fbpx
13:23 | 2021-02-23 ავტორი: Prime Time

რა დაიწერა საერთაშორისო მედიაში ნიკა მელიას დაკავების საქმეზე

რა დაიწერა საერთაშორისო მედიაში ნიკა მელიას დაკავების საქმეზე

საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში – „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების ფაქტს საერთაშორისო მედია ეხმაურება.

 

საქართველოს პოლიციამ ოპოზიციის მთავარი ლიდერი დააკავა, რაც პოლიტიკურ კრიზისს აღრმავებს,- საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს France24-ი სწორედ ამ სათაურით ეხმაურება.

 

France24-ი წერს, რომ პოლიციამ ოპოზიციური ლიდერის დასაკავებლად, მისი პარტიის შტაბის ძალადობრივი დარბევის დროს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

„ნიკა მელია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულია ოპოზიციის უამრავი მხარდამჭერი“,- იუწყება France24-ი.

 

ნიკა მელიას დაკავების ფაქტს Euronews-იც ეხმაურება.  გამოცემა აღნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დასაკავებლად ქართული პოლიცია ენმ-ს შტაბში შეიჭრა და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

„საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელმაც გასულ კვირას მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამო თანამდებობა დატოვა, განაცხადა რომ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებამ, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის გამწვავება გამოიწვიოს და მოქალაქეების კეთილდღეობას საფრთხე შეუქმნას“,- იუწყება Euronews-ი.

 

Euronews-ი აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა ღამე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში გაატარეს, რათა მელიას დაკავება თავიდან აეცილებინათ.

შვილო, გამაგრდი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაც შენ გიცავს - ანზორ მელია
2021-02-23შვილო, გამაგრდი, ყველაზე დიდი კრიტიკოსი დედაც შენ გიცავს - ანზორ მელია

 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგმიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიცია ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას პარტიის ოფისში შეიჭრა და დააკავა“,- ასე გამოეხმაურა Reuters-ი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს.

 

Reuters-ი იუწყება, რომ ნიკა მელიას 2019 წლის 20 და 21 ივნისის ქუჩის საპროტესტო აქციის დროს ძალადობის წაქეზებაში ადანაშაულებენ. თუმცა, მელია ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

 

Reuters-ის ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გადადგომისას განაცხადა, რომ მელიას დაკავება მიუღებელი იყო მისთვის, თუკი ეს ქვეყანაში პოლიტიკური უთანხმოების გაძლიერებას ხელს შეუწყობდა.

 

DW იუწყება, რომ თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა ოპოზიციისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან შეშფოთება გამოიწვია. გამოცემას მოყვანილი აქვს ბრიტანეთის ელჩის, მარკ კლეიტონისა და მეთიუ ბრაიზას გამოხმაურებები.

 

APA წერს, რომ პოლიციამ ოპერაციის დროს წიწაკი სპრეი გამოიყენა.

 

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის ლიდერი, ნიკა მელია დააკავა,-  ამ სათაურით ეხმაურება რუსული სააგენტო, TASS-ი მელიას დაკავების ფაქტს.

 

„მელიას ბრალი ედება 2019 წლის 20 და 21 ივნისის არეულობების ორგანიზებაში, რომელიც პარლამენტში შეჭრის მცდელობით დასრულდა. 2019 წლის ივნისში სასამართლომ მელია  გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დაავალა, მაგრამ 2020 წლის ნოემბერში, საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე მელიამ ის მოიხსნა და გადააგდო. ამის შემდეგ პროკურატურამ გირაოს ოდენობის გაზრდის შესახებ სასამართლოს მიმართა. მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა და ეს ყველაფერი პოლიტიკურ დევნას დაუკავშირა. თუ პოლიტიკოსი დამნაშავედ ცნეს, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“,- წერს TASS-ი.

 

Telegraph-ი წერს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  საქართველო პოლიტიკური კრიზისის შუაგულში იმყოფება.

ვინ როგორ აფასებს ნიკა მელიას დაკავებას
2021-02-23ვინ როგორ აფასებს ნიკა მელიას დაკავებას

 

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

 

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

ავტორი: Prime Time
X