fbpx
18:12 | 2020-11-21 ავტორი: Prime Time

ქვეყანა არის კორონავირუსთან ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის – ზურაბ გურული

ქვეყანა არის კორონავირუსთან ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის – ზურაბ გურული

გვახსოვდეს, ეს არის საომარი სიტუაცია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის, – ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს.

 

„პანდემიის კრიტიკულ მომენტებში კლინიკები წყვეტენ გეგმიურ ოპერაციებს და გადადიან მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებზე, რომლებიც საჭიროა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობისათვის საშიში დისკომფორტის, მაგალითად აუტანელი ტკივილების მოსახსნელად. ასე მოხდა და ხდება ამერიკაში პიკური სიტუაციების დროს.

 

ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეწყვიტა იმის გამო, რომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციები და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილებების კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ თუ ეს ლოგიკა უდევს ამ გადაწყვეტილებას და დარწმუნებული ვარ რომ ასეა, აქ არაფერია აღსაშფოთებელი. პირიქით. კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ დგას ზამთრის განმავლობაში და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა.

 

რაც შეეხება მთავრობის ლიდერებს. თუ მათ სურთ, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადექვატურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული ვითარება, მაშინ კეთილი უნდა ინებონ, დაძლიონ თავმოყვარეობა და პატიოსნად აუხსნან ყველას რა კატასტროფის წინაშე დგას სახელმწიფო, მოინანიონ დაშვებული სტრატეგიული შეცდომები და ითხოვონ დახმარება და თანამშრომლობა როგორც ხალხისაგან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისაგან. სხვანაირად, არ ექნება მხარდაჭერა არაპოპულარულ, პრიმიტიულ, მაგრამ არსენალში ერთადერთ დარჩენილ ღონისძიებას – ჩაკეტვებს.

 

არჩევნების გაგრძელება დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ჩემი აზრით იყო დიდი უპასუხისმგებლობა, ისევე როგორც საერთოდ არჩევნების ჩატარება გვიან შემოდგომაზე, მაგრამ ამაზე საუბარს უკვე აზრი აღარ აქვს. ქვეყანამ უნდა დაიჯეროს, რომ ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალი რეალობაა. ამის აღიარებას სჭირდება სრული გულახდილობა და გამჭვირვალობა. მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოების სრული სპექტრისაგან სრული მხარდაჭერის მიღება. მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, სრული და უპირობო პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა შედეგებზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი. საზოგადოებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა მხოლოდ მორალურ კატეგორიაში არის და დარჩება”, – წერს ზურაბ გურული.

 

შეგახსენებთ, დღეს, 21 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მასთან, დღეს გამოჯანმრთელდა 3 851 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 33 .

ბოლო მოანცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2226 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 5879.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X