fbpx
21:08 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

რამაზ სურმანიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

რამაზ სურმანიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბათუმში 87 წლის ასაკში დამსახურებული მწერალი და საზოგადო მოღვაწე, მედიკოსი რამაზ სურმანიძე გარდაიცვალა.

 

პროფესორ რამაზ სურმანიძის მიერ განვლილი ცხოვრება დატვირთული იყო საზოგადოებრივი მოღვაწეობით, სამეცნიერო კვლევა-ძიებითა და შემოქმედებითი მონაგარით. წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამეცნიერო, შემოქმედებით და საორგანიზაციო საქმიანობას: იყო ბათუმის ჯანდაცვის განყოფილების გამგე, აჭარის კურორტების მართვის საბჭოს თავმჯდომარე, ა.რ ჯანდაცვის მინისტრი, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

 

1968 წელს რამაზ სურმანიძემ დაიცვა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, 1999 წელს – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

 

1983 წლიდან პროფესორი რამაზ სურმანიძე გახლავთ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის, 1987 წლიდან – მწერალთა კავშირის წევრი.

 

1991 წელს რამაზ სურმანიძემ დააარსა ბათუმის სამედიცინო–ეკოლოგიური ინსტიტუტი, რომლის რექტორი იყო წლების განმავლობაში.

 

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან
2020-10-09თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში არიან

 

1969–1979 წლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა მედიცინის დების მოსამზადებელ კურსებს, ასწავლიდა სასკოლო ჰიგიენას ასაკობრივი ფიზიოლოგიით. 2003–2008 წლებში მომავალ მედიკოსებს მედიცინის ისტორიას უკითხავდა.

 

1994–2004 წლებში რამაზ სურმანიძე იყო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ასევე იყო აჭარის ჩოხოსან რაინდთა ორგანიზაციის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე.

 

არ ყოფილა საქართველოს, განსაკუთრებით აჭარის, ცხოვრებაში მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც პროფესორი რამაზ სურმანიძე არ გამოხმაურებოდა და ავტორიტეტული სიტყვა არ ეთქვა. მისი სამეცნიერო შრომები, ისტორიულ–გენეალოგიური ნარკვევები, რომანები და მოთხრობები, პუბლიცისტიკა მუდამ ინტერესის საგანია.

 

პროფესორი რამაზ სურმანიძე არჩეულია მედიცინის მეცნიერებათა, სამედიცინო ეკოლოგიისა და ფაზისის აკადემიების ნამდვილ წევრად. იყო საქართველოსა და აჭარის დამსახურებული ექიმი, აბუსერისძე ტბელისა და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიების ლაურეატი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X