17:38 | 2021-10-15 ავტორი: Prime Time

რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო – ბელა ბურძენიძის ,,ოფროუდ’’ თავაგადასავალი

რალი, როგორც ენერგიის უშრეტი წყარო – ბელა ბურძენიძის ,,ოფროუდ’’ თავაგადასავალი

ბელა ბურძენიძე მოყვარული ავტომრბოლელია, რომელიც ქალთა საერთაშორისო რალიზე, წელს, მესამედ ასპარეზობს. შეჯიბრი მათთვის არის, ვისაც ავტომობილი, „ოფროუდი“, წინაღობების გადალახვა,  გზის გაკვლევა და მიუვალი ადგილების „დაპყრობა“ უყვარს. მათ შორის არის ბელაც.

 

ბელა ბურძენიძეს თბილისში საკუთარი სამკერვალო სალონი და რამდენიმე პატარა საცხობი აქვს. ჰყავს 3 შვილი და 2 შვილიშვილი. ავტომობილს, თითქმის, 30 წელია მართავს. ავტომრბოლელობაზე არ ფიქრობდა, სანამ ერთ დღეს ქალთა საერთაშორისო რალიში მონაწილეობა არ შესთავაზეს, რამაც ყველაფერი შეცვალა.

 

„ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ, რაც პირველად გამოვედი რალიზე. დღეს, „ოფროუდიდან“ „ოფროუდამდე“ ვცხოვრობ.“

 

წელს 1500 კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად, სტარტი მონაწილეებმა თბილისიდან აიღეს. ფინიშის ხაზი კი ბათუმშია მონიშნული. გამარჯვებულები ზღვისპირა ქალაქის ბულვარში დასახელდებიან.

 

ამ ღონისძიებას კიდევ ერთი მისია აქვს, ჰუმანიტარული. მონაწილეები მაღალმთიან სოფლებში ჩავლენ და შემწეობამოკლებულ ოჯახებს დატვირთული მანქანებით ესტუმრებიან.

 

პილოტი – ბელა ბურძენიძე, შტურმანი კი ლია კავაჭაძეა. ეკიპაჟს მომზადებაში Toyota Center Tegeta დაეხმარა, სადაც ახალ მანქანასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი დეტალურად შეასწავლეს. 3 თვის განმავლობაში, არაერთი ტესტ-დრაივი მოეწყო განსხვავებულ რელიეფზე თუმცა, კომპანიის ჩართულობა ამით არ სრულდება, მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას ტოიოტა ცენტრი თეგეტა რალის ბოლომდე აპირებს.

 

,,ვფიქრობთ, არ არსებობს ქალისთვის შეუფერებელი პროფესია, საქმიანობა და ჰობი. რეალურად,   სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში ქალები ავტომობილებში  არანაკლებ ერკვევიან, არიან კარგი მძღოლები, წარმატებებს აღწევენ  შეჯიბრებებშიც. მსგავს პროექტებში ქალებს თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება  ეძლევათ –  მხარს ვუჭერთ გენდერულ თანასწორობას და ვფიქრობთ, რომ ქალის ადგილი არის ყველგან, სადაც თავად მოისურვებს“, – ამბობს Toyota Center Tegeta-ს მარკეტინგის მენეჯერი, თეა მანჯავიძე.

 

ბელა გამარჯვებისათვის ემზადება და რთული ლოკაციების დასაძლევადაც მზად არის. თითოეული ადგილი კონკრეტული ქულით, სირთულის მიხედვით ფასდება. ირკვევა, რომ წელს დიდი კონკურენციაა, –  მთელი მსოფლიოდან 40 ეკიპაჟი მონაწილეობს.

 

,,უმეტესობა პროფესიონალია, მე კი ძალიან მოკლე დროში მოვედი აქამდე. პირველად სულ გამოუცდელი ვიყავი, მეორე წელს კი უკვე მესამე ადგილი ავიღე. მეამაყება ჩემი წარმატება. ჩემი შვილები, მეგობრები ამაყობენ ჩემით. ესეც დამატებითი სტიმულია“, – გვიყვება ბელა ბურძენიძე.

 

მისი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართოა. საცხობსა და სამკერვალოს ხომ ფლობს, თბილისში ბავშვთა გასართობი რამდენიმე ცენტრიც მოხატა, ტატუ არტისტია და მოგზაურობა უყვარს, მაგრამ ყველაზე დიდი ენთუზიაზმით რალიზე გვესაუბრება. ამბობს, რომ 2019 წლიდან, როცა შეჯიბრში პირველად მიიღო მონაწილეობა, მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

 

,,იცით, ადრე, მქონია მომენტები,  სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე ვფიქრობდი. თუმცა რაც რალიში ვმონაწილეობ, მთელი საქართველო შემოვიარე, თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე და თავიდან შემიყვარდა ჩემი ქვეყანა. საერთოდ აღარ მინდა არსად წასვლა. თანაც, წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება  რალის გარეშე, ოქტომბერი იწყება თუ არა, სხვა აღარაფერი არსებობს ჩემთვის. ეს არის სრულიად ახალი, განსხვავებული ენერგიის წყარო ჩემს ცხოვრებაში“.

 

ავტორი: Prime Time

X