14:29 | 2020-05-08 ავტორი: თამარ გონგაძე

რა ენატრება ყველაზე მეტად და როგორ აპირებს 70 წლის იუბილის აღნიშვნას დავით კვირცხალია

რა ენატრება ყველაზე მეტად და როგორ აპირებს 70 წლის იუბილის აღნიშვნას დავით კვირცხალია

რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია იუბილარია.

 

“ჩემი ცოლის დაქალების” “გრიშა კაკაჩია” 70 წლის გახდა. პანდემიის გამო იუბილის აღნიშვნას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, ზაფხულში სამეგობროსთვის სუფრის გაშლას ვერ აცდება.

 

დავით კვირცხალია: – მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, 70 წლის გავხდი!

 

როგორმა გაიღვიძეთ 70 წლის ასაკში?

 

– ისეთივემ, როგორიც 69 წლის ასაკში. ბედს არ ვუჩივი. ჯანმრთელობა, ღვთის წაყლობით, არ მღალატობს. სანამ კორონა დაიწყებოდა აქტიური ვიყავი, მაგრამ ახლა, ძალაუნებურად, მოვდუნდი.

 

– ამ პანდემიისას რა გენატრებათ?

 

– ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა და პურ-მარილი მენატრება. 4-5 კაციანი შეკრება, სიცილი, მოლხენა… შარშანწინ, ჩემ დაბადების დღეზე, ერთი მეგობარი გარდაიცვალა, შარშან – მეორე მეგობარი, ისიც ჩემს დაბადების დღეზე.

 

გელა ახვლედიანი და დათო მესხი, ორი მოუნელებელი ადამიანი დავკარგე. ისეთი დათრგუნული ვიყავი, მეტი არ შეძლება. ვერც ერთი დაბადების დღე ვერ აღვნიშნე.

 

წელს კორონამ მიშველა. მე ძალიან კარგი სამეგობრო და სანაცნობო მყავს. 70 წელი ისეთია, ყველა ვარიანტში უნდა აღმენიშნა. ამის საშუალება არ იყო და “გავატარე”…

 

ძალიან ბევრ მილოცვას ვიღებ. პანდემია რომ ჩაივლის, მაინც მომიწევს აღნიშვნა.

 

შესაძლოა მშობლიურ სამტრედიაშიც აღნიშნოთ, არა?

 

– დიდი სიამოვნებით. ისე მინდა სამტრედიაში წასვლა, მეტი არ შეიძლება.

 

– პირველს რას გააკეთებთ რომ “ხსნილდება”?

 

– სვეტიცხოველში მივალ. მცხეთაში ბიძაჩემი ცხოვრობს, შეუძლოდაა და მოვინახულებ. და მერე წავალ სამტრედიაში, ალბათ. თუ დრო მექნება, რა საკვირველია და გადაღებაზე არ ვიქნები, ან თეატრში საჭირო.

 

მყარი გეგმა ცხოვრებაში არასდროს მქონია. ყველა შემოთავაზებას იმპროვიზაციულად ვეგებები.

 

უღრმესი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა, რომ გაგახსენდით. მადლობელი ვარ მაყურებლისაც და მკითხველისაც… გენაცვალეთ!

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X