21:34 | 2020-08-13 ავტორი: Prime Time

რა ვერსიები განიხილება 13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარების საქმეზე

რა ვერსიები განიხილება 13 წლის ილია ფილფანის გაუჩინარების საქმეზე

უკვე 29-ე დღეა რაც მესტიიდან დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში ყოველდღიურად 80 მეხანძრე-მაშველი და სამართალდამცველები არიან ჩართულნი, თუმცა მოზარდის პოვნას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.

 

13 წლის ბიჭის დაკარგვის შესახებ, 112-ში შეტყობინების შესვლის დღიდან მის გაუჩინარებაზე არაერთი ვერსია დასახლდა. მშობლები მისი პოვნის იმედს ამ დრომდე არ კარგავენ.

 

„ილია, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ“ - დაკარგული ილია ფილფანის დედა
2020-07-26„ილია, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ“ - დაკარგული ილია ფილფანის დედა

მესტიის მერიის წარმომადგენელმა ილია ფილფანის დაკარგვის 2 ვერსიაზე ისაუბრა. მურთაზ გულედანის თქმით, ერთი ვერსიით, მოზარდი მესტია-ჭალას მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, მეორე ვერსიით კი ის ტყეში დაიკარგა და რომელიმე ცხოველის მსხვერპლი გახდა.

 

„თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

 

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

 

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა. მაინც არ ვკარგავთ პოვნის იმედს“ – აცხადებს მურთაზ გულედანი.

 

 

 

ავტორი: Prime Time


X