fbpx
15:57 | 2020-03-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში

რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში

საქართველოს პრეზიდენტმა ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში:

 

1. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, იმისათვის, რათა სახელმწიფომ შეასრულოს მისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებები:

 

ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი:

 

ა.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

 

ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:

 

ბ.ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები, რომელთა დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

 

ბ.ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;

 

ბ.გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესით დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, რომლის დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

 

გ) საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი:

 

გ.ა) შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში „პატიმრობის კოდექსით“ გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.

 

დ) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი:

 

დ.ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები.

 

ე) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი:

 

ე.ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;

 

ვ) საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:

 

ვ.ა) შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

 

ზ) საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი:

 

ზ.ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. ამ წესის დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

 

ზ.ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები, რომელთა დარღვევისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დაეკისრება ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა;

 

ზ.გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;

 

ზ.დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებული წესები და პირობები;

 

ზ.ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

 

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული წესით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.

 

5. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღევა გამოიწვევს:

 

ა) ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის – 15 000 ლარის ოდენობით;

 

ბ) ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

 

6. ამ დეკრეტის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

7. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.

 

8. დეკრეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.

 

9. დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X