, ასეთი ეჭვები ჩნდება განსაკუთრებით ოპოზიციაში, მაგრამ მე ვიცნობ ივანიშვილს და მის გუშინდელ განცხადებაში რაც იყო ნათქვამი ამასთან დაკავშირებით, მე შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი გამოცდილებით, ის, რომ თავისი პარტიის რაღაც ალტერნატივა შექმნას, ასეთი თამაშები მისთვის არაა დამახასიათებელი.

 

ხვალ, როდესაც “ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, საბოლოოდ დამთავრება ყველანაირი სპეკულაცია არჩევნების გაყალებებასთან დაკავშირებით - სოზარ სუბარი
2021-06-07ხვალ, როდესაც “ნაცმოძრაობა“ პარლამენტში შემოვა, საბოლოოდ დამთავრება ყველანაირი სპეკულაცია არჩევნების გაყალებებასთან დაკავშირებით - სოზარ სუბარი

 

გახარიამ რაც თქვა, ის მიზეზი აბსოლუტურად რეალურია, აშკარად, მას უწყობდნენ გადატრიალებას, გეგმა იყო ასეთი, მას უნდა ჩაეტარებინა სპეცოპერაცია და ამას უნდა გადაყოლოდა და საბოლოოდ გაფუჭებული გახარია მოეშორებინათ ამ ფორმით. ის მიხვდა, რომ ხაფანგში იყო და დასწრებაზე ითამაშა. ის მაინც განწირული იყო გადაყენებისთვის, ეს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ ბოლომდე გაეფუჭებინათ. მისი ხელით ჩაეტარებინათ სპეცოპერაცია და მერე გადაეგდოთ, ამის მერე გახარია ხმას ვერ ამოიღებდა ცხოვრებაში და საბოლოოდ გაფუჭებული იქნებოდა. გახარია მიუხვდა ამ გეგმას და დაასწრო და შესაბამისად აბსოლუტურად გასაგებია რაც მოხდა.”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ გახარიამ უნდა შექმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც გამიჯნული იქნება როგორც „ქართული ოცნებისგან” ასევე „ნაციონალური მოძრაობისგან” და თუ ამ პირობებში ის „ორმაგი ცეცხლის ქვეშ” ყოფნას გაუძლებს, მაშინ მას პოლიტიკაში სერიოზული პერსპექტივა აქვს.

 

„ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე, ეს ცენტრი უნდა იყოს გამიჯნული როგორც არსებული ხელისუფლებიდან, ასევე არსებული ოპოზიციიდან. რაღაც ალტერნატიული იდეა უნდა შემოიტანოს ქართულ პოლიტიკაში, ეს არის კარგი სასტარტო პირობები. მძიმე, რა თქმა უნდა, ძალიან სარისკო, ვნახოთ, ორმაგი ცეცხლის ქვეშ ყოფნას თუ გაუძლებს. თუ გაუძლებს მას აქვს სერიოზული პერსპექტივა, თუ ვერა და ჩვენ არაერთი გვინახავს პოლიტიკაში შემოსული და უდროოდ წასული”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

 

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „პრაიმ ტაიმთან” საუბრისას აცხადებს, რომ გახარიას მიმართ „ქართული ოცნებისა” და ასევე ოპოზიციის მიდგომა სრულიად გასაგებია, რადგან მას შეუძლია „ქართული ოცნების” ხმების წაღება და ასევე მისი პოტენციური ამომრჩეველია 0-დან 5%-მდე პარტიების ამომრჩეველი.

 

მისი თქმით, თუ გახარია „ქართული ოცნებას” ბევრ ხმას წაართმევს, მაშინ მათ 43%-იანი ბარიერი გადალახვა გაუჭირდებათ და შეიძლება რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

 

თუმცა, მისივე თქმით, ივანიშვილმა წერილის გამოქვეყნებით ცდილობს, რომ მერყევი ამომრჩეველი თავისკენ დატოვოს.

 

„სრულიად გასაგებია, როგორც ქართული ოცნების, ისე ოპოზიციის მიდგომა გახარიაზე. გახარია შემოდის პოლიტიკურ მოედანზე და მას აქვს გარკვეული რეიტინგი, მისი ამომრჩეველი არის ოცნების მერყევი ამომრჩეველი და 0-დან 5%-მდე პარტიების ამომრჩეველი. ამ ორი წყაროდან უნდა მიიღოს მან ძირითადი ხმები. ამიტომ, ოპოზიციას, რომ არ უნდა ზედმეტი კონკურენტი სრულიად გასაგებია. ივანიშვილის განცხადება, რომ გახარია რაღაც პროცენტს წაიღებს, მართალია, თუ დიდი იქნა ეს „რაღაც“ მაშინ 43% დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ ქართულ ოცნებას ნამდვილად არ უნდა, რომ გახარია შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე, ივანიშვილის წერილმა, რომ გახარიას ხმები დააკლო ეს აშკარაა. ცდილობს ივანიშვილი, რომ მერყევი ამომრჩეველი თავისკენ დატოვოს.”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირძემ.

 

ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს მრავალსვლიანი კომბინაცია ჰქონდეს მოფიქრებული და ყველაფერი ნათელი გახდება, როცა გაირკვევა როგორ იმოქმდებს გახარია ადგილობრივ არჩევნებზე. შექმნის თუ არა ის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფრთეხ.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას მოიმოქმედებს გახარია. მარტივად რომ ვთქვათ, გახარიას ძირითადი აქცენტი იქნება პარტიული და პროპორციული ხმების აღება, თუ ძირითადი აქცენტი ექნება მერებზე, გამგებლებზე და მაჟორიტარებზე, ეს იქნება მნიშვნელოვანი. დაპირისპირებით ის არცერთს არ დაუპირისპირდება, მაგრამ ეს ადგილობრივ არჩევნებამდე. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გახარიას პოლიტიკური ძალა გახდება საკმაოდ მკვეთრი. როგორც ერთი ისე, მეორე მიმართულებით. აქედან შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილს აქვს მრავალსვლიანი კომბინაცია. ამ ეტაპზე მიიღოს 43%, ამასთან დააფიქსიროს, რომ გახარია არის ოპოზიცია და არა მისი პროექტი, შესაბამისად არჩევნების შემდეგ გახარიას გააქტიურებით მიიღოს მეორე ძლიერი გუნდი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად 2024-ში შექმნის საპარლამენტო უმრავლესობას. ეს ყველაფერი გამოჩნდება ადგილობრივი არჩევნების პროცესში”, – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

მამუკა არეშიძე ფიქრობს, რომ ივანიშვილს „გახარიას მიმართ უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს”. მისი ინფორმაციით, გახარია ივანიშვილის პროექტი არაა.

 

მისი თქმით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ცენტრისტული და ნაციონალისტური პარტიებისთვის თავისუფალი სივრცეა და მას აქ შეუძლია მონახოს თავისი ნიშა.

 

ემოციურად მძიმე იყო, აფხაზეთ-საქართველოს ომის პერიოდი მომაყოლეს - ქართველი სტუდენტი ოკუპიორებული აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს იხსენებს
2021-06-05ემოციურად მძიმე იყო, აფხაზეთ-საქართველოს ომის პერიოდი მომაყოლეს - ქართველი სტუდენტი ოკუპიორებული აფხაზეთის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდს იხსენებს

 

„მე ვერ ვხედავ, რომ ივანიშვილის პროექტი იყოს, ჯერ ერთი ივანიშვილმა სახალხოდ დაგმო გახარიას საქციელი და უაღრესად უარყოფითად შეაფასა. არ მგონია, რომ ივანიშვილი თვალთმაქცობდეს. გახარიას მიმართ მას უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. ივანიშვილის განცხადების გარდა მაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ არის მისი პროექტი. გახარიას აქვს რეიტინგული რესურსი, რომ მას ჰქონდეს თავისი ნიშა, ჩანს, რომ რადიკალურად გაყოფილია პოლიტიკური სპექტრი ორ ნაწილად. ოპოზიციის მხარე და ხელისუფლება. გავიხსენოთ, პრაქტიკულად ყველაფერი კეთებოდა წლების განმავლობაში, რომ შუა გაკრეფილიყო. ძალიან რთულია ამ შუალედში ფეხის მოკიდება. ფეხის მოკიდება რთულია, მხარეები სიტუაციის რადიკალიზაციას ახდენენ და ამ სურათს ვიღებთ, რომ ერთ მხარეს ხელისუფლებაა და მეორე მხარეს რადიკალური ოპოზიციაა, რომელთანაც მიტმასნილი არიან ისეთი პოლიტიკური ძალები, რომელთა დიდი ნაწილიც არ იზიარებს იდეოლოგიას ამ რადიკალური ოპოზიციის. მაგალითად ლეიბორისტული პარტია აბსოლუტურად განსხვავდება. თუ მემარცხენე იდეოლოგიას მიჰყვება, რადიკალურად განსხვავდება ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიისგან, მაგრამ მაინც ერთად არიან.

 

არსებობს კიდევ აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე. საკმაოდ მოზრდილი სივრცეა ეს. თუ ცივილიზებული ქვეყნების გამოცდილებიდან ვიმსჯელებთ, ეს ის სივრცეა, რომელიც შეიძლება დაიკავოს ცენტრისტულმა და ნაციონალისტურმა ძალებმა. ჯერჯერობით ვერავინ ვერ იკავებს, რადგან რადიკალიზებულია პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ მაინც შეუძლია გახარიას, რომ ნიშა მონახოს. მართალია ძალიან გაუჭირდება იმ ინფორმაციის შემდეგ რაც გაჟღერდა სხვადასხვა წყაროს მიერ, მაგრამ შეეძლება რომ დაიკაოს და მოახერხებს კიდეც, რადგან მას ზოგიერთ რეგიონში საკმაოდ სერიოზული საყრდენი აქვს“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

 

„ამ პარტიის მიმართ უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”, – ასე აფასებს GIPA-ს ასოცირებული პროფესორი, თენგიზ  ფხალაძე გიორგი გახარიას ახალ პოლიტიკურ ძალას.

 

თენგიზ ფხალაძის თქმით, გიორგი გახარია გადაუწყვეტელ და იმედგაცრუებულ ამომრჩეველზე იმუშავებს, თუმცა მან საზოგადოებაში არსებულ კითხვებს უნდა უპასუხობს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი ის მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდეს.

 

„დღეს კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები. კითხვა, თუ რა პლატფორმაზე იქნება და რა შეთავაზებას გააკეთებს საზოგადოებისთვის ახალი პოლიტიკური ძალა, აქვს ძალიან ბევრს. ჯერჯერობით ერთადერთი გზავნილი, რაც ჩვენ მოვისმინეთ ეს არის ის, რომ „არავის წინააღმდეგ”. რაც თავის თავად საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ ამ კითხვებს პასუხი მან თავად უნდა გასცეს. მისგან უნდა მოვისმინოთ ძალიან ბევრ რამეზე პოზიცია.

 

გახარიას პარტია იმუშავებს ე.წ. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს რაღაც სეგმენტი ჩამოყალიბებული ელექტორატის. ის არის „ქართული ოცნების” მუდმივი მხარდამჭერი, „ნაციონალური მოძრაობის” მუდმივი მხარდამჭერი და კიდევ სხვა პოლიტიკური ძალების მუდმივი მხარდამჭერები. მაგრამ დიდი ნაწილი ამომრჩევლების არის ან გადაუწყვეტელი, რომელიც არცერთს არ უჭერდა მხარს, ან პარტიებზე იმედგაცრუებული. გახარიასნაირი პოლიტიკური ფიგურის შემოსვლა, თავისთავად ცხადია, რომ მყარ ელექტორატზე, რომელიც ჰყავს „ქართულ ოცნებას”, „ნაციონალურ მოძრაობას” ან სხვა პოლიტიკურ პარტიას, არ იმუშავებს. ის იმუშავებს გადაუწყვეტელ ან იმედგაცრუებულ ამომრჩეველზე, რომელიც საკმაოდ სერიოზული რაოდენობაა. თავისთავად ცხადია, რამდენად შეძლებს ის მესამე პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებას ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებს ის რაღაც სიახლის შეთავაზებას ამომრჩევლისათვის. ჯერჯერობით ამ პარტიის მიმართ უფრო მეტი კითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.”, – განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

 

 

თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ივანიშვიულის მიერ გამოქვეყნებული წერილი გიორგი გახარიას შესახებ მხოლოდ მისი შეფასება არაა და ეს რეალურად „ქართული ოცნების” კოლექტიური შეფასებაა.

 

„ მე არ მგონია, რომ ეს იყო მარტო ივანიშვილის შეფასება, ეს იყო კოლექტიური შეფასება „ქართული ოცნების”. ნებისმიერ შემთხვევაში ამ პოლიტიკურმა ძალამ გარდა იმისა, რომ გააკეთა პრეზენტაცია უფრო მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას და ამის მიხედვით გამოჩნდება. მათ შორის ამ წერილზე პასუხიც გამოჩნდება. ერთია, როცა ხარ მხარდაჭერილი ლიდერი „ქართულ ოცნებაში” და მეორეა, როცა არა ხარ ქართულ ოცნებაში” და პრემიერ-მინისტრი აღარ ხარ. მხარს არ გიმაგრებს მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილი.”, – ამბობს ფხალაძე.

 

 

ასევე ნახეთ:   პარლამენტში ნიკა სულ სხვა დონის პოლიტიკოსი იქნება – ანზორ მელია

 

ავტორი: ზურა დვალაშვილი


X