fbpx
21:48 | 2020-11-20 ავტორი: Prime Time

რა გავიგეთ თავდამსხმელის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და პოლიციის მზადყოფნის შესახებ – 4-საათიანი სპეცოპერაციის ქრონიკა

რა გავიგეთ თავდამსხმელის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და პოლიციის მზადყოფნის შესახებ – 4-საათიანი სპეცოპერაციის ქრონიკა

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სის” შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 4 საათის წინ შეიჭრა.

 

ცნობილია, რომ თავდამსხმელი ხელყუმბარით იყო შეიარაღებული და შენობაში მყოფი 9 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი.

 

მოგვიანებით “facebook live-ის” მეშვეუობით თავდამსხმელმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და  სამი მოთხოვნაც წამოაყენა.

 

მისი მოთხოვნებია: აზარტული თამაშების გაუქმება, სესხის განაკვეთის 7 პროცენტამდე დაწევა, მედიკამენტებზე ფასების შემცირება.

 

ვიდეო მიმართვიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაშია.

 

ამასობაში გავარკვიეთ, ვის ეკუთვნის კომპანია, სადაც შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. გია პეტრიაშვილმა, მიკროსაფინანსო საჯარო რეესტრში 2012 წლის 5 დეკემბერს დაარეგისტრირა. მას კომპანიაში დირექტორის თანამდებობაც უკავია.

 

„პრაიმტაიმმა“ ასევე გაარკვია რომ მამაკაცი, რომელიც დღეს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, წარმოშობით ბორჯომელი, ლევან ზურაბაშვილია. ამჟამად თბილისში ორხევის დასახლებაში ცხოვრობს.

 

ამასთან, სამართალდამცავები თავდამსხმელის სახლშიც მივიდნენ, სადაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეზობლებმა განუმარტეს, ზურაბაშვილს ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლეს კი ცოტა ხნის წინ დაშორდა.

 

„სახლში ჰყავს დედა, თვითონ ხშირად სვამს, თორემ ისე გადასარევი ბიჭია. როგორც ვიცი თამაშობდა, ერთი სახლი ამის გამო ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია ჩადებული და დედამისი ქუჩაში რჩება“, – გვიყვება თავდამსხმელის მეზობელი.

 

მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემ ბი სიმ” და განაცხადა, რომ კომპანია სრულ კოორდინაციაშია შსს-თან და მათი მითითებების მიხედვით მოქმედებენ.

 

„გვინდა გავაკეთოთ განცხადება ამ მომენტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით: ჩვენი კომპანია სრულ კოორდინაციაშია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს. შექმნილ მდგომარეობაში, თანამშრომლების ჯამრთელობა და უსაფრთხოება “ემბისი”-ს უპირველესი ამოცანაა,” – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

შემდეგ ქსელში თავდამსხმელის მეორე ვიდეომიმართვაც გავრცელდა. ის პოლიციასა და ჯარს მოუწოდებდფა, რომ გარეთ გამოსულიყვნენ, შეკრებილიყვნენ და მადლობა შეეწირათ უფლისთვის, ედიდებინათ, რადგან „დღეს დაიწყო საქართველოს აღდგენა, საქართველოს გამარჯვება“.

 

ვიდეომიმართვიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა, ლევან ზურაბაშვილმა 2 მძევალი გაათავისუფლა.

 

რამდენიმე წუთში კი შსს-ის პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადება გავრცელდა – „ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი დაკავებულია!“

 

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ შეაჯამა. მისი განცხადებით, ღონისძიება წარმატებით დასრულდა.

 

„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე, შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X