fbpx
17:54 | 2021-01-07 ავტორი: ამუკა ქორიძე

რა ვიცით 81 წლის ნენსი პელოსზე, რომელიც ტრამპის ღამის კოშმარად იქცა

რა ვიცით 81 წლის ნენსი პელოსზე, რომელიც ტრამპის ღამის კოშმარად იქცა

81 წლის ნენსი პელოსი ამერიკელი პოლიტიკოსია. იგი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 52-ე და პირველი ქალი სპიკერია. იგი თავის საქმიანობას, ჯერ 2007-დან 2011 წლამდე ასრულებდა, შემდეგ კი ხელმეორედ, ამავე პოზიციაზე 2019 წელს დაინიშნა, რომელსაც ამ დრომდე იკავებს.

 

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი, აშშ-ის ისტორიაში ქალი პოლიტიკოსებიდან ყველაზე მაღალ თანამდებობაზე იქამდე იმყოფებოდა, სანამ კამალა ჰარისი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტად არ აირჩიეს.

 

როგორც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი – ნენსი „საპრეზიდენტო მემკვიდრეობის ხაზში“ მეორე ადგილს იკავებს. ანუ, თუ სახელმწიფოს პრეზიდენტს რაიმე შეემთხვა და იგი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, მისი ფუნქციები და უფლება-მოვალეობები, ჯერ ვიცე-პრეზიდენტს, თუ არადა, შემდეგ პალატის სპიკერს (ამ შემთხვევაში – ნენსი პელოსს) გადაეცემა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ნენსი პელოსის ურთიერთობა დიდი ხანია ამერიკულ პოლიტიკურ შუღლად გადაიქცა. ერთი ქვეყნის ორი ლიდერი, ერთმანეთის შესახებ თავიანთ აზრებს, როგორც მედიასაშუალებებთან, ასევე სოციალურ ქსელებშიც, ძალიან ხშირად, ღიად აჩვენებს.

 

ყველაფერი 2019 წელს დაიწყო. პელოსი ყოველწლიური „კავშირის მდგომარეობაზე“ (State of the Union) პრეზიდენტის გამოსვლას იქამდე ისმენდა, სანამ დონალდ ტრამპი განაცხადებდა, რომ პოლიტიკოსებმა შურისძიებაზე უარი უნდა თქვან და თანამშრომლობა უნდა დაიწყონ. სწორედ, ამ დროს, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ფეხზე წამოდგა და ცინიკური გამომეტყველებით პრეზიდენტს ტაში დაუკრა. მომხდართან დაკავშირებით, სოციალური ქსელები „ტაშის ამსახველმა ვიდეო და ფოტომასალებმა მოიცვა.

 

 

თვალშისაცემია ის მომენტიც, როდესაც ნენსიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნა წამოაყენა. მისი თქმით, გამოძიებამ აჩვენა, რომ ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიწვევის სანაცვლოდ, ჯო ბაიდენზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. საბოლოოდ, პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში დონალდ ტრამპი უდანაშაულოდ ცნეს.

 

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კათოლიკური შობის მეორე დილით, აშშ-ის წარმომადგენეთა პალატის სპიკერი, თავის განცხადებაში, Twitter-ზე „გიჟად“ მოიხსენა.

 

„რატომ უნდა იყოს გიჟი ნენსი პელოსი უფლებამოსილი, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი გამოიწვიოს…“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

2020 წლის 4 თებერვალს, სანამ პრეზიდენტი ტრამპი ქვეყნის მდგომარეობის შესახებ State of the Union-ზე სიტყვით გამოდიოდა, მან წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ხელი არ ჩამოართვა. საპასუხოდ, პელოსიმ სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ტრამპის მიმართვის ტექსტი დახია. ამის გამო, თეთრმა სახლმა ნენსი გააკრიტიკა, თუმცა სპიკერმა თავის Twitter-ზე, მაინც დაწერა – „დემოკრატები არასდროს შეწყვეტენ მეგობრობის ხელის გაწვდენას ხალხისათვის სამსახურის შესასრულებლად/მხარდასაჭერად. ვიმუშავებთ სხვებთან, სადაც კი შეგვიძლია, მაგრამ ბოლომდე ვიდგებით იქ, სადაც არ შეგვეძლება“.

 

 

2020 წლის 24 სექტემბერს, პელოსიმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა ტრამპის სიგიჟის შესახებ. „არ მაინტერესებს, თუ რას უწოდებს ხალხს. მან იცის, რომ გიჟია. ეს აშკარაა. გულწრფელად ვამბობ, რომ მე მას ბევრ ყურადღებას არ ვაქცევ. ვფიქრობ, ეს მართლაც სამწუხარო მდგომარეობაა. მასზე არც ვფიქრობ, სიმართლე გითხრათ“ – განაცხადა აშშ-ის წარმომადგენეთა პალატის სპიკერმა.

 

აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ 5 დღის წინ ტრამპის მომხრეებმა ნენსი პელოსის სახლზე ვანდალური აქტი განახორციელეს. ინფორმაციას Today ავრცელებს. წყაროს ცნობით, პალატის სპიკერის ავტოსადგომზე პოლიტიკური შეტყობინებაც იყო დატოვებული – „2K”. შეტყობინება იმ ფულს ეხებოდა, რომლის საზოგადოებისათვის მიცემასაც აშშ-ის მთავრობა აპირებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნენსი პელოსი ამ იდეას ემხრობოდა, 2 000$-ის ხალხისათვის გადაცემის მცდელობა, მაინც ჩაიშალა. ამასთან ერთად, დამნაშავეებმა სახლთან მისასვლელ გზაზე ყალბ, ხელოვნურ სისხლში მოსვრილი ცხოველის (სავარაუდოდ ღორის) თავიც დატოვეს.

 

ხაზგასასმელია ისიც, რომ ტრამპის მხარდამჭერებისგან ეს პირველი თავდასხმა არაა. 2020 წლის 27 მარტს, 27 წლის ტექსასელი მამაკაცი Facebook-ის გვერდზე წერდა, რომ წარმომადგენელთა პალატის – სპიკერი ნენსი პელოსი „სატანისტურ კულტს“ მართავდა. „დაწესებულების [წარმომადგენელთა პალატის] დემოკრატები ნებისმიერი საშუალებით იქნებოდნენ ჩამოშორებუნი. და კი, ეს სიკვდილსაც ნიშნავს“ – წერდა ბრალდებული. ინფორმაციის მიხევდვით, დამნაშავემ იმ სამართალდამცავს, რომელმაც იგი დააკავა უთხრა, რომ იგი ფედერალური მთავრობის ძალაუფლებას არ ცნობდა.

 

აშშ-ში, ამჟამინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცებულ გამარჯვებასა და დონალდ ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმში შეჭრას უკავშირდება, ნენსი პელოსიმ სოციალურ გვერდ Twitter-ზე, განცხადება გამოაქვეყნა – „სენატორი შუმერი და მე მოვუწოდებთ პრეზიდენტ ტრამპს, მოითხოვოს, რომ ყველა დემონსტრანტმა აშშ-ის კაპიტოლიუმი და მისი ტერიტორია დაუყონებლივ დატოვოს.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის უშიშროების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, კაპიტოლიუმში სიტუაცია, კვლავ „უსაფრთხოა“.

ავტორი: ამუკა ქორიძე


X