fbpx
12:28 | 2020-04-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა უჯდება სახელმწიფოს პირბადეების წარმოება სინამდვილეში – IDFI-ს კვლევა

რა უჯდება სახელმწიფოს პირბადეების წარმოება სინამდვილეში – IDFI-ს კვლევა

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ  საერთაშორისო ბაზარზე პირბადეების დეფიციტი გაჩნდა საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის გზით მოეგვარებინა არსებული პრობლემა.

 

ჯანდაცვის სამინისტრომ პირბადეების შესაძენად 3 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. მათი შეძენა სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე განხორციელდა. სახელმწიფომ პირბადეები 10 კომპანიისგან შეიძინა და თითოეულ შემთხვევაში პირბადეების ფასი განსხვავებული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას IDFI-ავრცელებს.

 

მაშინ როცა თითო პირბადის წარმოება 1 ლარზე მეტი ჯდება, ბაზარზე გამოტანილი პირბადეების ფასის სუბსიდირებას სახელმწიფო ახდენს, რის ხარჯზეც, მოსახლეობისთვის პირბადის ფასი 0.50 ლარს შეადგენს.

 

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩანს, რომ ერთეული პირბადის ყველაზე დაბალი ფასი 0.85 ლარია. აღნიშნული შესყიდვის ხელშეკრულებაში თანხა ამერიკული დოლარის ვალუტაშია მითითებული და ინვოისის მიხედვით, თითო სამშრიანი პირბადის ღირებულება 0.27 ცენტია.

 

ხელშეკრულება 6 აპრილსაა დადებული, შესაბამისად, სავარაუდო ფასის გამოსაანგარიშებლად მითითებული თანხა სწორედ ამ დღის კურსზეა გამრავლებული. იმავე მომწოდებელი კომპანიისგან სამინისტრომ შეიძინა ორი განსხვავებული სახეობის ე.წ. N95 პირბადეები, რომელთა ფასები დაახლოებით 5 ლარია.

 

პირბადეების გარდა სამინისტრომ ამ კომპანიისაგან შეიძინა უკონტაქტო თერმომეტრები, სპეციალური სამედიცინო ტანსაცმელი და ბახილები, რაშიც ჯამში 1 მილიონ 330 ათას დოლარამდე გადაუხადა (6 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსით 4 მილიონ 200 ათას ლარამდე)

 

 

 

 

ამჟამად პროექტში ჩართულია შემდეგი კომპანიები: 

 

შპს აჭარა ტექსტილი; შპს მოვი; შპს ემჯიემტექს;  შპს ჯორჯიამ პროდაქტს;

​შპს სამკარვალო იმერია;  შპს ISTANBUL BAZZAR; 

შპს BMT-TEXTILE;  შპს ჯორჯიან ტექსტილი;  შპს დოქტორ გუდს;

 

 

საყურადღებოა, რომ ხელშეკრულება 26 მარტს გაფორმდა შპს „ქართულ ტექსტილთან“ 500,000 ცალი სამშრიანი პირბადის შეძენაზე, რომელიც 8 აპრილს დაკორექტირდა და ცვლილებების მიხედვით სამინისტრომ 100,000 სამშრიანი პირბადე 114,000 ათას ლარად შეიძინა, შესაბამისად, ერთი ცალი პირბადის ფასმა 1 ლარი და 14 თეთრი შეადგინა.

 

სწორედ შპს “ქართულ ტექსტილთან” ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, მეორე შესყიდვა 30 მარტს განხორციელდა. შპს “სავაჭრო ჯგუფთან”თავდაპირველად ხელშეკრულება 681,000 ათასი ლარის ღირებულების იყო, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თითო პირბადეს 1.50 ლარად ყიდდა, პირველ კომპანიაზე ძვირად.

 

თუმცა 2 აპრილს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა ამჯერად სამინისტრომ 454,000 სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი 589,000 ლარად შეისყიდა.

 

ცვლილებით შეკვეთილი პირბადეები ორ ნაწილად გაიყო: 400,000 პირბადე – თითოს ფასი 1 ლარი 27 თეთრი (ჯამში 508,000 ლარი) და 54,000 პირბადე – თითოს ფასი 1 ლარი და 50 თეთრი (ჯამში 81,000 ლარი).

 

ხელშეკრულების პირობის თანახმად, 54,000 ათასი ცალი პირბადის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების დადების დღესვე, 30 მარტს. ამ კომპანიასთან შემდეგი ხელშეკრულება სამინისტრომ უკვე 3 აპრილს გააფორმა და 500,000 პირბადე შეუკვეთა, თითოს ფასმა ისევ 1.27 ლარი შეადგინა.

 

3 აპრილს სამინისტრომ შეისყიდა პლასტიკის ნიღბები, 20 ათასი ერთეული  44,000 ლარად, შესაბამისად თითო ნიღბის ფასმა შეადგინა 2 ლარი და 20 თეთრი. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული პროდუქტი სამინისტრომ შპს “ედვინგსისგან” შეიძინა. ეს კომპანია 2019 წლის 12 მარტს არის რეგისტრირებული, არ აქვს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება და მხოლოდ გამარტივებული შესყიდვებით მიღებული ხელშეკრულებები უფიქსირდება. გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის პირველი ხელშეკრულება კომპანიამ 6 თვის წინ მიიღო. ამასთან, თანხობრივად ყველაზე მსხვილი კონტრაქტი, სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვაში დაფიქსირდა.

 

გარდა სხვადასხვა სახის ნიღბებისა, ჯანდაცვის სამინისტრომ დიდი რაოდენობის ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონი შეიძინა. ერთ-ერთი კომპანია, რომელთანაც აღნიშნული კომბინიზონების შესყიდვის ხელშეკრულება 6 აპრილს გაფორმდა შპს “ჯეოფერუმია”, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო ლითონის სამშენებლო მასალების რეალიზაციაა. კომპანია 2019 წლს დაარსდა და მას შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ მიუღია. ამ შესყიდვით კი “ჯეოფერუმმა” ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მიიღო და სანაცვლოდ, 10 სამუშაო დღის ვადაში 14,100 ერთეული ბიოლოგიური დაცვის კომბინიზონის მიწოდების ვალდებულება აიღო.

 

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ IDFI მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში Covid 19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვების ანალიზს.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X