13:01 | 2020-04-20 ავტორი: Prime Time

რა შემთხვევის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება მამა შალვა კეკელიამ – უცნობი ფაქტი დეკანოზზე

რა შემთხვევის შემდეგ დაიწყო ეკლესიური ცხოვრება მამა შალვა კეკელიამ – უცნობი ფაქტი დეკანოზზე

ბავშვობაში მახსოვს ერთი სექტა იყო – იეჰოვა. ერთ დღეს სკოლაში ფერადი ბროშურები მოიტანეს, ქრისტეს გამოსახულებით. მომეწონა და შინ წამოვიღე.

 

წიგნის კითხვა რომ დავიწყე, მიუხედავად ქრისტეზე საუბრისა, შინაგანად ვერ მივიღე“, – ასე იწყებს პასუხს დეკანოზი შალვა კეკელია კითხვაზე, როდის გადაწყვიტა სასულიერო პირი გამხდარიყო.

 

პირად ცხოვრებაზე დეკანოზი ჟურნალ OK-ს ესაუბრა.

 

უფალზე ყოველთვის მქონდა წარმოდგენა, თუ როგორ უყვარხარ მას და გივლის.

 

ერთ დღეს ჩემმა ერთმა მეგობარმა მოიტანა ნახატი, რომელზეც შავი წერტილები იყო გამოსახული.

 

ამ ფურცლის ნახვისას, წერტილები ზედ ისე იყო განაწილებული, რომ ზევით ახედვისას ქრისტეს ხედავდი.

 

მეუბნებოდა, რომ ბიბლიაში ქრისტე ზუსტად ასე იყო გამოხატული. მომეწონა და დავიწყე ამ სურათების ხატვა, რომელსაც ჩემს კლასელებს ვურიგებდი.

 

წლების შემდეგ მუდამ ვფიქრობდი ღმერთზე, მინდოდა უფალთან სიახლოვე მქონოდა. ეს შინაგანი დამოკიდებულება ყოველთვის მქონდა, მაგრამ უფალთან როგორ მივსულიყავი, არ ვიცოდი.

 

ჩვენს სოფელში არ იყო ტაძარი, რომ აღსარება ჩამებარებინა.

 

ერთხელ, ჩემს სოფელში – ბანძაში, ტაძრის საძირკვლის საკურთხებლად პატრიარქი ჩამოვიდა. გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე იყო, 1000 წლისთავი.

 

მარტვილში წამიყვანა დედამ, რომ პატრიარქი გვენახა. რაღაცნაირად გავძვერი ხალხში და ასე ვნახე პირველად. დავალოცინე თავი.

 

მან ლოცვანი მაჩუქა (ეს იყო ჩემი პირველი ლოცვანი), რომელიც ყველაზე დიდ რელიკვიად იქცა ჩემთვის. იმ დღიდან დავიწყე ლოცვების კითხვა.

 

მახსოვს, გარდატეხის ასაკში ერთ ადამიანთან პრობლემა შემექმნა და მეზობელ სოფელში მარტო წავედი მასთან შესახვედრად.

 

აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათი იქნებოდა.

 

ფეხით მივდიოდი, როცა მარტვილის მონასტრის წინამძღვარი მამა გოჩა (ცაავა) მანქანით შემომხვდა და წამიყვანა.

 

გზაში მკითხა, ვიყავი თუ არა ეკლესიური. კი-მეთქი, ვუპასუხე. როგორ ხარ ეკლესიური, ეზიარებიო? – არა-მეთქი. მარხულობო? – არა-მეთქი. აბა როგორ ხარ ქრისტიანიო?

 

ქართველი ხარო? ამაზე ცოტა განაწყენებულმა ვუპასუხე: რა მეტყობა, მამაო, არაქართველის-მეთქი.

 

რაში გამოიხატება ქართველობაო? იმაში გამოიხატება, რომ მეგობარი არ მიატოვო ცხოვრებაში, ტრადიციები იცოდე-მეთქი.

 

მარტო ეგ არ არის საკმარისი ქართველობისთვისო, მიპასუხა.

 

ქართველობა და მართლმადიდებლობა ყოველთვის გაიგივებული იყო ერთმანეთთან, მაგრამ შენ არ იქცევი ისე, როგორც მართლმადიდებელიო.

 

მისმა სიტყვებმა დამაფიქრა. სოფელში მისვლისას აღარც მინახავს ჩემი მეგობარი, რადგან ისე ვიყავი განწყობილი, რომ გულში ყველაფერი ნაპატიები მქონდა.

 

დავიწყე ეკლესიაში სიარული. ვინაიდან ჩემს სოფელში არ იყო ტაძარი, მარტვილში დავდიოდი (15 კილომეტრს გავდიოდი ფეხით).

 

უბრალოდ, მივდიოდი, რადგან ვგრძნობდი, რომ ტაძარში ყოფნა შინაგანად ძალიან მსიამოვნებდა.

გარკვეული ხნის შემდეგ ბაბუა გარდამეცვალა. მის სასახლეს მე ვუვლიდი. ერთხელ პანაშვიდზე მოსულმა მამაჩემის მეგობარმა მითხრა – ეს შენი მადლია, რასაც აკეთებ.

 

მისი სულისთვის ფსალმუნები უნდა იკითხოო. იმ დღიდან დავიწყე ფსალმუნების კითხვა, მარხვა.

მანვე გადამაფიქრებინა სამხედრო აკადემიაში გამოცდების ჩაბარება, და მეც გამოცდები სემინარიაში ჩავაბარე.

 

კატეხიზმოსაც არ ვიცნობდი მანამდე, ხუცურიც ერთ დღეში ვისწავლე. ასე, ნელ-ნელა დავდექი უფლის გზაზე”.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები