16:28 | 2020-03-24 ავტორი: Prime Time

რა სურათი დახვდათ საკრუიზო გემზე ინფიცირებული მგზავრების წასვლიდან 17 დღის შემდეგ

რა სურათი დახვდათ საკრუიზო გემზე ინფიცირებული მგზავრების წასვლიდან 17 დღის შემდეგ

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ახალი კვლევის მიხედვით, „Diamond Princess Cruise“-ის გემის კაბინაში მგზავრების წასვლის შემდეგ, კორონავირუსმა „გადარჩენა“ კიდევ 17 დღე შეძლო. ზედაპირებზე ვირუსი იმაზე დიდხანს გაჩერდა, ვიდრე წინა კვლევებმა აჩვენა.

 

კვლევამ Carnival-ის კუთვნილი „Diamond Princess“-ის გემისა (იაპონია) და „Grand Princess“-ის გემის (კალიფორნია) ისტორია შეისწავლა. ეს შემთხვევები ერთმანეთს იმით ჰგავს, რომ ორივე გემი კარანტინში მას შემდეგ მოექცა, რაც მგზავრებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

 

მკვლევარების თქმით, გემის კაბინების ზედაპირებზე, მას შემდეგ, რაც კრუიზი მგზავრებისგან დაიცალა, დეზინფექციის ჩატარებამდე, კორონავირუსმა „გადარჩენა“ კიდევ 17 დღეს შეძლო.

 

„COVID19-ის საკრუიზო გემებზე აღმოჩენა დაავადების სწრაფად გავრცელების რისკს ზრდის და მოწყვლად პოპულაციაში დაავადების აფეთქებას იწვევს. აუცილებელია მეტი ძალისხმევა იმისთვის, რომ ეს გავრცელება რამენაირად შეჩერდეს“, – წერს CDC და მოწყვლად მოსახლეობას მიმართავს პანდემიის დროს კრუიზებს მოერიდონ.

 

ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა, CDC-მა, UCLA-მ და პრინსტონის უნივერსიტეტმა ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ COVID-19 პლასტმასსა და უჟანგავ ლითონზე სამ დღეს ცოცხლობს. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მსგავს ზედაპირზე დარჩენილი ვირუსის რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდა.

 

ახალმა კვლევა აჩვენა, რომ 17 მარტის მონაცემებით 25 საკრუიზო გემზე (მოგზაურობის დროს, ან დასრულების შემდეგ) COVID-19 აღმოჩნდა.

 

„Diamond Princess“ საკრუიზო გემზე შემთხვევების 46,5% , როდესაც მათი ტესტირება მოხდა, უსიმპტომო იყო.

 

მას შემდეგ რაც იაპონიის პორტში 4 თებერვალს გემის ყოფილ მგზავრს კორონავირუსი დაუდასტურდა, „Diamond Princess“ -ზე კარანტინში სულ 3 700 ადამიანი მოექცა. ეს გემი სწრაფად იქცა ჩინეთის გარეთ COVID19-ის უმსხვილეს კლასტერად.

 

გემზე 9 ადამიანი დაიღუპა. კვლევამ აჩვენა, რომ „Diamond Princess“ საკრუიზო გემზე ადამიანების 19,2% ვირუსით იყო ინფიცირებული.

 

კვლევაში განხილულია ასევე „Grand Princess“-ის საკრუიზო გემის ისტორიაც. ეკიპაჟი იძულებული გახდა კალიფორნიის სანაპიროზე გაჩერებულიყო მას შემდეგ, რაც კრუიზის ყოფილ 2 მგზავრს, კალიფორნიაში ჩასვლის შემდეგ, ვირუსი დაუდასტურდათ.

 

„Diamond Princess“ და „Grand Princess“ საკრუიზო გემებში ერთად კორონავირუსის 800-ზე მეტი შემთხვევა და 10 გარდაცვალება დაფიქსირდა.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +