19:42 | 2020-05-15 ავტორი: ნინი ტაველიძე

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში გამოვლენილი ახალი სინდრომის შესახებ, რომელსაც СOVID-19-ს უკავშირებენ

რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში გამოვლენილი ახალი სინდრომის შესახებ, რომელსაც СOVID-19-ს უკავშირებენ

ბოლო პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა აქტიურად საუბრობს ახალ სინდრომზე, რომელსაც ახალ კორონავირუსს უკავშირებენ და რომელიც კავასაკის დაავადებას ძალიან ჰგავს.

 

აშშ-ის 17 შტატის ექიმების ინფორმაციით, 164 ბავშვს ახალი სინდრომი დაუდასტურდა, რომელიც კავასაკის დაავადებას ძალიან ჰგავს. ზოგი მათგანის პასუხი ახალ კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. 3 მათგანი გარდაიცვალა.

 

 

ნიუ-იორკში ახალი სინდრომის 102 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 29%-ი 5-9 ასაკის ბავშვები იყვნენ, ხოლო 28% 10-14 წლამდე.

 

ახალი დაავადების კლასტერები ასევე გამოვლინდა ახალი კორონავირუსის აფეთქების წერტილებში, როგორებიცაა კალიფორნია, ნიუ ჯერსი, ილინოისი.

 

ახალი სინდრომის შემთხვევები ასევე დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და იტალიაშიც დადასტურდა.

 

ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ლანცეტში გამოქვეყნდა, განხილულია 10 ბავშვის შემთხვევა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის დროს ახალი სინდრომი აღმოაჩნდათ.

 

10-დან 8 ბავშვის ტესტი კორონავირუსზე დადებითი იყო.

 

„ჩვენმა კვლევამ SARS-CoV-2-სა და ახალ სინდრომს შორის პირველი აშკარა კავშირი გამოავლინა.

 

იმედი გვაქვს ეს კვლევა ექიმებს დაეხმარებათ მეტი ინფორმაცია შეიტყონ ამ ყველაფრის შესახებ“,- ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, ლორენცო დ’ანტიგა.

 

საქართველოში ბავშვებში ახალი სინდრომი არ გამოვლენილა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სინდრომის ახალ კორონავირუსთან კავშირს არ გამორიცხავს.

 

არ არის გამორიცხული, ბავშვებში ეს სინდრომი კოვიდს გამოეწვია - თენგიზ ცერცვაძე კავასაკის მსგავს სინდრომზე
2020-04-29არ არის გამორიცხული, ბავშვებში ეს სინდრომი კოვიდს გამოეწვია - თენგიზ ცერცვაძე კავასაკის მსგავს სინდრომზე

 

რა არის კავასაკის დაავადება, რომლის მსგავს სინდრომსაც ახალ კორონავირუსს უკავშირებენ?

 

კავასაკის დაავადება პირველად 1960-იან წლებში იაპონიაში აღმოაჩინეს. კავასაკის სინდრომი მწვავე დაავადებაა, რომელიც სისხლძარღვებსა და გულს აზიანებს.

 

ზოგჯერ მას შეუძლია ტოქსიკური შოკის სინდრომი და სიკვდილი გამოიწვიოს.

 

ის ბავშვებში მაღალ სიცხეს, გამონაყარს, გულმკერდისა და მუცლის ტკივილს, ჩასისხლიანებულ თვალებს, ლიმფური კვანძების გადიდებას, ტუჩებისა და პირის შეშუპებას იწვევს.

 

არ არსებობს კავასაკის დასადგები ტესტი. ამიტომ ექიმები მის დადგენას სიმპტომებისა და სხვა ლაბორატორიული პროცედურების დახმარებით ცდილობენ.

 

კავასაკი „პედიატრიული მდგომარეობაა“, რომლითაც მოზარდებიც ავადდებიან.

 

თუ კავასაკის იდენტიფირება დროულად ხდება, ის ჩვეულებრივ განკურნებადია. ექიმები, როგორც წესი, მის განსაკურნებლად ანტისხეულებს, სტეროიდებს ან სხვა მედიკამენტებს (მაგ. ასპირინს) იყენებენ.

 

საბედნიეროდ, კავასაკი ძალიან იშვიათი დაავადებაა. ჩველებრივ, დაავადება აშშ-ში წელიწადში ყოველ 100 000 მოსახლეზე 21 ბავშვს (5 წლამდე) უფიქსირდება.

 

მაგრამ ბოლო პერიოდში ექიმების ყურადღება ახალმა სინდრომმა მიიქცია, რომელიც კავასაკს ჰგავს. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მაღალია.

 

ბოლო პერიოდის ცნობების მიხედვით, ახალი პაციენტები, რომლებსაც კავასაკის მსგავსი სინდრომი აქვთ, ბევრად უფრო მძიმე სიმპტომებით ხასიათდებიან, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

 

რატომ განსხვავდება ახალი და ძველი შემთხვევებისგან?

 

ლანცეტში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორები, სინდრომს „კავასაკის მსგავსად“ მოიხსენიებენ. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით იმის თქმა თუ როგორ უკავშირდება ის ახალ კორონავირუსს, ძალიან ადრეა.

 

აშშ-ში ახალ სინდრომს – „პედიატრიულ მულტიფუნქციურ ანთებას, რომელიც კორონავირუსთან ასოცირდება“ უწოდებენ.

 

CNN-ი იუწყება, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები სინდრომის „სამუშაო განმარტებას“ უზრუნველყოფენ.

 

იტალიაში 10-8 პაციენტში ვირუსის ანტისხეულები აღმოაჩინეს. მკვლევარებმა იმ პაციენტების მონაცემები, რომლებსაც კორონავირუსის პარალელურად ახალი სინდრომი ჰქონდათ, ბოლო ხუთი წლის მანძილზე კავასაკის დაავადების მქონე პაციენტების შემთხვევებს შეადარეს.

 

მათ ახალ და ძველ შემთხვევებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებები აღმოაჩინეს.

 

„პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსის პარალელურად ახალი სინდრომიც ჰქონდათ, თავს უფრო ცუდად გრძნობდნენ.

 

მათი ლაბორატორიული მდგომარეობა განსხვავებული იყო და გარკვეული დარღვევები აღენიშნებოდათ.

 

შესაბამისად, ეს ყველაფერი იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებში კავასაკის მსგავსი ახალი სინდრომი, დაავადების კლასიკური შემთხვევებისგან, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული იყოს“,- ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, ჰენდერსონი.

 

მაგალითად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ჩვეულებრივ წარსულში კავასაკით დაავადებული ადამიანების 10%-ს გულის პრობლემები ჰქონდა. პანდემიის დროს დაფიქსირებულ შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 60%-ია.

 

ახალ პაციენტებს მძიმე ანთებითი მდგომარეობა აღენიშნებოდათ, რომელიც „მიტოქონდრიული სინდრომის“ სახელითაა ცნობილი. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ეს „ციტოკინური შტორმის ფორმაა“.

 

ციტოკინური შტორმი, ჰიპერციტოკინემია, ანუ ადამიანის იმუნური სისტემის მძლავრი და პოტენციურად ლეტალური რეაქცია.

 

(მისი პროცესი ასეთია: იმუნური უჯრედები გამოყოფენ ციტოკინებს, რომლებიც ააქტიურებენ იმავე იმუნურ უჯრედებს და სტიმულს აძლევენ მათ იგივე ციტოკინების ახალი ნაკადი გამოიმუშაონ.

 

ანთების კერის ქსოვილები ირღვევა და იმავდროულად ანთება მომიჯნავე ქსოვილებზე გადადის.

 

დროთა განმავლობაში „ციტოკინური შტორმი” მთელ ორგანიზმზე ვრცელდება და საბოლოოდ პაციენტის სიკვდილით მთავრდება).

 

ამ ყველაფერმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ორგანიზმს დიდი ზარალი მიაყენა. ამიტომ, პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად ექიმებს უფრო მეტი მედიკამენტის გამოყენება მოუწიათ.

 

ასევე, ახალი სინდრომით დაავადებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ასაკი ჩველებრივ კავასაკით დაავადებულთა ასაკზე ბევრად მაღალი იყო.

 

კერძოდ, ზოგადად კავასაკის დააავადება 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება. ახალ შემთხვევებში კი პაციენტების ასაკი 5 -16-მდე მერყეობდა.

 

რა კავშირი აქვს კავასაკის სინდრომს COVID-19-თან? 

 

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები კავასაკის სინდრომს დიდი ხანია სწავლობენ, მისი გამომწვევი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.

 

ჯერ კიდევ ახალი კორონავირუსის გამოჩენამდე ამ საკითხზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობდა.

 

ლანცეტში გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ პანდემიის დროს ახალი კავასაკის მსგავსი სინდრომის შემთხვევები წინა თვეების შეთხვევებს 30-ჯერ აღემატებოდა.

 

მეცნიერების ყურადღებას კიდევ ერთი რამ იპყრობს – მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა შემთხვევათა პლატოს მიაღწია, ახალი სინდრომის შემთხვევები იზრდება.

 

„შესაძლოა ის ანტისხეულები, რომლებსაც ბავშვების ორგანიზმი SARS-CoV-2-თან საბრძოლველად გამოიმუშავებს შემდგომში ორგანიზმში იმუნურ პასუხს ქმნიან. თუმცა, ეს არავინ ვიცით“,- ამბობს ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოს კარდიოლოგი, ჯეინ ნიუბურგერი.

 

პედიატრიისა და ბავშვტა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯის პრეზინდენტისა და ბრიტანეთის პედიატრიული ალერგიის იმუნიტეტისა და ინფექციების ჯგუფის მდივანის თქმით, თუ ახალი სინდრომი ანტისხეულების საპასუხო იმუნური რეაქციაა, შესაძლოა ამ ყველაფერმა ვაქცინის შედეგებზე გავლენა იქონიოს.

 

ასევე, ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, თუ რატომ ხდება ზოგი ბავშვი კორონავირუსისგან ცუდად, როდესაც უმრავლესობას ვირუსის სუსტი სიმპტომები აქვს, ან ასიმპტოტურია.

 

„SARS-CoV-2-სა და კავასაკის მსგავს დაავადებას შორის შესაძლო კავშირი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, როდესაც საქმე სოციალური რეინტეგრაციის პოლიტიკას ეხება“,- წერენ კვლევის ავტორები.

 

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ანტონი ფაუჩის თქმით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია.

 

„რაც უფრო მეტს ვიგებთ ვირუსის შესახებ, მით უფრო მეტად ვხედავთ რისი გაკეთება შეუძლია მას. განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვებს ეხებათ“,- ამბობს ფაუჩი.

 

თუმცა, ახალი სინდრომის შემთხვევების რაოდენობა დიდი არაა.

 

„შემთხვევები მაინც იშვიათია. ახალი სინდრომი 1 000-ში ერთზე მეტ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვს აღენიშნება“,- ამბობენ კვლევის ავტორები.

 

თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X