13:00 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

რა კავშირი აქვს ანტალიაში დღეს მომხდარ მკვლელობას, ორთაჭალაში 3 წლის წინანდელ თავდასხმასთან

რა კავშირი აქვს ანტალიაში დღეს მომხდარ მკვლელობას, ორთაჭალაში 3 წლის წინანდელ თავდასხმასთან

დღეს დილით ანტალიაში  პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი მოკლეს. ის წარმოშობით დმანისელი გახლდათ და საქართველოს მოქალაქეობასაც ფლობდა. 47 წლის სალიფოვს კრიმინალურ სამყაროში „ლოტი გულის“ მეტსახელით იცნობდნენ.

 

მრავალწლიანი პატიმრობის შემდეგ მან აზერბაიჯანის ციხე 2018 წელს დატოვა და პირველი რაც გააკეთა, ბაქოში დასაფლავებული მისი მარჯკვენა ხელის, ელშან მამედოვის საფლავი მოინახულა და როგორც აზერბაიჯანული პრესა წერდა, პირობა დადო, რომ მამედოვის მკვლელებზე შურს იძიებდა. ამის შემდეგ სალიფოვი თურქეთში დასახლდა და პრეტენზია გამოცხადა ნომერ პირველ „კანონიერ ქურდობაზე“.

 

ელშან მამედოვი 2017 წლის 12 სექტემბერს ორთაჭალაში, რესტორან „მასპინძელოსთან“ მოკლეს.

 

ვინ შეუკვეთა „გულის“ მარჯვენა ხელის მკვლელობა და უშუალოდ ვინ ესროლა მას თბილისის ცენტრში 3 წლის წინ?

 

ფარული ჩანაწერი: კრიმინალური ავტორიტეტი „ბაჯუნა“ და მამაკაცი, რომელსაც ფულს სძალავენ
2020-07-29ფარული ჩანაწერი: კრიმინალური ავტორიტეტი „ბაჯუნა“ და მამაკაცი, რომელსაც ფულს სძალავენ

 

ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ უფრო ვრცლად გიამბობთ, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ ნადირ სალიფოვის კლანს უკავშირდება 2016 წლის აგვისტოში, სტამბოლში ცნობილი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის მკვლელობა.

 

ძმები სალიფოვების დაჯგუფებას საკუთარი გავლენები აქვს საქართველოშიც, სადაც ბოლო წლებში ამ ჯგუფის არაერთი წევრი დააპატიმრეს.

 

ნადირ სალიფოვის ამბიციებსა და ქურდული სამყაროს ტახტზე ასვლის სურვილს უკვე შეეწირა რამდენიმე „ავტორიტეტი“. მაგალითად, დავით ალხანიშვილი (დათო პანკისკი), რომელიც 2017 წლის დეკემბერში ასევე სტამბოლში მოკლეს.

 

ეთნიკურად ჩეჩენი ალხანიშვილი პანსკისში დაიბადა. ბოლო პერიოდში მისი გავლენები საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის ცნობილ ჩეჩენ „კანონიერ ქურდს“ აზიზ ბატუკაევს გაურიგდა.

 

ბატუკაევის ჩეჩნური კლანი ერთ-ერთია, ვინც ნადირ სალიფოვისთვის პრობლემას წარმოადგენდა.

 

მაგალითად, დათო ალხანიშვილმა რამდენჯერმე გადაუღობა გზა „გულის“, რომელიც ფიქრობდა, რომ ყველა პრობლემური საკითხი პირადად მასთან უნდა გადაწყვეტილიყო.  როგორც ჩანს, ალხანიშვილმა ეს არ გაითვალისწინა, რის შემდეგაც ის სტამბოლში ჩაცხრილეს.

 

სალიფოვს პრობლემები ჰქონდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთშიც, სადაც სიტუაციის დასალაგებლად თავისი უახლოესი მეგობარი, რაშად ისმაილოვი გაგზავნა, თუმცა ადგილობრივმა „კანონიერმა ქურდმა“ რაულ ბარცბამ (პიზა) მას ცეცხლი გაუხსნა. ისმაილოვი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ, რამდენიმე თვის წინ სოხუმის ცენტრში რაულ ბარცბას გარემოცვის უახლოესი წევრები – ალხას ავიძბა და ასტამურ შამბას ჩაცხრილეს. კვალი აქაც „გულისთან“ მიდიოდა.

 

პრესა და სამართალდამცავი უწყებები დიდი ხანია ვარაუდობდნენ, რომ მთელი ეს დაპირისპირებები ნადირ სალიფოვის ლიკვიდაციით დასრულდებოდა, თუმცა ვინ დგას რეალურად მისი მკვლელობის უკან?

 

მას ნამდვილად ბევრი მტერი ჰყავდა, თუმცა ყველაზე რეალურად ორი მაინც ვერსია განიხილება – კალაშოვის ნათულულის, გურამ ჩიხლაძის, იგივე „კვეჟოვიჩის“ შურისძიება, რომელსაც ბოლო პერიოდში სალიფოვის გარემოცვასთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა და რამდენიმე დღის წინ ეს დაპირისპირება ანტალიაში ხელჩართულ ჩხუბშიც გადაიზარდა.

 

Exclusive: ცოლმა ქმარს „კანონიერ ქურდთან“ უჩივლა - დაკავებულია ათამდე პირი
2020-06-24Exclusive: ცოლმა ქმარს „კანონიერ ქურდთან“ უჩივლა - დაკავებულია ათამდე პირი

 

მეორე და ასევე ყველაზე სარწმუნო ვერსიით, კი ნადირ სალიფოვის მკვლელობა 3 წლის წინ თბილიში, აბანოთუბანში მომხდარი მკვლელობის გაგრძელებაა.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2017 წლის 12 სექტემბერს თბილისში ნადირ სალიფოვის უახლოესი მეგობარი, ელშან მამედოვი ჩაცხრილეს.

 

აღნიშნული დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს რუსეთის ფედერაციის ორ მოქალაქეს – 42 წლის ჰუსეინ ისკანდეროვს და 38 წლის ემინ ახმედოვს. ორივე მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და ოფიციალური ძებნა გამოცხადდა. ისინი მოგვიანებით სანკტ-პეტერბურგში, სასამართლოს შენობასთან სხვა მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააპატიმრეს.

 

ორივე ბრალდებული – ჰუსეინ ისკანდეროვი და ემინ ახმედოვი, ნადირ სალიფოვთან დაპირისპირებულ ჯგუფს წარმოადგენდნენ და მამედოვის მკვლელობით მათ შური იძიეს ასევე ცნობილი „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის (ლენკორანსკი) მკვლელობის გამო.

 

როგორც ცნობილია, ჯანიევი 2016 წლის სექტემბერში სტამბოლში მოკლეს. მკვლელობის შემკვეთად – იმ დროისთვის აზერბაიჯანის ციხეში მყოფი ნადირ სალიფოვი, უშუალო შემსრულებლად კი სწორედ ელშან მამედოვი სახელდებოდა.

 

რაც შეეხება აბანოთუბანში მამედოვის ჩაცხრილვას, დადასტურებული ინფორმაციით, 2017 წლის 12 სექტემბერს მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ის რესტორანში ნადირ სალიფოვის უახლოეს გარემოცვასთან, მათ შორის ილჰამ გაჯიევთან ერთად იმყოფებოდა.

 

მოულოდნელად მან ყავის დალევა შეწყვიტა, რესტორნიდან გავიდა და „ტოიოტა ლენდ კრუიზერის“ მარკის ავტომობილში (სანომრე ნიშნებით GO-360-OO) ჩაჯდა, რა დროსაც გაისმა გასროლის ხმა.

 

მამედოვს სამი ტყვია თავის არეში ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

 

ვინ შეუკვეთა ელშან მამედოვის მკვლელობა, რომელიც დიდი ალბათობით ნადირ სალიფოვის მკვლელობის დამკვეთიც იყოს?

 

სხვადასხვა წყაროების მონაცემებით, როვშან ჯანიევის მკვლელობის შემდეგ მამედოვმა  ჯანიევის გარემოცვის წევრს, აზერბაიჯანელ კრიმინალურ „ავტორიტეტ“ რაფიკ აივაზოვს  საკუთარ რესტორანში ყური მოაჭრა, მოგვიანებით კი მოჭრილი ყურის ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამედოვის მკვლელობის ფინანსური მხარე 2016 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“ როვშან ჯანიევის ოჯახმა უზრუნველყო.

 

კერძოდ, საუბარია როვშან ჯანიევის ცოლისძმაზე, ზაურ ახმედოვზე, რომელიც გახლავთ მოსკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსაწარმოს, „ფუდ სიტის“ აქციონერი.

 

დასახელდა კონკრეტული თანხაც, რომელიც ზაურ ახმედოვმა მამედოვის მკვლელობაში გადაიხადა. საუბარია 500 ათას დოლარზე. ქართველი სამართალდამცველების მიერ ელშან მამედოვის მკვლელობაში მხილებული ერთ-ერთი პირი, ემინ ახმედოვი სწორედ ზაურ ახმედოვის ძმა გახლავთ.

 

ასე, რომ დიდი ალბათობით, დღეს დილით ანტალიაში ქურდული სამყაროს ყველაზე გავლენიანი პირის ლიკვიდაცია სწორედ ამ კლანს უკავშირდებოდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაჯგუფებებს შორის სისხლისღვრა კვლავ გაგრძელდება.

ავტორი: Prime Time

X