fbpx
21:04 | 2020-10-03 ავტორი: Prime Time

რამდენი ადამიანი ითხოვს მეწყერსაშიში ზონიდან გასახლებას – სტატისტიკა და რეალობა მეწყერსაშიში აჭარიდან

რამდენი ადამიანი ითხოვს მეწყერსაშიში ზონიდან გასახლებას – სტატისტიკა და რეალობა მეწყერსაშიში აჭარიდან
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ჯოჭოში დამეწყრილი ტერიტორიის დათვალიერებისას საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრმა ტარიელ ტუსკიამ განაცხადა, რომ ზოგადად აჭარა ეროზიულად აქტიური ზონაა და საქართველოს ყველა რეგიონთან შედარებით, ყველაზე რთული რელიეფი აქვს.
ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მიმართავს გეოლოგიურ სამსახურს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან გასახლებისა თუ გეოლოგიური დასკვნის მოთხოვნით. რამდენი ადამიანი ითხოვს ამ ეტაპზე გასახლებას, რა გზას გადის მათი განცხადება, რომელი მუნიციპალიტეტია ყველაზე რთული და რატომ არ მოხდა ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის საცხოვრებელი ტერიტორიის შესწავლა, ამ საკითხებზე “პრაიმტაიმნიუსი” აჭარის ა/რ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსი მამუკა ფუტკარაძე საუბრობს.
„ამა თუ იმ ტერიტორიის გეოლოგიური შესწავლისთვის მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი თავის მხრივ შუამდგომლობას აყენებს გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიურ სამსახურთან. როცა ჩვენთან შემოდის განცხადება, უახლოეს პერიოდში, მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში შემოსული მიმართვის საფუძველზე ხდება ადგილზე გასვლა, ვიზუალური დათვალიერება, შესწავლა, გამოკვლევა და გეოლოგიური დასკვნისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
მომზადებულ დოკუმენტაციას უკან ვაგზავნით მუნიციპალიტეტში. თუ ჩვენ ვწერთ დასკვნას, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია და იქ ცხოვრება არ არის რეკომენდირებული, შესაბამისი მუნიციპალიტეტები სწრაფ რეაგირებას ახდენენ ამ ფაქტზე. მინდა გითხრათ, რომ ყველა შემოსული განცხადება არ ექვემდებარება გასახლებას. დაახლოებით 90 პროცენტი საჭიროებს პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას.
მაგალითად, 2019 წელს შემოსულია 1924 განცხადება, აქედან 53 ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას. მიმდინარე წლის იანვრიდან 1 ოქტომბრამდე ჩვენთან შემოსულია 1049 მიმართვა. შესაბამისად ყველა მიმართვაზე დავიწყეთ მუშაობა და დღეს უკვე 1000 გეოლოგიური დასკვნა გამზადებულია. აქედან მხოლოდ ათი ოჯახი ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას.
აქედან 95-97 პროცენტი არის საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ექვემდებარება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ჩვენი სამსახური 2009 წლიდან არსებობს, ყველგან დავდივართ, ყველა განცხადებაზე რეაგირებას ვახდენთ და მინდა გითხრათ, ხშირად სახლის მშენებლობის დროს ჩამოჭრილი ფერდობები დროთა განმავლობაში რისკის შემცველი შეიძლება გახდეს.
რომელი მუნიციპალიტეტიდანაა ყველაზე მეტი მომართვა, ასე ვერ ვიტყვით. სხვადასხვანაირადაა. მაგალითად 2019 წელს ხელვაჩაური ლიდერობდა, 2020- ში შუახევი. რაც შეეხება 1 ოქტომბერს ქვედა ჯოჭოში განვითარებულ მოვლენებს, პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ეს არის ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და თითოეული ჩვენგანი.
მინდა მთელი პასუხისმგენლობით გითხრათ, ჩვენთან მაგ ოჯახიდან განცხადება გეოლოგიური შესწავლის შესახებ არ შემოსულა. არის შემთხვევები, როდესაც სოფელში მერის წარმომადგენელი გვიკავშირდება და გვთხოვს, გამოვიკვლიოთ ტერიტორია, როცა სასწრაფოა და განცხადებას არ ველოდებით. არც მსგავსი თხოვნა არ ყოფილა კონკრეტულ შემთხვევაზე. ყველა განცხადების შესასწავლად ვართ ადგილზე გასული, მაგრამ ამ შემთხვევაში მომართვა არ ყოფილა. თავიდან ბოლომდე კიდევ ერთხელ გადავამოწმე ჩვენთან შემოსული განცხადებები და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აღნუშნული ოჯახიდან განცხადება არ შემოსულა.
ჩვენ ზედმიწევნით გულმოდგინედ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რადგან გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია დროული რეაგირება, გეოლოგიური დასკვნის ხარისხიანად და უმოკლეს დროში მომზადება, ვინაიდან საქმე ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ეხება”- განაცხადა მამუკა ფუტკარაძემ.
ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time
X