fbpx
12:24 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

რა გველის შეზღუდვებით და შეზღუდვების გარეშე? – უახლესი კოვიდ-პროგნოზი ციფრებში

რა გველის შეზღუდვებით და შეზღუდვების გარეშე? – უახლესი კოვიდ-პროგნოზი ციფრებში

ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტი“ (IHME) დეკემბრის პირველ კვირაში საქართველოში კოვიდვითარების მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებს, რის გამოც საქართველოს მთავრობა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს ამკაცრებს.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული ამერიკული ინსტიტუტის გამოთვლებით, დეკემბრის დასაწყისში საქართველოში მოსალოდნელია კოვიდშემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდა, სწორედ აქედან გამომდინარე, ამერიკული ინსტიტუტი იძლევა რეკომენდაციას შეზღუდვების გაფართოების შესახებ.

 

„პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით. იცით რომ აქტიურად ვთანამშრომლობთ ვაშინგტონი უნივერსიტეტის „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტთან“, რომელიც აკეთებს ყოველკვირეულ განახლებებს სხვადასხვა რეგიონის. რადგან ჩვენ ვართ ახლო პარტნიორები, გვიკეთებს საქართველოს პროგნოზირებასაც. მათი გათვლებით, განსაკუთრებით საყურადღებო იქნება დეკემბრის პირველი კვირა, როგორც შემთხვევათა, ისე სიკვდილიანობის ზრდის მხრივ.

 

მათი პროგნოზით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება კოვიდშემთხვევების ზრდა. პირდაპირ არის მითითებული, რომ თუ არ შემოვიღეთ, ან უფრო არ გავამკაცრეთ არსებული შეზღუდვები პიკი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ამ პროგნოზებზე დაყრდნობით, საქართველოსთვის აუციელებლია გამკაცრდეს რეგულაციების აღსრულება და გავაფართოვოთ წერტილოვანი შეზღუდვები, რაც შეიძლება უფრო მკაცრი მასშტაბით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

IHME-ს გამოთვლები ეფუძნება მოვლენათა სამგვარ განვითარებას. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ღონისძიებებს მიმართავს კონკრეტული ქვეყნის მთავრობა.

 

პირველი სცენარი გულისხმობს ვითარებას, როდესაც მოქმედებს გარკვეული ტიპის შეზღუდვები, თუმცა საზოგადოების მხრიდან სოციალური დისტანცია მცირდება. ასეთ შემთხვევაში 2021 წლის 1-ელი მარტისთვის საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მიაღწევს საშუალოდ 3702 ადამიანს.

 

ნიღბების საყოველთაო, 95%-იანი გამოყენების შემთხვევაში, 1-ელი მარტისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა იქნება 2829 ადამიანი, ხოლო შეზღუდვების გამარტივების შემთხვევაში გარდაცვლილთა რიცხი 9979-ს მიაღწევს.

 

26 ნოემბრის მონაცემებით ქვეყანაში 1124 პაციენტია გარდაცვლილი.

 

IHME-ს პროგნოზით, შეზღუდვების გამარტივების შემთხვევაში გარდცვალების პიკი მოსალოდნელია იანვრის შუა რიცხვებში, რა დროსაც საქართველოში დღიურად 130-მდე ადამიანი დაიღუპება.

 

ნიღბების საყველთაო გამოყენების შემთხვევაში კი პიკი მოსალოდნელია დეკემბრის პირველ კვირაში, უფრო ზუსტად კი 9 დეკემბერს, როდესაც გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 66-მდე გაიზრდება.

 

ამავე გამოთვლებით, ნაკლები შეზღუდვების პირობებში 25 დეკემბრისთვის კოვიდინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 23 500-ს გადააჭარბებს, შეზღუდვების პირობებში ეს რიცხვი 3800-ზე მეტია, ხოლო ნიღბების მასობრივი გამოყენების შემთხვევაში ინფიცირებულთა რაოდენობა 1739-მდე შემცირდება.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X