01:40 | 2020-05-13 ავტორი: თამარ გონგაძე

ქუჩაში პანჩურსაც კი ამოარტყამს ბიჭი გოგოს, ამიტომ ვისჯებით… – რაზე წუხს გივი სიხარულიძე

ქუჩაში პანჩურსაც კი ამოარტყამს ბიჭი გოგოს, ამიტომ ვისჯებით… – რაზე წუხს გივი სიხარულიძე

გივი სიხარულიძე რასაც ამ პერიოდში ყოველდღიურად აკეთებს, ეს ვარჯიში და წერაა. მსახიობმა და მწერალმა ექვსი მოთხრობა დაწერა და მათ, საზოგადოებას, სოციალური ქსელის მეშვეობით აკითხებს.

 

გივი სიხარულიძე: – მე წყლის მოთხილამურე ვარ, სპორტსმენი და ყოველდღიურად ვვარჯიშობ. “შანხაიში” ვცხოვრობ, ჩავდივარ სახლის ეზოში, არავის არ ვეკარები, 3 კილომეტრს გავდივარ და ვარჯიშებს ვაკეთებ. შემდეგ ავდივარ სახლში და მოთხრობებს ვწერ.

 

ჩემთვის პანდემიური კარანტინი საგანგაშო არ არის. რაც უფრო მეტად ვრჩები საკუთარ თავთან მარტო, მით მეტი დრო მაქვს წერისთვის.

 

მთელი ჩემი ცხოვრება კუს ტბაზე ვვარჯიშობ, მაგრამ ახლა თავს ვიკავებ. ძმაკაცები, მირეკავენ, აქ ამოდიო, მაგრამ არ ავდივარ, პატარა შვილიშვილები მყავს სახლში და ვფრთხილობ, რომ მათ რამე არ მივუტანო.

 

76 წლის ვარ და თავს, ღმერთის წყალობით, კაჟივით ვრძნობ. მაგრამ შეიძლება ხვალ გადავტრიალდე და მოვკვდე, ეს არავინ იცის.

 

ძალიან მიყვარს ხილი. მთელი ჩემი ცხოვრება ხილზე ვარ. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია.

 

მამაკაცს დიდი დოზით უნდა უყვარდეს ხილი და ქალი! ქალისადმი ტრფიალი თუ არ აქვს, ის კაცი დაბადებიდან მკვდარია.

 

თავს მოხუცად არ აღვიქვამ. ასაკში ისინი არიან, ვინც “გამოქლიავებული” დადის, ტრ….ში საყურით. მე გივი სიხარულიძე ვარ, 18 ათას ახალგაზრდას ვაჯობებ.

 

რამდენი მოთხრობა დაწერეთ ამ პერიოდში?

 

– ექვსი მოთხრობა დავწერე. ისე 22 წიგნის ავტორი ვარ. ჩემი “რჩეულები” სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. თუ ნამდვილად მწერალი ხარ და არ იბრალებ, ღმერთი გკარნახობს და ისე წერ.

 

იცით, ეს პერიოდი რატომ გვიდგას? მე ორი წელი ვაფრთხილებდი ხალხს, ხალხო, ნუ შეაქციეთ ღმერთს ზურგი და ხელი ნუ ჩამოართვით სატანს, ეს ცუდ ამბამდე მიგვიყვანს-მეთქი. აი! ცუდი საქციელით მსოფლიომ ზურგი აქცია ღმერთს. სატანამ კი აი ეს მოგვიტანა. ახლა ისევ უფალმა უნდა გადაგვარჩინოს.

 

მე ქალის მოყვარული კაცი ვარ, მაგრამ ქალი მხოლოდ სექსისთვის და უბედურებისთვის კი არ მიყვარს. ქალი რომ არ ყოფილიყო, არც რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” იქნებოდა, არც გალაკტიონის, არც ვაჟას და ბაირონის პოეზია და არც შექსპირის სონეტები…

 

ქალს მიეძღვნა ეს ყველაფერი. ეს მიძღვნა ფაქიზი გრძნობებით სავსე უნდა იყოს. დღეს კი რას ვხედავთ, ქუჩაში პანჩურსაც კი ამოარტყამს ბიჭი გოგოს. ყველაფერმა რომ ცხოველური ხასიათი მიიღო, აი, ამიტომ ვისჯებით…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X