fbpx
15:18 | 2021-02-21 ავტორი: Prime Time

ქვეყნის მთავარი კანონი 100 წლისაა – რა წერია საქართველოს პირველ კონსტიტუციაში

ქვეყნის მთავარი კანონი 100 წლისაა – რა წერია საქართველოს პირველ კონსტიტუციაში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებულია 1921 წლის 21 თებერვალს, საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ.

 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა; საქართველოს დედაქალაქი არის ტფილისი, სახელმწიფო ენა – ქართული; საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მართვა-გამგეობის ფორმის გაუქმება არ შეიძლება გახდეს კონსტიტუციის გადასინჯვის წინადადების საგნად.

 

 

პირველი ქართული კონსტიტუციით განისაზღვრა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც იმავდროულად ხასიათდებოდა ბევრი თავისებურებით:

 

· კონსტიტუცია აღიარებდა ადამიანის უფლებებსა და სამართლის უზენაესობის პრინციპს;

 

· გარანტირებული იყო კანონის წინაშე ყველას თანასწორობა, წოდებრივი განსხვავების არარსებობა, ქალთა საარჩევნო უფლება. აღსანიშნავია, რომ ქალთა თანასწორი საარჩევნო უფლების აღიარება მანამდე კანონის დონეზე მოხდა, უფრო ადრე, ვიდრე არაერთ ევროპულ სახელმწიფოში;

 

· გაუქმებულ იქნა სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯის გამოყენება;

 

· განმტკიცებულ იქნა სეკულარული სახელმწიფოს პრინციპი;

 

· ისევე როგორც უმცირესობათა უფლებები, ასევე სხვა ძირეული სამოქალაქო-პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური უფლებები.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ, პარლამენტში, კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი გამართულ ღონისძიებაზე იმის შესახებ ისაუბრა, თუ რას გულისხმობდა დოკუმენტი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ქვეყნის დემოკრატიული საფუძვლის შესაქმნელად.

 

„1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების შემდგომ, შეიქმნა კომისია, რომელსაც დაევალა კონსტიტუციის პროექტის შემუშავება. კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის დაწყება და სამუშაო პროცესის ქრონიკა ნათელყოფს ქართული პოლიტიკური კლასის მოწიფულობას. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, იმდროინდელ ევროპაში, სადაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იმპერიების დაშლის შედეგად, ახალი სახელმწიფოები წარმოიქმნა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო გადაედგა კონსტიტუციური აღმშენებლობის მსგავსი გაბედული სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. გულწრფელად აღმაფრთოვანებელია ქართული საზოგადოების მზაობა, შეექმნა ლიბერალურ საწყისებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური საფუძვლები“ – განაცხადა მერაბ ტურავამ.

 

მისივე განცხადებით, აღიარებულია, რომ 1921 წლის კონსტიტუცია იმდროინდელ ევროპაში იყო გამორჩეულად პროგრესული სამართლებრივი დოკუმენტი, რის შესახებაც ხაზგასმით აღინიშნა არაერთი ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსის, საზოგადო მოღვაწის თუ მეცნიერის მიერ.

 

„გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანს-დიტრიხ გენშერი აღნიშნავდა, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტი ერთ-ერთი პროგრესული იყო ევროპის კონტინენტზე. უკვე მაშინ აღიარებდა იგი ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, დემოკრატია და სამართლებრივი სახელმწიფო, რომელსაც დღევანდელი ევროპა ეყრდნობა“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

 

„მოგეხსენებათ, რომ საომარი მდგომარეობის გამო, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, დევნილი ხელისუფლების მიერ, 1921 წელს პირველად ბათუმში დაიბეჭდა, ქალაქში, სადაც, სიმბოლურია, რომ დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, რომელიც წარმოადგენს მოქმედი კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

 

მისივე განცხადებით, დღეს მოქმედი კონსტიტუცია, თავის მხრივ, 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეყრდნობა.

 

 

„მიმდინარე წელი არის არა მარტო საქართველოს პირველი კონსტიტუციის საიუბილეო წელი, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს თავისი არსებობის 25 წლის იუბილეს“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

ავტორი: Prime Time
X