21:42 | 2020-04-18 ავტორი: Prime Time

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ტესტირების ჩატარებაზე უარს ვიღებთ – ყველაფერი ახალ ალგორითმზე

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ტესტირების ჩატარებაზე უარს ვიღებთ – ყველაფერი ახალ ალგორითმზე

ბევრისგან გაგვიგია, რომ საეჭვო სიმპტომების არსებობისას ცხელ ხაზზე დარეკეს, მაგრამ მას ტესტის ჩატარებაზე უარი უთხრეს და თვითიზოლაციის დაცვისკენ მოუწოდეს მხოლოდ.

 

თუმცა, საქართველოში ვირუსის გავრცელების დინამიკის კვალდაკვალ იცვლება მიდგომებიც.

 

რატომ შეიცვალა ტესტირების ალგორითმი

 

ვირუსი უჩინარია და, სამწუხაროდ, მას ვერ შეზღუდავ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სავარაუდო წამლებით ებრძვი, მის სამიზნეებს კი სახლში ვერ აჩერებ.

 

ხშირად ისმის ვარაუდები (მათ შორის, ეპიდემიოლოგებისაც), რომ თვითიზოლაციისა და კარანტინის ზონებიდან გასული უსიმპტომო ადამიანებისაგან, რომლებსაც, ძველი ალგორითმის, მიხედვით კვლევა არ უტარდებოდათ, ვირუსი მასაში გაიპარა.

 

სწორედ ეს პროცესები იგულისხმებოდა დაანონსებულ მომდევნო ფაზებში და სწორედ ამ სცენარით ვითარდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც ვირუსის გავრცელების ტენდენცია.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, აქამდე მოქმედმა პროტოკოლმა შეკავების ფაზაში ეფექტურად იმუშავა, მაგრამ ახლა ინფიცირების წყაროების დადგენა ვერ ხერხდება და ცვლილებები გახდა საჭირო.

 

ანუ, შეიცვალა კორონავირუსის დიაგნოსტირების პროტოკოლი. ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებთან ერთად, კორონავირუსზე ტესტირების ახალი ალგორითმი შეიმუშავა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ახალი ალგორითმი საშუალებას იძლევა ჩატარდეს ფართო ტესტირება და კერძო სექტორს ტესტების აქტიურად შემოტანისკენ მოუწოდა.

 

ჯანდაცვის სამინისტრო გვაიმედებს, რომ ქვეყანაში არსებობს როგორც ანტისხეულზე დამყარებული, ისე ანტიგენზე დამყარებული (რომელიც ანალიზატორთან ერთად გამოიყენება) სწრაფი ტესტების მარაგი.

 

ასევე, უმოკლეს დროში ელოდებიან ანტიგენზე დამყარებულ მარტივ ტესტებს, რომლებსაც კლინიკები, ანალიზატორის გარეშე, ადვილად გამოიყენებენ.

 

ახალი ალგორითმი მოიცავს პაციენტთა ოთხ ჯგუფს და განსაზღვრავს, თუ რა მეთოდით ჩაუტარდებათ მათ ტესტირება ახალ კორონავირუსზე.

 

ექსპერტების განმარტებების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც აქტუალურია კითხვები, თუ ვინ შედის ამ ჯგუფებში, რა განსხვავებაა ლაბორატორიული მეთოდით და სწრაფი ტესტებით კვლევებს შორის, ასევე – სწრაფ ტესტებს შორის (ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული ტესტები).

 

უფრო დეტალური განმარტების მიზნით, ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ალგორითმის ოფიციალურად წარმოდგენილი დოკუმენტის სრულ ვერსიას, ჩვენს მიერ, შეძლებისდაგვარად გასაგებ ენაზე განმარტებული ტერმინებით და ფორმულირებებით:

 

ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმი

 

მისი სრული სახელწოდებაა ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ალგორითმი

 

კვლევის PCR მეთოდი (რეალურ დროში უკუტრანსკრიპციით მიმდინარე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია – პრჯ/RT-PCR) განიხილება, როგორც ოქროს სტანდარტი COVID-19-ის დიაგნოსტიკაში.

 

დადებითი მხარე:

ძალიან მაღალი სპეციფიურობა აქვს, რაც ცდომილების შანსს მინიმუმამდე ამცირებს. თუმცა,ზოგ შემთხვევაში, ერთჯერადად ჩატარებული RT-PCR კვლევის დროს შეიძლება იყოს ცდომილება (ზოგჯერ უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს COVID-19-ს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ნიმუში (ნაცხი) აღებულია დაავადების ძალიან ადრეულ ეტაპზე.

 

გამოყენების სუსტი მხარეები:

• ესაჭიროება მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სივრცე და მაღალკვალიფიციურიპერსონალი;

• შედეგისმიღებამდე საჭიროა დიდი დრო – მინიმუმ 24 საათი, ან რამდენიმე დღე;

• ნიმუშების ლაბორატორიისთვის მიწოდების სირთულეები, რაც ასევე შედეგის მიღების დროს უკავშირდება;

• ტესტირების ღირებულება მაღალია.

 

COVID-19 -ის სადიაგნოსტიკო სეროლოგიური მეთოდები

 

ასევე, არსებობს ლაბორატორიული სეროლოგიური მეთოდი, რომლის გამოყენების ეფექტურობა COVID-19-ის დიაგნოსტიკაში ჯერ არ არის კარგად შესწავლილი. ის, ძირითადად, კორონავირუსის მიმართ ანტისხეულებს განსაზღვრავს.

 

COVID-19 -ის სადიაგნოსტიკო სწრაფი მეთოდები

 

სწრაფი ტესტები ანტისხეულების განსაზღვრისათვის /Antibody (IgM/IgG) rapid test
ახალი კორონავირუსის კვლევის IgM/IgG ტესტი არის სწრაფი, იმუნოანალიზის მეთოდზე დამყარებული ხარისხობრივი ტესტი.

 

კვლევის ეს მეთოდი კაპილარული ან ვენური სისხლის შრატსა და პლაზმაში SARS-CoV-2 ვირუსის მიმართ IgM და IgG (ანტისხეულები იმუნოგლობულინის კლასიდან, რომელსაც ადამიანის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს) რეაქციებს განსაზღვრავს.

 

გამოყენების სარგებელი:

 

• მარტივია გამოსაყენებლად, არ სჭირდება სპეციალური ლაბორატორია. საჭიროა მხოლოდ პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება;

• საკვლევი მასალა შეიძლება იყოს თითიდან აღებული კაპილარული სისხლის წვეთი;

• შედეგი სახეზეა 10-15 წთ-ში (განისაზღვრება ტესტის ინსტრუქციის მიხედვით);

• შესაძლებელია საკმაოდ მაღალი წარმადობა, რაც მასიური სკრინინგისათვისმოსახერხებელია;

• მგრძნობელობა და სპეციფიურობა დაახლოებით 80-90% ფარგლებში მერყეობს;

• შედეგის, IgM და IgG-ის მიხედვით შესაძლებელია ინფექციის ხანდაზმულობის დადგენა;

• ტესტირების ღირებულება, PCR კვლევასთან შედარებით ბევრად დაბალია.

 

სუსტი მხარეები:

• ცრუ უარყოფითი შედეგის (ანუ, შეიძლება არსებული ვირუსი არ გამოვლინდეს) მაღალი ალბათობა, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს:

 ხანგრძლივი ფანჯრის პერიოდი(IgM ანტისხეული ჩნდება კლინიკური გამოვლენიდან 3-5 დღისშემდეგ, ხოლო IgG – მოგვიანებით, 10-14 დღეში);

 ტესტირების ჩატარება დაავადების ადრეულ ან გვიან ეტაპზე;

 ადამიანის დაბალი იმუნური სტატუსი.

• ცრუ დადებითი შედეგი (ვირუსის შეცდომით დადასტურება), რაც მსგავსი კორონავირუსების ჯგუფთან ჯვარედინ რეაქციასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული (ჯერ არ არის კარგად შესწავლილი);

• დიდ ნაწილს ესაჭიროება შემდგომი გადამოწმება.

 

სწრაფი ტესტი COVID-19 ანტიგენის განსაზღვრისათვის/ COVID-19 Antigen (Ag) rapid test

 

COVID-19-ის კვლევის Ag ტესტი არის სწრაფი, იმუნოანალიზის მეთოდზე დამყარებული ხარისხობრივი ტესტი, რომელიც განსაზღვრავს ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-CoV-2 ვირუსის ანტიგენის არსებობას.

 

დადებითი მხარეები:

• მარტივია გამოსაყენებლად, არ სჭირდება სპეციალური ლაბორატორია;

• საჭიროა მხოლოდ პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენება;

• საკვლევი მასალა არის ცხვირ-ხახის ნაცხი, ან ნახველი;

• შედეგი სახეზეა 10-15 წთ-ში (განისაზღვრება ტესტის ინსტრუქციის მიხედვით);

• ღირებულება დაბალია, წარმადობა მაღალი;

• ცრუ დადებითი შედეგი თითქმის არ აღინიშნება.
სუსტი მხარე:

 

ტესტირების ჩატარება დაავადების ადრეულ ან გვიან ეტაპზე, შეიძლება გახდეს ცრუ უარყოფითი შედეგის მიზეზი (ანტისხეულებზე დამყარებული ტესტისგან განსხავებით, მხოლოდ ერთი სუსტი მხარე აქვს).

 

COVID-19-ის ტესტირების ალგორითმები სხვადასხვა ჯგუფებისთვის

 

1. მაღალი რისკის კონტიგენტი სპეციფიური სიმპტომებით

• დადასტურებული შემთხვევის ახლო კონტაქტები, რომლებიც თვითიზოლაციაში ან კარანტინში არიან და 14 დღის განმავლობაში უვლინდებათ COVID-19-ის სიმპტომები (მაგ. ხველა, ქოშინი);

 

• სიმპტომური პაციენტები, მაღალი რისკის ზონებიდან, როგორიცაა ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთი კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, საფრანგეთი;

 

• პირები სპეციფიკური სიმპტომების მქონე პაციენტების კლასტერიდან

 

ამ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში ლაბორატორიული PCR მეთოდით. თუ ასეთი შესაძლებლობა კლინიკას არ აქვს, ტესტირება ჩატარდება სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით და საჭიროების შემთხვევაში, გაიგზავნება ლაბორატორიაში PCR მეთოდით კვლევისათვის.

 

PCR კვლევის განმეორებითი უარყოფითი შედეგის შემთხვევაში რეკომენდებულია ანტისხეულებზე ტესტირება.
უსიმპტომო კონტაქტების და მოგზაურების კვლევა შესაძლებელია სწრაფი მეთოდების გამოყენებით, მაგრამ მიუხედავად უარყოფითი შედეგისა, აუცილებელია იზოლაციის პირობების დაცვა და განმეორებითი ტესტირება ფანჯრის პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

2. უსიმპტომო პირები მაღალი რისკის ჯგუფებიდან – სტრატეგიულ ობიექტებში მომუშავე პირები და მედპერსონალი

 

პაციენტების მაღალი გამტარიანობის მქონე კლინიკებში უსიმპტომო მედპერსონალს ადგილზე უტარდება სწრაფი ტესტი ანტისხეულებზე IgM/IgG (Ag-ზე ტესტირება ან PCR არ ესაჭიროებათ).

 

თუ შედეგი ანტისხეულებზე დადებითია, პირს უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი, შეტყობინება ეგზავნება დკსჯეც-ს, გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ უარყოფითია – სწრაფი ტესტირება 2 კვირაში განმეორებით ტარდება. თუ მხოლოდ IgG არის დადებითი, შესაძლებელია მუშაობის გაგრძელება ჩვეულ რეჟიმში.

 

3. ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები

 

ამ ჯგუფში ერთიანდებიან ის პირები, ვისაც აღენიშნება COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები. კერძოდ, ყველა ის პირი, ვინც შემთხვევის განმარტების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

 

 პოსპიტალიზებული პაციენტები უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის დიაგნოზით;

 

 ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ COVID-19 ინფექციისათვის დამახასიათებელი რესპირატორული სიმპტომები და ცხელება, დისტანციურად გადიან ოჯახის ექიმის კონსულტაციას (სატელეფონო/ან სხვა) და დანიშნულების შემთხვევაში მიმართავენ შესაბამის კლინიკას, სადაც ჩაუტადებათ ტესტირება.

 

ამ ჯგუფში გაერთიანებულ პირებს ტესტირება უტარდებათ ე.წ. ცხელების კლინიკებში შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში PCR მეთოდით, სხვა შემთხვევაში, სწრაფი მარტივი მეთოდით ერთდროულად ანტისხეულებისა და ანტიგენის განმსაზღვრელი ტესტებით (IgM/IgG) და, საჭიროების შემთხვევაში, იგზავნება რეფერენს ლაბორატორიაში, დამატებით PCR მეთოდით კვლევისათვის.

 

თუ კვლევის შედეგი COVID-19-ზე დადებითია, შეტყობინება ეგზავნება დკსჯეც-ს (დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი) სავარაუდო შემთხვევის შესახებ.

 

თუ პაციენტის მართვა შესაძლებელია სახლში, მას უტარდება თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი და გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის.

 

თუ შედეგი უარყოფითია განმეორებით უტარდება ტესტირება ანტისხეულებზე.

 

4. ორგანიზებული ჯგუფები, თავშეყრის ადგილებში მყოფი პირები

 

• პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები;

 

• ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები;

 

• თავდაცვის ძალები;

 

• სტაციონარული ფსიქიატრიული დაწესებულებები;

 

• საეკლესიო პირები, მონასტრები და სხვა.

 

ამ ჯგუფის უსიმპტომო პირებს უტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით, პარალელურად,შესაძლებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის ჩატარებაც. თუ ორგანიზებულ ჯგუფებთან მყოფ პირებს დაუდგინდებათ ინფექცია, ხდება ცხვირ-ხახის ნაცხის აღება ანტიგენის ან PCR კვლევისთვის. ისინი განიხილებიან, როგორც სავარაუდო კონტაქტები და მიეცემათ თვითიზოლაციის ინსტრუქტაჟი.

 

შეტყობინება ეგზავნება დკსჯეც-ს.ასევე, გროვდება დეტალური ეპიდანამნეზი კონტაქტების მიდევნებისათვის. თუ შედეგი უარყოფითია, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში ტარდება განმეორებითი ტესტირება.
ლაბორატორიების როლი.

 

ლუგარის ს/კ კვლევითი ცენტრი

 

ლუგარის ცენტრში ფუნქციონირებს გრიპის და რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია, რომელიც წარმოადგენს ე.წ. რეფერენს ლაბორატორიას და აკრედიტებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

 

ლაბორატორიის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა COVID-19-ის დიაგნოსტიკა და ამ სქემაში მონაწილე დანარჩენი ლაბორატორიების მეთოდოლოგიური დახმარება, პროფესიული ტესტირების ჩატარება, პერიოდულად, დადებითი და უარყოფითი შედეგების გადამოწმება.

 

COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სქემაში მონაწილე ლაბორატორიების ვალდებულება:

 

• ტესტირება ჩაატარონ არსებული ალგორითმის მიხედვით;

• დაუყოვნებლივ აცნობონ რეფერენსლაბორატორიას დადებითი ან საეჭვო შემთხვევების შესახებ და განახორციელონ ნიმუშის (პირველადი ან გამოყოფილი RNA) მიწოდებაშემდგომი გადამოწმებისთვის;

• 24 საათის განმავლობაში გადააგზავნონ დკსჯეც-ში ჩატარებული კვლევების შესახებ ინფორმაცია ბენეფიციარების პირადი ინფორმაციის მითითებით, რაზეც პაციენტის მხრიდან უნდა ჰქონდეთ ინფორმირებული თანხმობა;

• უნდა აწარმოონ ყველა ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის რეგისტრაცია და დოკუმენტირებული შედეგის ატვირთვა საერთო ელექტრონულ ბაზაში.

 

P.S. პანდემიის ჩავლის შემდეგ ლუგარის ლაბორატორია ტესტირებიდან კვლევაზე გადავა, თუმცა, ამ პერიოდმა აჩვენა თუ რა მნიშვნელობა აქვს ლაბორატორიას საზოგადოებრივი ჯანდაცვის უსაფრთხოებისთვის.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა, ცოდნისა და ტექნოლოგიების გაზიარებით, ტესტირების სისტემის გადანაწილება მოახერხეს რეგიონებშიც – ქუთაისსა და ბათუმში.

 

ავტორი: რუსუდან ხუბულავა

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +