fbpx
00:16 | 2020-11-01 ავტორი: თამარ ბუჩუკური

რას წერდა კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო გარდაცვალებამდე და სად უნდოდა დაბრუნება

რას წერდა კოვიდინფიცირებული 15 წლის გოგო გარდაცვალებამდე და სად უნდოდა დაბრუნება

“სიტყვები უძლურია იმ მწუხარების გამოსახატად, რასაც თითოეული ჩვენგანი განიცდის. ჩვენი ღიმილიანი, სიცოცხლით სავსე და მშვიდი გოგო წავიდა და დაგვიტოვა უსასრულო სევდა…” – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტთა სკოლის ხელმძღვანელი ია დოლიძე Covid-19-ით გარდაცვლილ 15 წლის მოსწავლეს.

 

ქეთი კობერიძეს მასწავლებელთან მანამდე ჰქონდა მიმოწერა, სანამ დამძიმდებოდა და კომაში ჩავარდებოდა. როგორც ჩანს, გოგონა ჟურნალისტთა სკოლაში დაბრუნებას ელოდა…

 

“როგორი იმედი გვქონდა, ალბათ ათასჯერ მაინც წავიკითხე ჩვენი მიმოწერა. ჩემი საუკეთესო და გამორჩეულად საყვარელი მოსწავლე…” – წერს ია დოლიძე. 

 

“პრაიმტაიმი” ჟურნალისტთა სკოლა “Prime TV”-ის დამფუძნებელს ესაუბრა.

 

როგორც ის ამბობს, ქეთი კობერიძე განსაკუთრებულად კარგი მოსწავლე იყო და მასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. “Prime TV”-ში ერთ წელზე მეტ ხანს დადიოდა და ჟურნალისტის პროფესიას ეუფლებოდა.

 

ია დოლიძისთვის მასზე წარსულში საუბარი საკმაოდ რთულია, ამბობს, რომ კლინიკაში ყოფნის დროს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხშირად კითხულობდა…

 

“ერთ წელზე მეტია, რაც ქეთი ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის “Prime TV”-ში ჟურნალისტიკას სწავლობდა. განსაკუთრებულად ნიჭიერი და კარგი ბავშვი იყო. ის ყველას ძალიან დაგვაკლდა, მისი ჯგუფელები საშინლად განიცდიან.

 

მისი მდგომარეობით ხშირად ვინტერესდებოდი. ბოლოს ვიცოდი, რომ შედარებით უკეთ იყო, თუმცა მოულოდნელად გართულდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე საშინლად დასრულდა…

 

გული ძალიან მტკივა, რთულია მასზე წარსულ დროში საუბარი… არასოდეს უთქვამს, რომ რაიმე აწუხებდა, დაავადება რომ ჰქონოდა, მეცოდინებოდა. სავარაუდოდ, Covi-19 გართულდა და ამან გამოიწვია ჩვენი გოგოს დაღუპვა.

 

ძალიან მინდა, ყველა თავს გაუფრთხილდეს, რათა მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები თავიდან ავიცილოთ. ვისაც არ სჯერა და ვისაც სჯერა ამ საშინელი ვირუსის არსებობის, ყველამ დავიცვათ დადგენილი წესები და უბრალოდ ერთმანეთის სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ” – ამბობს ია დოლიძე.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X