fbpx
18:52 | 2020-07-10 ავტორი: Prime Time

რა გავიგეთ დღეს შაქარაშვილის საქმეზე – დეტალურად 

რა გავიგეთ დღეს შაქარაშვილის საქმეზე – დეტალურად 

დღეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დასკვნა გამოაქვეყნა.

 

დოკუმენტს ხელს ოთხი ექსპერტი აწერს:

 

ეკა ჩავლეიშვილი – სამხარაულის ბიურო, 26 წლის სტაჟით.

 

რევაზ კაპანაძე – სამხარაულის ბიურო, 60 წლის სტაჟით.

 

ციური მიქაბერიძე – სამხარეული ბიურო, 33 წლის სტაჟით.

 

კახაბერ ერისთავი – ექსპერტიზის ცენტრი „ვექტორი“, 35 წლის სტაჟით.

 

რა წერია დოკუმენტში, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახი, გამოძიება, მედია და მთელი საზოგადოება თითქმის სამი კვირის განმავლობაში ელოდა?

 

ექსპერტიზას პასუხი უნდა გაეცა გამოძიების მიერ დასმულ შემდეგ კითხვებზე:

 

→ აღენიშნება, თუ არა გიორგი შაქარაშვილის გვამს სხეულზე რაიმე სახის დაზიანება? დადებითი პასუხის შემთხვევაში, რითია მიყენებული, რა სახის და ხარისხის დაზიანებებია? არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში აღნიშნული დაზიანებები გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან?

 

→ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალოდ მიზეზი და როდის დადგა იგი? გიორგი შაქარაშვილის სხეულზე აღინიშნება თუ არა ცეცხლნასროლი ჭრილობა? დადებით შემთხვევაში განისაზღროს სროლის მანძილი, ტრაექტორია, ასევე იარაღი, რითაც განხორციელდა გასროლა.

 

→ ჭრილობების არსებობის შემთხვევაში განისაზღვროს, რითია მიყენებული? როგორია სხეულზე ჭრილობების არხების მიმართულებები? და არის თუ არა გარდაცვალებასთან მიზეზობრივ კავშირში?

 

→ განისაზღვროს სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა?

 

→ გიორგი შაქარაშვილის გვამის გამოკვლევიდან გარდაცვალებამდე, რა დროა გასული?

 

→ გიორგი შაქარაშვილის ორგანიზმში შეინიშნება თუ არა ალკოჰოლური, ნარკოტიკული, მომწამვლავი, ან ფსიქოტროპული ნივთიერებების კვალი?

 

დასკვნა

 

  • ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

 

  • გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები:

 

შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

 

  • ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

 

  • ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა თითქმის ფხიზელ მდგომარეობაში (0,85% ეთილის სპირტი) და ასევე არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ.

 

დამოუკიდებელი ექსპერტის პოზიცია

 

კერძო საექსპერტო ცენტრის, „ვექტორის“ ხელმძღვანელი ალეკო გეჯაძე გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები მიეღო წყალში გადაადგილებით.

 

„ეს დაზიანებები მუშტის დარტყმით ვერ განვითარდებოდა. რომელიც დაზიანება, რომელიც საგნით იყო მიყენებული, ან რა შემთხვევაში შეიძლება მიეღო, ამ საკითხზე, მაღალი ალბათობით გამოძიება დანიშნავს კომისიურ ექსპერტიზას“.

 

„ეს დაზიანებები წყალში გადაადგილებით და რაიმე საგნებზე შეჯახებით ვერ განვითარდებოდა“. 

 

„ნაკლებ სავარაუდოდ, რომ ეს დაზიანებები ერთი ადამიანის მიერ იყოს მიყენებული, თუკი ეს ცემის შედეგად მოხდა“.

 

პროკურატურის პოზიცია

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ.

 

კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.

 

აღნიშნული მუხლით სასჯელის სახით 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ოჯახის პოზიცია

 

ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია საზოგადოებას გარდაცვლილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ გააცნო.

 

ნიკოლაძის თქმით, „ტოიოტა ქამრიში” მყოფი ექვსივე პირი 109-ე მუხლით უნდა გასამართლდეს.

 

კითხვაზე, ვის შეიძლება დაუმძიმდეს ბრალი, შაქარაშვილის ბიძა პასუხობს:

 

„ეს გახლავთ „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რომლის შემდეგაც დადგა ასეთი მძიმე შედეგი.

 

გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები ... მგონია ისევ მოვა... - გიორგი შაქარაშვილის ნათლია (ვიდეო)
2020-07-14გადმოვიხედავ აივნიდან და ისევ ველოდები ... მგონია ისევ მოვა... - გიორგი შაქარაშვილის ნათლია (ვიდეო)

 

ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ექვსივე მათგანთან მიმართებაში. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, ეს გამოჩნდება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ექვსივე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

მისივე თქმით: „ყველა დაზიანება, ეს არის დახლოებით 12 სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რის შემდეგაც ის მდინარეში გადააგდეს“.

 

უახლოესი მოლოდინი

 

საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. უწყებაში დაგეგმილია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

 

ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.

 

საგამოძიებო ორგანოში ამბობენ, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი.

 

დამატებითმა ექსპერტიზებმა სხვა საკითხებთან ერთად ნათელი უნდა მოჰფინოს კითხვას – როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილის ჩანთა მდინარესთან, ხიდის მოაჯირზე? არსებობს თუ არა ჩანთაზე რომელიმე ბრალდებულის ბიოლოგიური ნიმუში? თუკი გიორგი შაქარაშვილი ცემეს და წყალში ჩააგდეს, როგორ მოხვდა წელზე მიმაგრებული ჩანთა ნაპირზე?

ავტორი: Prime Time


X