fbpx
12:35 | 2020-10-08 ავტორი: Prime Time

რას ამბობდა დავით გარეჯის წინამძღვარი გასულ წელს ივერი მელაშვილზე

რას ამბობდა დავით გარეჯის წინამძღვარი გასულ წელს ივერი მელაშვილზე

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

 

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვს ბრალს დღეს წარუდგენენ. ადვოკატის განცხადებით, მელაშვილი ბრალს არ აღიარებს.

 

პრაიმტაიმი გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, რომელიც 2019 წლის აგვისტოში მამა კირიონთან ჩაწერა, რომელმაც მაშინ ივერი მელაშვილი სახელმწიფო დანაშაულში ამხილა.

 

აი, რას ამბობდა არქიმანდრიტი გასულ წელს:

 

2019 წლის აგვისტოში საქართველო-აზერბაიჯანის სადემარკაციო კომისიის ვიზიტი დავით გარეჯში უშედეგოდ დასრულდა. ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ დავით გარეჯში მოღვაწე არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) საუბრობს.

უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიის გადაცემის მცდელობა - რა ვიდეოს აქვეყნებს პროკურატურა
2020-10-07უცხო ქვეყნისთვის ტერიტორიის გადაცემის მცდელობა - რა ვიდეოს აქვეყნებს პროკურატურა

 

მისი თქმით, მიუხედავად ვიზიტის უშედეგო დასრულებისა, დამაიმედებელი ისაა, რომ ახლა სადემარკაციო კომისიაში პროფესიონალები მუშაობენ.

 

არქიმანდრიტმა კირიონმა დასძინა, რომ 2018 წლამდე კომისიაში ივერი მელაშვილი იყო ის ადამიანი, რომლის გამოც ორ ქვეყანას შორის აღიარებული სასაზღვრო ხაზი დაირღვა. სასულიერო პირი დავით გარეჯიდან აცხადებს, რომ ივერი მელაშვილმა სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

 

„საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადემარკაციო კომისიის ვიზიტი დავით გარეჯში უშედეგოდ დასრულდა. თუმცა, დამაიმედებელი აქ ისაა, რომ შეიცვალა კომისიის თავმჯომარე, რომელიც მიწათმომწყობი იყო და არა კარტოგრაფი. ამან კომისიის ცვლილება გამოიწვია და ახლა, პატრიოტი და პროფესიონალი ადამიანები მუშაობენ. ამ დრომდე ამ კომისიას ხელმძღვანელობდა ივერი მელაშვილი, რომელიც არაკომპეტენტურია და სახელმწიფოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა.

 

ძალიან მნიშნელოვანია პროფესიონალთა ჩართვა ამ კომისიის საქმიანობაში, რადგან დასამტკიცებლად ამ მუშა ჯგუფის ნამუშევარს ეყრდნობა მთავრობა, პრეზიდენტი, პარლამენტი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ამ დოკუმენტის რატიფიცირება. „ძაღლის თავი“ ყოველთვის პირველ სამუშაო ეტაპშია დამარხული. ივერი მელაშვილი 1996 წლიდან 2018 წლამდე დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო.

 

მეტად გასაგები რომ იყოს ამ ჯგუფის მიერ ხდება სასაზღვრო ხაზის გავლება, ამის შემდეგ პოლიტიკოსების მიერ ხდება შეთანხმება. ზუსტად ამ ნაწილშია ივერი მელაშვილის დანაშაული. მან საზღვრის 66 პროცენტი ისე „გაავლო“, რომ არცერთ მონაცემში არ ემთხვევა იმ ორმხრივ აღიარებულ რუკას, რომლის მიხედვით ჩვენც და აზერბაიჯანულმა მხარემაც ხელი მოვაწერეთ და ვთქვით, რომ ასე გაევლებოდა საზღვარი…

 

მე ერთი უბრალო ბერი ვარ, პირველყოფილივით გამოქვაბულში ვცხოვრობ. რაც შევძელი ისაა, რომ სახელმწიფო აპარატთან მივიტანე სიმართლე. მერე საზოგდოების აქტიურობამ და მედიის ჩართულობამ ამ თემას აქტუალობა არ დაუკარგა.

 

ჩემთვის არ იყო ნორმალური, როცა საგარეო საქმეთა მინისტრმა განმიცხადა, რომ დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენები  მედიიდან გავიგეო. ნორმალურ ქვეყანაში ამ განცხადების შემდეგ ის მინისტრის პოზიციაზე აღარ უნდა ყოფილიყო“,- აცხადებს არქიმანდრიტი კირიონი.

 

მაშინ, „პრაიმტაიმის“ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ივერი მელაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში კი გვითხრეს, რომ მელაშვილს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმების გარეშე საჯარო პასუხის გაცემა არ შეუძლია.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X