fbpx
16:11 | 2020-10-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რა ხდება შაქარაშვილის საქმეზე – ფეხბურთელის ცხედრის აღმოჩენიდან 4 თვე გავიდა

რა ხდება შაქარაშვილის საქმეზე – ფეხბურთელის ცხედრის აღმოჩენიდან 4 თვე გავიდა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენიდან გუშინ, 23 ოქტომბერს ზუსტად 4 თვე გავიდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე 17 პირია დაკავებული, მათგან 6 ბრალდებული არასრულწლოვანია. დღეისათვის საქმის წარმოება სასამართლოში სამ სხვადასხვა ეპიზოდზე მიმდინარეობს.

 

| რა ხდება ამ საქმეზე დღეს, 23 ოქტომბერს:

 

  • დღეს, 23 ოქტომბერს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში 6 არასრულწლოვნის (ზ.ხ., ლ.შ., ა.ქ., გ.შ., ნ.ქ., და ნ.ც.) სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. პროკურატურა ირწმუნება, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ მოსამართლემ გამამტყუვნებელი განაჩენი გამოიტანოს.
  • პროცედურულად, შემდეგი სასამართლო პროცესი დაცვის მხარისთვის დასკვნითი სიტყვის წარმოთმის შესაძლებლობას დაეთმობა.
  • ამის შემდეგ უკვე მოსამართლის საბოლოო განაჩენი გახდება ცნობილი.

 

| ვის რას ედავება გამოძიება 

 

საბა ჩხარტიშვილი, საბა გოგშელიძე და ირაკლი წაქაძე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არიან ბრალდებულები, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

​ნ.ც., ლ.შ., გ.შ. და გიგა ტატიაშვილს გამოძიება სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

ამასთან ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულია 4 პირი – ნ.ქ., თენგო ბარბაქაძე, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია.

 

მას შემდეგ, რაც გიორგი შაქარაშვილის საქმის ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი, პროკურატურამ 5 პირს ბრალი დაუმძიმა – ვასილ მახარაძეს, ა.ქ.-ს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ზ.ხ-ს. გამოძიება მათ სსკ-ის 109-ე და 225-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც განზრახ მკვლელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს .

 

| რა ეტაპზეა საქმის წარმოება 

 

სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვნის საქმის არსებითი განხივლა დასრულდა.

“სასამართლო თუ სამართლიან განაჩენს გამოიტანს, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენი დადგება. თუმცა თუ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, მოსამართლის გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან მტკიცებულებები არ არსებობს მათ წინააღმდეგ“, – ამბობს დაკავებული ზ.ხ.-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი.

 

რაც შეეხება სრულწლოვნებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 ბრალდებულის საქმის არსებითი განხილვა 22 ოქტომბერს დაიწყო.

 

სასამართლო სხდომაზე როგორც დაცვის მხარემ, ასევე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. ბრალდების მხარემ შესავალ სიტყვაში მტკიცებულებებზე გაამახვილა ყურადღება. საქმის პროკურორის ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც სასამართლოზე მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს მიიღებს.

 

თავის მხრივ ბრალდების მხარის განმარტებით, არსებობს მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-მასალები, საგამოძიებო ექსპერიმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ბრალდებულებმა – არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა, ვახტანგ ჩიქოვანმა, ზ.ხ.-მ და ა.ქ.-მ  ჩაიდინეს.

 

| ნაფიცი მსაჯულების როლი შაქარაშვილის საქმეში

 

დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა იწყება

 

ბრალდების მხარის მოთხოვნით, 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებულის – არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

 

ნაფიცი მსაჯულები შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდებზე იმსჯელებენ.

 

რაც შეეხება ფეხბურთელის მკვლელობას, 109-ე მუხლს, რომელიც ბრალდებულებს აქვთ წარდგენილი, საქმის ამ ეპიზოდს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ბიძინა სტურუა განიხილავს, რადგან არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა, მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმეში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი თქვეს.

 

გორის რაიონულმა სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა შესარჩევი ეტაპი 19 ოქტომბერს დაიწყო.

 

| როგორია ოჯახის პოზიცია 

 

მომხდარი ტრაგედიიდან 4 თვის შემდეგ „პრაიმტაიმთან“ ოჯახის ადვოკატი და გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე საქმის მიმდინარეობას აფასებს. ნიკოლაძის თქმით, საქმის წარმოება სამივე ნაწილში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ამასთან საგამოძიებო უწყებასთან ოჯახს არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

 

მისივე განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

„სამი საქმიდან ერთ-ერთი წინ უსწრებს დანარჩენ საქმეებს, ეს არის არასრულწლოვნების საქმე. სავარაუდოდ, ერთ-ორ პროცესში უნდა დასრულდეს, ვინაიდან დასკვნით სტადიაზე არიან და აქ უკვე მალე გავიგებთ შედეგებს.

 

ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ ორივე შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა. რაც შეეხება პირველად კონფლიქტს, რომელშიც გიორგი საერთოდ არ მონაწილეობდა, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, პოზიცია მას შემდეგ გვექნება, რაც პროკურატურა ჩვენს წინაშე დააყენებს ამ პირებისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხს.

 

რა თქმა უნდა, ეს მათი ტაქტიკის ნაწილია, რომ ნაფიცი მსაჯულები აირჩიონ სწორედ იმ ეპიზოდში, სადაც აქვთ აღკვეთის ღონისძიება და არა ყველაზე უფრო მძიმე ნაწილში, რომელიც არის გიორგის განზრახ მკვლელობა“, – აღნიშნავს მირიან ნიკოლაძე.

 

– რა იყო მოტივი, რატომ მოკლეს გიორგი შაქარაშვილი?

 

– ამ ქვეყანაში აღარ აღმოიფხვრა ეს უბნური რაზბორკები“. უდანაშაულო ბავშვი მოგვიკლეს აი ამ სისულელის გამო, ვიღაცამ ვიღაცას სცემა და შემდგომ იმ ვიღაცას ანგარიშსწორების სურვილი გაუჩნდა. ყველას ჰქონდა თანაბარი შანსი, მათ შორის ამირხანაშვილს, ქათამაძეს, ახვლედიანს, ყველა იყო ამ რისკის მატარებელი. უბრალოდ გიორგი რადგან ყველაზე სწრაფად გარბოდა, საბოლოო ჯამში ის აღმოჩნდა დამნაშავეების ხელში და მის მიმართ მოხდა ანგარიშსწორება. მოგეხსენებათ ქათამაძე და ახვლედიანი საერთოდ ვერ იპოვეს, ამირხანაშვილი, უკვე გიორგის განზრახ მკვლელობის შემდეგ ალიბად დასჭირდათ და მის მიმართ ანგარიშსწორებას ადგილი ვეღარ ექნებოდა.

 

– მომხდარ დანაშაულზე მხოლოდ 17 პირია პასუხისგებაში მიცემული. ხომ არ ფიქრობთ, რომ საქმის მიმდინარეობისას შესაძლო დამნაშავეთა წრე უნდა გაფართოვდეს? 

 

– დამნაშავეთა წრის გაფართოებაზე ვინც საუბრობს, ეს უბრალოდ შეთქმულების თეორიებია, თორემ ნახალოვკიდან 5 მანქანა წამოვიდა და არა ორი, სამი გზაში დაიკარგა. სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით ვერ მოხერხდა მათი მისვლა ადგილზე. ამ თვალსაზრისით ისინიც დამნაშავეები არიან, მაგრამ ვერ მტკიცდება ეს.

 

იტყვიან, რომ შეგნებულად არ მისულან, სხვაგან გადაუხვიეს რათა არ მიეღოთ ამაში მონაწილეობა, მაგრამ პოტენციურად იმ სამი მანქანის ხალხიც მონაწილეები არიან 225 მუხლის მიხედვით, მაგრამ ვერ უმტკიცებ და რა უნდა ქნა?!

 

 

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა. მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.

 

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით.  გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X