fbpx
20:12 | 2020-05-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ორგანოები გადანერგილი აქვს

რამდენი ადამიანია საქართველოში, რომელსაც ორგანოები გადანერგილი აქვს

ტრანსპლანტაცია ანუ გადანერგვა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თემაა. ხშირად მედიკოსები მიერ დასმული დიაგნოზი შოკისმომგვრელია, როცა ამა თუ იმ ორგანოების გადანერგვა საჭირო ხდება.

 

სამწუხაროდ, არსებობს ტრანსპლანტაციის წარუმატებელი შემთხვევები. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვისი ორგანოების გადანერგვით მრავალი წელია ცოცხლობენ და თავს კარგად გრძნობენ.

 

მედიცინის განვითარების დღევანდელი დონე საშუალებას იძლევა, რომ გადაინერგოს თირკმელი, ფილტვი, ღვიძლი, პანკრეასი, გული, ფილტვი, ნაწლავი, რქოვანა, ძვლის ტვინი.

 

დღეისათვის, საქართველოში თირკმლის, რქოვანასა და ძვლის ტვინის გადანერგვა ხდება.

 

ადამიანის ორგანოს ტრანსპლანტაციის ისტორია კი, 1950 წლიდან იწყება. ბოსტონში ქირურგმა მურეიმ და მისმა კოლეგებმა თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩაატარეს.

 

რაც შეეხება საქართველოს, 1977 წელს ქართველმა ექიმებმა, მოსკოველ ქირურგებთან ერთად, გვამური თირკმელი გადანერგეს.

 

სწორედ ამ სტატიით შეიტყობთ საქართველოში რამდენ ადამიანს აქვს გადანერგილი, ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოები.

 

საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია 1997 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანი ქვეყანაში ორგანოთა გადანერგვის ხელშეწყობაა.

 

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დონორობა უფასოა.

 

უფრო მეტი დეტალის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ საქართველოში ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელს, გია თომაძეს ესაუბრა.

საქართველოში ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია

 

„ამ ასოციაციის დამფუძნებელი მე გახლავართ. ჩვენი ასოციაციის დანიშნულებაა ხელი შევუწყოთ საქართველოში ორგანოთა გადანერგვის განვითარებას.

 

 

ჩვენს ასოციაციაში არის საინფორმაციო ბანკი, სადაც აღრიცხვაზე არიან როგორც საქართველოში ნაოპერაციები, ისე საზღვარგარეთ ორგანო გადანერგილი პაციენტები.

 

დღეისათვის საქართველოში არის 105 ღვიძლგადანერგილი პაციენტი, მათგან 58-ს გადანერგვის ოპერაცია საქართველოში გაუკეთდა, დანარჩენებს კი საზღვარგარეთ.

 

გვყავს ასევე თირკმელგადანერგილი პაციენტებიც, რომელთა რიცხვი 330-ს შეადგენს. გარდა ამისა, საქართველოში 7 პაციენტის შემთხვევაში გულის გადანერგვა მოხდა. ყველა მათგანს ოპერაცია მინსკში ჩაუტარდა.

 

რომელი ორგანოების გადანერგვა ხდება საქართველოში?!

 

საქართველოში ნაოპერაციებია მხოლოდ ის პაციენტები, რომელთაც დონორად ჰყავდათ ნათესავები. სამწუხაროდ, ჩვენთან გვამური დონაცია არ დაწყებულა.

 

საერთო ჯამში, ჩვენს საინფორმაციო ბანკში 442 ორგანოგადანერგილი პაციენტია აღრიცხვაზე, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსებით ეძლევათ სპეციალური მედიკამენტი, ე.წ. იმუნო სუპრესანტები იმისათვის, რომ არ მოხდეს გადანერგილი ორგანოს მოცილება.

 

მსოფლიოში ძირითადად ექვსი ორგანო ინერგება, გარდა ღვიძლის, გულისა და თირკმლისა, ასევე ინერგება პანკრეასი, ფილტვი და წვრილი ნაწლავი.

 

გულის, ფილტვისა და წვრილი ნაწლავის დონაცია დაკავშირებულია გვამური დონაციის განვითარებასთან.

 

შესაბამისად, საქართველოში ორგანოების გადანერგვა ხდება ცოცხალი დონორებისგან. მაგალითად ღვიძლის ნაწილის გადანერგვა ხდება, ასევე თირკმელიც ორია და ერთი ინერგება.

 

სხვა ორგანების გადანერგვას საქართველოში ვერ ვაწარმოებთ. აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ საქართველოში 2014 წლიდან დაიწყო ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები და მას ძირითადად უცხოელი ექიმები აწარმოებდნენ.

 

ჩვენდა სასახირულად უნდა ითქვას, რომ გასული წლის აპრილში პირველად განახორციელეს ქართველმა ექიმებმა საქართველოში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია.

 

გულის გადანერგვა ტექნიკურად იმდენად რთული არ არის, რამდენადაც ღვიძლი ცოცხალი დონორიდან.

 

როგორც უკვე მოგახსენეთ, ღვიძლის ნახევარი ინერგება და ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი.

 

შესაბამისად, მიკროსკოპული ჩარევებია საჭირო, რათა პატარა სისხლძარღვები ერთმანეთს მიკერდეს. ასეთი პრობლემა ნაკლებია გვამური დონაციის შემთხვევაში, იქ მთლიანი ორგანო ინერგება და შესაბამისად სისხლძარღვებიც უფრო დიდია და გართულებებიც უფრო ნაკლები.

 

საქართველოში არსებული გამოცდილებით, პირველი ღვიძლის გადანერგვის ოპერაციაში მეც მივიღე მონაწილეობა,. მაშინ 12 საათზე მეტი დრო დაგვჭირდა ღვიძლის გადასანერგად. ოპერაციის ხანგრძლივობა უკვე შემცირდა და 6 საათზე ჩამოვიდა.

 

რელიგია და ტრანსპლანტაცია

 

ასე ცალსახად იმის თქმა, რომ რელიგია ეწინააღმდეგება ტრანსპლანტაციას, არ არის მართალი. ცოცხალი დონორისგან ორგანოს გადანერგვას ეკლესია მხარს უჭერს.

 

აქ ჩვენ პრობლემა გვაქვს სიკვდილის დეფინიციასთან მიმართებაში. როდის ითვლება ადამიანი გარდაცვლილად?! მაშინ როცა სული ტოვებს სხეულს.

 

სული როდის ტოვებს სხეულს, რა არის სულის ადგილსამყოფელი, ამაზე არის კამათი. ზოგიერთი წმინდა მამის მოძღვრების თანახმად, სულის ადგილსამყოფელი არის გონი და თუ გონია, თავის ტვინის სიკვდილის შემთხვევაში სულს აღარ აქვს ადგილსამყოფელი და ადამიანი უნდა ჩაითვალოს რელიგიურადაც გარდაცვლილად.

 

ზოგიერთი სასულიერო პირი კი თვლის, რომ სულის ადგილსამყოფელი არის გული. აქედან გამომდინარე, თუ გული არ გაჩერდა, მანამდე არ ითვლება ადამიანი გარდაცვლილად.

 

ამასთან დაკავშირებით არც სინოდს უმსჯელია, ასე, რომ ერთიანი გადაწყვეტილება ამ საკითხზე არ არის. ჯერჯერობით არც ჩვენ ვცდილობთ სინოდის წინაშე დავაყენოთ ეს საკითხი განსახილველად.“ – ამბობს გია თომაძე.

მსოფლიო სტატისტიკა

 

მსოფლიო სტატისტიკას თუ ავიღებთ, წელიწადში 120 ათასი ახალი ორგანოს გადანერგვა ხდება. მათგან დაახლოებით 68 ათასი არის თირკმელი, 20 ათასი აღვიძლი, დაახლოებით 3-დან 4 ათასამდე არის გული, პანკრეასი და ყველაზე მცირე წილი წვრილ ნაწლავზე მოდის.

 

🧡გაიცანით პირველი ქართველი, რომელსაც გული გადაუნერგეს

🧡გაიცანით პირველი ქართველი, რომელსაც გული გადაუნერგეს

Gepostet von Prime Time am Montag, 11. Mai 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X