17:01 | 2020-03-06 ავტორი: Prime Time

რა ბედი ელით იტალიაში მყოფ საქართველოს არალეგალ ემიგრანტებს?!

რა ბედი ელით იტალიაში მყოფ საქართველოს არალეგალ ემიგრანტებს?!

დღეს, სოციალურ ქსელში წერილი გავრცელდა, სადაც იტალიაში მცხოვრები არალეგალი ქართველი ქალი, საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავს. წერილის პირველ ნაწილში ის ემიგრაციაში ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებზე საუბრობს. დასასრულს კი, გიორგი გახარიას მიმართავს.

 

„იტალიის ხელისუფლება სრულ მზადყოფნას აცხადებს საკუთარი მოქალაქეების დასაცავად. საქართველოს ხელისუფლებაც მზადაა დაიცვას მოსახლეობა, მაგრამ ვინ დაგვიცავს ჩვენ, იტალიაში არალეგალურად მცხოვრებ და დასაქმებულ ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს?! მით უფრო, როცა იტალიის ხელისუფლებამ ჩვენი არსებობაც კი არ იცის, ოფიციალურად. საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩვენ სავიზო რეჟიმის დამრღვევ მოქალაქეებად მოვიაზრებით და შინ დაბრუნების შემთხვევაში, ჯარიმითაც გვემუქრება. ბატონო გიორგი, კორონავირუსმა ჩვენამდე რომ მოაღწიოს, ვის უნდა მივმართოთ?! გთხოვთ, განგვიმარტოთ, იღებს ვინმე ჩვენზე პასუხისმგებლობას, თუ მარტო ღმერთის იმედზე ვიყოთ?!“ – ნათქვამია წერილში.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა რა ბედი ელით იტალიაში მცხოვრებ არალეგალ ემიგრანტებს?! ამ კითხვით იტალიაში საქართველოს საელჩოს მივმართეთ.

 

როგორც ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ან საგანგებო ვითარების პერიოდში იტალიის ჯანდაცვის სისტემით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, განურჩევლად მისი სამართლებრივი სტატუსისა.

 

„საქართველოს საკონსულოსთვის ან ადგილობრივი ჯანდაცვის სისტემისთვის მიმართვის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე მიიღებს კანონით დადგენილ ყველა დახმარებას და მომსახურებას, განურჩევლად ადგილსამყოფელ ქვეყანაში მისი სტატუსისა.

ამასთან, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მნიშვნელოვანია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა, რაც დაეხმარება საქართველოს საკონსულო დაწესებულებას მათთან ეფექტიან და დროულ კომუნიკაციაში საჭირო დახმარების გასაწევად.

 

საკონსულო აღრიცხვაზე დასადგომად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://www.geoconsul.gov.ge/ka/register/consulate“- ნათქვამია განცხადებაში.

 

საქართველოს საელჩო იტალიაში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელი ხაზის ნომერზე: +333 8879123. მდგომარეობიდან გამომდინარე ასევე, ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის დამატებითი ორი ნომერი: +39 3501312131; +39 3501483114.

 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია საგანგებო ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, ამ დროის მონაცემებით, ინფიცირებულია 9 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები