17:07 | 2020-09-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რა მოხდა თვითმკვლელობის მცდელობამდე ხევსურთსოფელში – რწმუნებული ბრალდებებს პასუხობს

რა მოხდა თვითმკვლელობის მცდელობამდე ხევსურთსოფელში – რწმუნებული ბრალდებებს პასუხობს

თამაზ მეჭიაურის მძღოლის, 23 წლის გიორგი ხუმარაშვილის დედის ბრალდებებს ხევსურთსოფლის რწმუნებული, ზურა ბექაური „პრაიმტაიმთან“ პასუხობს.

 

რწმუნებული ადასტურებს, რომ დაპირისპირება მასსა და გიორგის შორის მართლაც მოხდა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ ადანაშაულებს დედა შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში. მისი განმარტებით, ოჯახთან ახლო ურთიერთობა აქვს.

 

„ეს ბრალდებები აბსურდია. დედამისი და მე კლასელები, ახლო მეგობრები ვართ, არ ვიცი ბრალს მე რატომ მდებს.

 

გიორგი იმ დღეს თვითონ დამიკავშირდა. უნდოდა ჩემი მანქანით თბილისში წამეყვანა. სანამ მივიდოდი, რამდენჯერმე დამირეკა. სახლს რომ მივუახლოვდი, კიდევ დამირეკა, ვუთხარი, რომ გამოსულიყო. რომ გამოვიდა, აგრესიული ტონი ჰქონდა – დამაგვიანე, საქმე გამიფუჭეო. არ ვიცოდი, ასეთი აუცილებელი საქმე თუ ჰქონდა. გადმოვიდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

 

„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ - მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა
2020-09-18„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ - მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

 

​მსგავსი შემთხვევა აქამდე მასთან არ მქონია. დედამისიც შეესწრო ჩვენს შელაპარაკებას და ჩემს მიმართ ხელით შეხებას. დედა შემაგინა, ამაზე რეაქცია არ მქონია, გაშეშებული ვიყავი, იწევდა ქვებით ჩემკენ და მოვიგერიე. 

 

დედამისმაც სცადა მისი დამშვიდება, სახლში შეიყვანა. მე გავერიდე, ისე იყო გაღიზიანებული, რაღას წამოვიდოდა თბილისში. რაც მოხდა, ჩემთვის ძალიან შეურაცმხყოფელი იყო. 

 

თვითმკვლელობის მცდელობას ვერაფერს ვუკავშირებ. სახლში რომ შევიდნენ, მერე რა მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ზურაბ ბექაური.

 

ხევსურთსოფლის რწმუნებული თამაზ მეჭიაურთან ფარულ მტრობას უარყოფს და ამბობს, რომ მასთან ახლო ურთიერთობა აქვს.

 

„გიორგისთვის არასდროს მითხოვია ინფორმაცია. მისთვის ჩემი ავტომანქანა 1 კვირითაც კი მითხოვებია, რომ ესარგებლა. თამაზ მეჭიაურსაც ჩემთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. ნათესაური კავშირი არ გვაქვს, თუმცა, ვთანამშრომლობთ. 

 

როცა შევძლებ, საავადმყოფოშიც მივალ, მე მათთვის არაფერი დამიშავებია. გამოძიებასთან ვთანამშრომლობ. გიორგი არის ჩემი დისწული და იქნება ყოველთვის“, – ამბობს „პრაიმტიმთან“ ზურა ბექაური.

 

შეგახსენებთ, თამაზ მეჭიაურის მძღოლმა, 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდას დედა შვილის თვითმკვლელობაში მიყვანისთვის ბრალს ხევსურთსოფლის რწმუნებულს, ზურა ბექაურს სდებს.

 

23 წლის ბიჭი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +