22:42 | 2020-05-14 ავტორი: თამარ გონგაძე

რატი ამაღლობელმა კარანტინი “გაიხსნილა” – ნახეთ, სად წავიდა პოეტი

რატი ამაღლობელმა კარანტინი “გაიხსნილა” – ნახეთ, სად წავიდა პოეტი

პირველი, რაც რატი ამაღლობელმა თბილისის გასასვლელში ბლოკპოსტების გახსნისას გააკეთა, სასრიალოდ წასვლა იყო. ექვსი წელიწადია, რაც პოეტი სათხილამურო ალპინიზმითაა გატაცებული.

 

რატი სამი დღის წინ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბიდარაზე იმყოფებოდა, ზღვის დონიდან 3174, 3 მეტრზე. წუხს, რომ ჩვენს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობით ძალიან ცოტა ადამიანია გატაცებული.

 

რატი ამაღლობელი: – ყველაზე მეტად ამ კარანტინის დროს, რაც მენატრებოდა თხილამურებით სრიალი იყო. გული ვერ ვიჯერე, ორი დღით გახლდით.

 

სკიტური სპეციალური თხილამურია და ადიხარ მთაზე, აღმასვლა შესაძლებელია. იქიდან ისეთ მთაზე გადადიხარ, საიდანაც შეიძლება დაეშვა თხილამურით.

 

ამას შეიძლება სათხილამურო ალპინიზმი დავარქვათ. საქართველოში ბოლო ექვსი წელიწადია განვითარდა და ასე თუ ისე, პოპულარული გახდა, მაგალითად, სვანეთში, მესტიაში.

 

George Gotsiridze-ს ფოტო.

 

ევროპაში პოპულარული სპორტია, რომელიც არა მხოლოდ ტურიზმზეა ორიენტირებული ან მარტო დასვენებაზე, არამედ სკიტური არის ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

შენ ირჩევ ადგილს მთაზე, შენი პასუხისმგებლობით, გათვლებით, ცოდნით. ველურ ბუნებაში ხარ, ხარჯავ ენერგიას… მიხარია, რომ ჩვენთანაც ნელ-ნელა პოპულარული ხდება სკიტური.

 

ახლა ჯერ კიდევ არის სკიტურის პერიოდი, მაღალ მწვერვალებზე ივნისის პირველ ორ კვირას არის თოვლი.

 

ავსტრიაში, საფრანგეთში, იტალიაში ახალგაზრდების დიდი ნაწილი ალპებშია და სრიალებს.

 

მე იმაზე ვწუხვარ, რომ ჩვენ ბუნება გვაქვს და ძალიან ცოტა ადამიანია სპორტის ამ სახეობით გატაცებული.

 

მთაში სოციალური დისტანცია, გინდა არ გინდა დაცულია, 4-5 მეტრი დაშორებული ხარ სხვისგან.

 

იქ უსაფრთხოების დაცვისთვის ხდება ასე. ზვავი რომ არ მოწყდეს, გარკვეული მანძილით უნდა იყო დაშორებული შენს მეწყვილესთან.

 

ყველა მხრივ უსაფრთხოა – სუფთა ჰაერზე ხარ, ჯანსაღ სივრცეში. იმუნიტეტისთვისაც შესანიშნავია.

 

George Gotsiridze-ს ფოტო.

 

რამე პრეისტორია ხომ არ უძღვის წინ თქვენი სათხილამურო ალპინიზმით დაინტერესებას?

 

– მუხლის ტკივილი. საოპერაციო მაქვს. ბარე ალპინიზმი ძალიანაც მხიბლავს, მაგრამ… აღმასვლა პრობლემა არ არის, მაგრამ ფეხით ჩამოსვლის დროს, მუხლი ვერ მიძლებს. ამიტომ თხილამურით იოლად ჩამოვდივარ (იცინის). ძალიან ტექნიკური მიზეზით გადავედი ამ სპორტზე.

 

– შვილები დაგყავთ სასრიალოდ?

 

– უფროსი ერთი-ორჯერ მყავდა, 16 წლის გახდა. შემდეგი სეზონიდან ხშირად წავიყვან და ერთად დავეშვებით.

 

Sandro Nozadze-ს ფოტო.

 

წერის თვალსაზრისით რამდენად ნაყოფიერად გამოიყენეთ კარანტინი?

 

– რაღაცები დავწერე, მაგრამ მაინცდამაინც პროდუქტიული არ ვყოფილვარ იმ დროისა და კონტექსტისთვის, რაშიც ვიყავით.

 

ყველა ფიქრობდა, ამას გავაკეთებ, იმას მოვასწრებო, მაგრამ ჩვეულებრივ დროში, როცა რუტინაა და სამსახურებში ჩაფლულებს, ლიტერატურა არ ახსოვთ, დროს რომ ლიტერატურისთვის იპარავ, ამას თავისი ხიბლი აქვს.

 

მაგრამ როცა “ცარიელი დრო” გაქვს და სხვა გზა არ არის, რომ მარტო წიგნი უნდა იკითხო ან უნდა წერო, მაშინ ვერ წერ, გემოს კარგავს.

 

წერა არჩევანია. როდესაც არჩევანი არ გაქვს და უნდა წერო, მაშინ ეს ნერვებს გიშლის.

 

– ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობდით ამ დროს?

 

– ისეთზე არაფერზე, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. პოსტ აპოკალიპტურ სამყაროზე, ადამიანი როგორია – მასში სინდისია წამყვანი, თუ თვითგადარჩენის ინსტიქტი, ადამიანურ ზნეობას, მორალს, სინდისს რამხელა წილი აქვს. ეს არის თემები, რომელიც კრიზისული და ამავდროულად ზოგადსაკაცობრიოა.

 

– რას დაგვილექავს?

 

– ახალ საფეხურზე გადაგვიყვანს. იმედია, გამოცდილებად იქცევა და ისევ რუტინა არ ჩაგვყლაპავს. უნდა მივხვდეთ, რომ გადარჩენა შიშში და რაღაცების დაგროვებაში არ არის.

 

რამდენი რამ უნდა დააგროვო? არც სიმდიდრეშია გადარჩენა. პირველადი, ბაზისური რაღაცები აბსოლუტურად სხვაგან არის, ვიდრე ჩვენ ეს გვეგონა.

 

ყველას თვისი გამოცდილება აქვს. ჩემი გამოცდილებით, რაც ამ პერიოდში ყველაზე მეტად დამაკლდა ადამიანური ურთიერთობებია. ადამაინები დამაკლდა. ამას ვერაფერ ვერ ანაცვლებს, ვერც ინტერნეტი. კარგია, რომ ურთიერთობის ეს ფორმა გვაქვს (ინტერნეტი), მაგრამ ეს საშუალებაა და არა მიზანი. ინტერნეტი – ერთ-ერთი შესაძლებლობა, ვერ იქნება მიზანი.

 

ჩვენ გვქონდა პაუზა იმისთვის, რომ დავფიქრებულიყავით, რომ დავბალანსდეთ. ჩვენი განვითარების რიტმი უნდა იყოს არა რადიკალური და ცალსახა, არამედ დაბალანსებული და ჰარმონიული. იყოს ტექნიკური პროგრესი, ოღონდ ის ჰარმონიულად იყოს შერწყმული საზოგადოებასთან, ეკოსისტემასთან, სოციუმთან…

 

რაღაცებში წინ გავიჭერით, მაგრამ კრიზისებმა უკან დაგვაბრუნეს. ისე უნდა განვვითარდეთ, რომ რაღაცებს კი არ გადავახტეთ, არამედ წინ ეტაპობრივად და რიტმულად წავიდეთ.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე


X