21:55 | 2020-09-10 ავტორი: Prime Time

რამდენად ახლოს ვართ კორონავირუსის განკურნებასთან – ნახეთ მოკლედ, რა გზა განვლეს მეცნიერებმა

რამდენად ახლოს ვართ კორონავირუსის განკურნებასთან – ნახეთ მოკლედ, რა გზა განვლეს მეცნიერებმა

მე-7 თვეა, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. მეცნიერები ყველა გზას ხმარობენ იმისთვის, რომ მიაკვლიონ მედიკამენტს, რომელიც ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნებაში დაეხმარებათ.

 

მსოფლიოს ყველა ქვეყანა კორონავირუსის ვაქცინის შექმნაზე მუშაობს.

 

რა გზა განვლეს მეცნიერებმა – სამკურნალო საშუალებების მოძიების კუთხით?

 

კორონავირუსი - სამკურნალო პრეპარატები
კორონავირუსი – სამკურნალო პრეპარატები

 

 

  • მსოფლიო მასშტაბით კვლევას 150-ზე მეტი მედიკამენტი გადის. მათი უმეტესობა ყველასთვის კარგად ნაცნობი პრეპარატებია, რომლებსაც მეცნიერები კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ.

 

  • დიდ ბრიტანეთში ყველაზე დიდი კვლევა მიმდინარეობს, რომელშიც 12 ათასზე მეტი პაციენტი იღებს მონაწილეობას. მეცნიერთათვის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტი დექსამეტაზონია.

 

  • WHO-მ ყველაზე იმედისმომცემი მედიკამენტებისთვის „სოლიდარობის“ კვლევა წამოიწყო.

 

მოცემულ ეტაპზე კვლევა 3 ფართო მიდგომით მიმდინარეობს:

 

  • ანტივირუსული მედიკამენტები, რომლებიც ორგანიზმში უშუალოდ ვირუსს ებრძვიან.

 

  • მედიკამენტები, რომლებიც იმუნურ სისტემას ამშვიდებს. (ზოგიერთი ადამიანის იმუნური სისტემა ვირუსის ორგანიზმში შეღწევის დროს განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებს, რაც ჯანმრთელი ორგანოების დაზიანებასაც იწვევს).

 

  • ვირუსგადატანილი ადამიანების სისხლისგან მიღებული ან ლაბორატორიულ პირობებში დამზადებული ანტისხეულები, რომლებიც ვირუსს თავს ესხმიან.

 

დექსამეტაზონი, ჰიდროკორტიზონი, ჰიდროქსიქლოროქინი .. – ბოლო პერიოდში საკმაოდ ბევრი პრეპარატის სახელი გავიგეთ, რომლებსაც მეცნიერები კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავდნენ.

 

და მაინც რომელი მათგანია უფრო იმედისმომცემი?

 

დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია, თუმცა, ამ ეტაპზე იმედისმომცემად „დექსამეტაზონი“ გამოიყურება. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის პირველი შედეგების მიხედვით, პრეპარატმა „დექსამეტაზონმა“ ახალი კორონავირუსის მძიმე ფორმების მქონე ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებს შორის სიკვდილიანობა 1/3-ით შეამცირა. ჟანგბადდამოკიდებულებში კი ამ მაჩვენებელმა 20%-ი შეადგინა.

 

კვლევები კვლავ მიმდინარეობს.

 

პრეპარატი „დექსამეტაზონი“
პრეპარატი „დექსამეტაზონი“

 

 

აივ-მედიკამენტების გამოყენება კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურია?

 

არა!

 

პანდემიის პერიოდში აივ-მედიკამენტების – ლოპინავირისა და რიტონავირის შესახებ აქტიურად საუბრობდნენ. ლოპინავირი და რიტონავირი აივ-ინფექციის რეპლიკაციას (გაორმაგებას, გამრავლებას) ხელს უშლის.

 

თუმცა, კორონავირუსის წინააღმდეგ მათი ეფექტიანობის შესახებ არსებული მტკიცებულება მწირი აღმოჩნდა.

 

კორონავირუსი და აივ-მედიკამენტები
კორონავირუსი და აივ-მედიკამენტები

 

 

მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტების კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურია?

 

პასუხი აქაც იგივეა – არა!

 

ყველას კარგად ახსოვს დისკუსია ქლოროქინსა და მის მონათესავე ჰიდროქსიქლოროქინის შესახებ, რომლებიც ანტივირუსული და იმუნიტეტის დამამშვიდებელი ეფექტებით გამოირჩევიან.

 

აღნიშნული მედიკამენტები საჯარო განხილვის მიზეზი დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ გახდა.

 

თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მედიკამენტი COVID-19-ის წინააღმდეგ არაეფექტიანი აღმოჩნდა. მედიკამენტის კვლევა შეწყვიტა WHO-მაც.

 

პრეპარატი - „ჰიდროქსიქლოროქინი“

 

 

ვირუსგადატანილი სისხლის პლაზმით მკურნალობა ეფექტურია?

 

ადამიანებმა, რომელთაც დაავადება უკვე მოიხადეს, სისხლში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღენიშნებათ. შესაბამისად, არსებობს სამეცნიერო მოლოდინი, რომ ამგვარი სისხლის პლაზმის გადასხმის შემდეგ, ორგანიზმში მოხვედრილი ანტისხეულები ვირუსს შეეწინააღმდეგებიან.

 

რამდენ ხანში გვექნება კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი?

 

შესაძლებელია ვერასდროს მივაგნოთ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატს. ისევე როგორც არ გვაქვს გაციებისა და გრიპის სამკურნალო კონკრეტული მედიკამენტი.

 

GUARDIAN: Covid-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ხანდაზმულებისთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს
2020-06-24GUARDIAN: Covid-19-ის ვაქცინა, შესაძლოა, ხანდაზმულებისთვის ეფექტური არ აღმოჩნდეს

 

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებს, ვაქცინებთან შედარებით, სამკურნალო მედიკამენტების შესახებ ახალი ინფორმაცია უფრო მალე ექნებათ. ამის მიზეზი ის არის, რომ COVID-19-ის სამკურნალოდ ფარმაკოლოგიურ ბაზარზე უკვე არსებულ მედიკამენტებს იყენებენ, რომელთა გვერდითი ეფექტების შესახებ კარგადაა ცნობილი.

 

ვაქცინების შემთხვევაში კი ყველაფერი ნულიდან იწყება. ზოგიერთი სრულიად ახალი, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული მედიკამენტი ჯერ კიდევ ლაბორატორიული კვლევის ფაზაშია. მათი პაციენტებზე გამოყენება ჯერ კიდევ ადრეა.

 

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X