00:05 | 2020-03-28 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას

რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს მისი გამოცხადებისას

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მარნეულისა და ბოლნისის რეგიონები მკაცრი კარანტინის პირობებშია. ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 83 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 14 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4641, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 239 პაციენტი იმყოფება.

 

სპეციალისტები შემთხვევების მკვეთრ მატებაზე საუბრობენ და ამავდროულად, ახლოვდება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მასშტაბით, ბევრი ადამიანი თავს ერთად მოიყრის.

 

როგორც ჩანს, ამ დროს ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ხალხს საფლავებზე გასვლა აუკრძალოს და შესაბამისად, აღდგომის მოახლოებასთან ერთად უფრო და უფრო ინტენსიური განხილვის საგანი გახდა საყოველთაო კარანტინის შესაძლო გამოცხადება.

 

რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი და რა წესები მოქმედებს ასეთ დროს – ამაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ იურისტ ლევან ალაფიშვილს დაუკავშირდა.

 

– რას ნიშნავს საყოველთაო კარანტინი?

 

„ეს ნიშნავს საგანგებო მდგომარეობაში შემოღებულ განსაკუთრებულ რეჟიმს, როდესაც ყველას ტოტალურად, მიუხედავად მდებარეობისა თუ სხვა რაიმე ნიშნისა, საცხოვრებელი ადგილი იქნება, თუ სხვა რაიმე სტატუსი, უწესდება შეზღუდვები გადაადგილებაში და როგორც წესი, ეს დაკავშირებულია მის საცხოვრებელ ადგილში ყოფნასთან. ანუ, სისხლის სამართლებრივი ენას რომ შევადაროთ, ეს არის შინაპატიმრობა, ოღონდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, როდესაც სახლის დატოვება სპეციალურ ნებართვას, ან რეგულირებას ექვემდებარება. ეს შეიძლება იყოს დროის (დაწესდება ვადა), ან კონკრეტული მიზნით ინფორმირებით და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ არჩეული საცხოვრებელი ადგილიდან გადაადგილება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

 

როდესაც გადაწყვეტილების მიმღები აწესებს კარანტინს, იგი განსაზღვრავს ამის პირობებს. მაგალითად, მარნეულის მოსახლეობას შეზღუდული აქვს საცხოვრებელი ადგილის დატოვების უფლება კონკრეტული მიზნის გარეშე. როგორ სრულდება, ამაზე ნუ ვიმსჯელებთ. საყოველთაოს შემთხვევაში როგორ გადაწყვეტს მთავრობა, ზუსტად ვერ ვიტყვით. მართალია, გადაადგილება იზღუდება, თუმცა მოქალაქეს საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება აქვს.

 

– საჭიროა დღეს საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადება?

 

„ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. საყოველთაო კარანტინის შემოღება დამოკიდებულია ჩვენზე, ჩვენს ქცევაზე. თუ ეს ვერ გავიცნობიერეთ და სადაც მოგვესურვება ვიარეთ, აუცილებელი გახდება. ტუკი ნათესავ-მეგობრებში, რეგიონებში, სარეკრეაციო ზონებში ვიარეთ და ეს დრო ასე გამოვიყენეთ და ასე წარმოვიდგინეთ ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ჩვენთან მოქმედებს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ჩვენვე განვაპირობებთ, რომ საკუთარ თავს შეზღუდვები დავუწესოთ. სამოქალაქო კულტურა და შეგნება გადამწყვეტია.“

 

– ხომ არ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა საყოველთაო კარანტინი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოცხადდეს?

 

„არათუ სააღდგომოდ, შეიძლება ამის საჭიროება ხვალვე დადგეს. ტოტალური კარანტინი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულია და დღეს უკვე ვხედავთ, რომ მოქალაქეები თავისუფლად დადიან ქუჩებში.

 

იგივე ლისის ტბის შემთხვევა. ეს არის სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნების. ჩვენი ამდაგვარი ქცევით შესაძლოა, მთავრობას მივცეთ ლეგიტიმაცია, რომ დღეიდან 1 კვირის თავზე გამოაცხადონ: არაფერი გვეშველება, თუ არ დავრჩებით სახლშიო“ და გარეთ ჯარი არ ჩააყენა. ხალხი თვეობითაა სახლში და სიკვდილს ებრძვის, მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე ხომ არ არის საუბარი.“

 

– ტოტალური კარანტინის შემთხვევაში, ვინ გააკონტროლებს წესრიგს?

 

ამ შემთხვევაში მხოლოდ ჯარი და პოლიცია საკმარისი არ იქნება. 3 მილიონი ადამიანი უნდა იყოს სახლში და ამის მეთვალყურეობა უნდა განხორციელდეს. ბუნებრივია, ამისი მრავალრიცხოვანი რესურსი არის მხოლოდ ძალოვნები. შესაძლოა, საკმარისიც არ იყოს და შემოსავლების სამსახური ან შსს-ს სხვა დანაყოფებიც კი გამოიყენონ.

 

– იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, როგორ იმუშავებს მედია?

 

მედია არ შეიზღუდება. დეკრეტში, რაც დღევანდელი მოცემულობითაა, პრაქტიკულად, ყველა ის მუხლი შეიზღუდა, რომელიც ამას ექვემდებარება. ასეთი სულ 7 მუხლია, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება შეზღუდული არ არის. მედიის საქმიანობა სხვა უფლებებთანაცაა დაკავშირებული. დეკრეტით შეზღუდული არ არის ინფორმაციის მიღება, გავრცელება, თავისუფლად მოსაზრების გავრცელება.

 

რთულია ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, იქონიებს გავლენას. შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ფორმალურად თქვენ კონსტიტუციური უფლება შეზღუდული არ გქონდეთ, მაგრამ დანარჩენი ყველა უფლება იმ ინტენსივობით გქონდეთ შეზღუდული, რომ პრაქტიკულად ვერ შეძლოთ საქმიანობა.“

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები