fbpx
14:39 | 2021-01-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რატომ აქვს საშობაო ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა და რისთვის ათავსებენ შიგთავსში კვერცხს ორნაწილად

რატომ აქვს საშობაო ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა და რისთვის ათავსებენ შიგთავსში კვერცხს ორნაწილად

ქართულ რელიგიურ დღესასწაულებში გასტრონომიას განსაკუთრებული ადგილი უკავია – ბარბარობის ლობიანი, აღდგომის კვერცხი და პასკა, შობის ღვეზელი და ა.შ.

 

ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში, განსაკუთრებით გურიაში ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის პირველ მთავარ დღესასწაულს საშობაო ღვეზელებით ეგებებიან, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ცხვება.

 

საშობაო ღვეზელის ინგრედიენტები ხაჭაპურის საჭირო პროდუქტებს ზუსტად იმეორებს, თუმცა მხოლოდ ამ დღეს, მხოლოდ შობას, მხოლოდ განკაცებული იესოს მიმართ მადლიერებისა და თაყვანისცემისთვის გურულები ნახევარმთვარის ფორმის ღვეზელს აცხობენ, რომელშიც მთვარის კულტია გადმოტანილი.

 

როგორც ძველად გურიაში იტყოდნენ, მაცხოვრის შობას ციური სხეულების სიძლიერე უნდა შემოეტანა ოჯახში და სწორედ ამიტომ, როცა ღვეზელს აცხობენ, ცდილობენ მთვარის ზუსტად “გადმოხატვას” იმისათვის, რომ ღვეზელი მას მაქსიმალურად დაამსგავსონ, რათა შემდეგ სწორედ მთვარეს უნდა სთხოვონ მათთვის საყვარელი ადამიანების დახმარება.

 

მთვარევ, მთვარევ, გააყოლე შენი სხივები (სახელი) ცხოვრებას, გაუნათე ცხოვრების ბნელი დღეები, როცა გზა დაებნევა. ჩამოუჯექი ფანჯარასთან და შეუდექი მის დარდიან სულს, როცა სევდა მოერევა. გახადე მისი ცხოვრება სასწაულებით სავსე”.

მნიშვნლეოვანია, დიასახლისმა ორად გაყოფილ ცომს თავი კარგად მოუკრას, რათა ღვეზელიდან ეს ლოცვა არ “გამოიპაროს“. მისი ერთ-ერთი შემადგენელი და აუცილებელი ინგრედიენტი მოხარშული და ორად გაყოფილი კვერცხია, რომელიც ხვავის, ბარაქის, ოჯახის სიმტკიცისა და გაუტეხელობის სიმბოლოდ არის გააზრებული.

 

კვერცხს ორად იმიტომ ყოფენ, რომ დააწყვილონ და ოჯახის სრულფასოვნება შობის ჯადოსნურ ღამეს მიანდონ… აი, როცა შობა თენდება, 7 იანვრის დილას, სანამ ღვეზელი გაიჭრება, ოჯახის უფროსი დიასახლისი ჯერ მუცლის ლოცვას ასრულებს.  ოჯახის წევრებს ხელებს ააწევინებს და მუცლის გარშემო ღვეზელებს წრიულად შემოატარებს შემდეგი შელოცვის თანხლებით:

 

,,(სახელი)-ს მუცლის სატკივარი, გულის სატკივარი, თავის სატკივარი აღმა ქარს, დაბლა წყალს, გამფრინვალე ჩიტს, სანამ აგი (ღვეზელზე მოტეხილი ყუა) არ გამეიღოს ცეცხლიდან და არ შეჭამოს, მანამ არაფერი ეტკინოს’’…

 

შემდეგ ღვეზელს ყუას მოატეხავს და ცეცხლში შეაგდებს. ამის შემდეგ, თითოეული დამსწრე თავის სახელზე შელოცვილ ღვეზელს მიირთმევს.

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X