fbpx
15:58 | 2020-05-12 ავტორი: Prime Time

რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! – არჩევნები 2020

რას ითვალისწინებს რეალურად 8 მარტის შეთანხმება?! – არჩევნები 2020

2020 წლის 8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების შუამავლობით არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა.

 

120/30-ზე

 

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი სულ 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული მანდატით დაკომპლექტდება.

 

საარჩევნო ოლქები

 

დედაქალაქს 8 მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება, დანარჩენი 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი კი ქვეყნის მასშტაბით დანაწილდება.

 

მინიმალური ბარიერი

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მინიმალური ბარიერი 1% უნდა იყოს.

 

საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით, ანუ თუ პირობითად საარჩევნო ბლოკში წარმოდგენილი იქნება 5 პარტია, ამ ბლოკისთვის ბარიერი განისაზღვრება 5%-ით.

 

ხოლო გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე.

 

ჩამკეტი მექანიზმი

 

ცვლილებების თანახმად, იმოქმედებს 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.

 

თუ პარტია 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, ის უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს.

 

აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია, ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

 

მთავრობის დამოუკიდებლად შესაქმნელად პოლიტიკურ ძალას დასჭირდება, როგორც საერთო ხმების 40%-ზე მეტის მიღება, ისე მაჟორიტარული ოლქების შესაბამისი პროპორციით, მოგება.

 

ვინც 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს ეს მექანიზმი პრაქტიკულ და თეორიულ შანსს სპობს იმისათვის, რომ მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს.

 

  • მაგალითად, 40.54%-ის მიღების შემთხვევაში, უმრავლესობის დასაკომპლექტებლად, პროპორციულიდან მიღებული 48 მანდატია საჭირო, ხოლო მაჟორიტარულიდან მინიმუმ 28 მანდატი.

 

  • თუ პარტიამ 40% აიღო და ყველა, 30-ვე მაჟორიტარული ოლქი მოიგო, 75 მანდატზე მეტი ვერ ექნება – ანუ ნახევარზე მეტი ვერ ექნება და ერთპარტიულ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

 

  • თუ მაჟორიტარული ოლქების შედეგით, პარტია ზედა ზღვარს სცდება, ის ზედმეტ მანდატებს იკლებს, პროპორციული მანდატებიდან. თუ პარტიამ მიიღო 38% და 30 მაჟორიტარული ოლქი, პროპორციულიდან დაემატება 41 (ნაცვლად 45-ისა) და სულ ექნება 71 მანდატი.

 

რიგგარეშე არჩევნები

 

თუ 2024 წლამდე დღის წესრიგში დადგა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი, იმოქმედებს წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონპროექტით დადგენილი დროებითი საარჩევნო სისტემა, ანუ 120/30-ზე სისტემა.

 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების აღნიშნული წესით ჩასატარებლად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაა საჭირო. შეთანხმება, რომელიც 8 მარტს შედგა ორპუნქტიანია.

 

პირველი – ურთიერთგაგების მემორადუმი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ.

 

მეორე – მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვა, რომელიც შეთანხმების დადების დღიდან, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დავის საგანია.

 

იხილეთ, რაზე დავობს ოპოზიცია და მმართველი გუნდი

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X