23:02 | 2020-04-12 ავტორი: Prime Time

ქუჩაში დარჩენილი ფოთელ ცუცას მერია და კეთილი ადამიანები დაეხმარნენ

ქუჩაში დარჩენილი ფოთელ ცუცას მერია და კეთილი ადამიანები დაეხმარნენ

აბაშის მკვიდრი,ამჟამად კი ფოთში მცხოვრები ცუცა, იგივე 60 წელს გადაცილებული მანანა ტაბიძე რამდენიმე დღე ფოთის სასამართლოს შენობის წინ, ქუჩაში ღამეებს ათევდა. ამის შესახებ „თავისუფალი თაობა“ მულტიფუნქციური სოციალური სახლის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო საცხოვრებლის შენობაში მცხოვრებო ნაძირლებო, როგორ გამოაგდეთ ეს ქალი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან, სადაც ფოთის მერიამ შეასახლა ეს საცოდავი ქალი. თქვენც ხომ ყველანი “შეჭრილშესახლებულები” ხართ იქ როგორც უპოვრები, არადევნილები, სხვადასხვა სოფლებიდან ფოთში ჩამოხიზნულები.

 

რა უფლებით აუჭედეთ ამ უბედურს იმ ერთი ოთახის კარი, არაადამიანებო, მისი ნივთები, საბანი, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტებიც იქ რომ დაიყადაღეთ. ვინც ამაში მიიღეთ მონაწილეობა, არცერთი არ ხართ იმის ღირსი, რომ ფოთელებისგან მიიღოთ რაიმე დახმარება. მიბრძანდით თქვენ თქვენ სოფლებში და ამ ქალს მიეცით საშუალება ღამე ჭერქვეშ გაათიოს“, – წერდა მირცხულავა.

 

ფოთელი ცუცას საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ფოთის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს რომ „მუნიციპალიტეტიდან უზრუვლეყოფილია საკვებით და მედიკამენტებით აღნიშნული მოქალაქე, ასევე მიმდინარეობს მუშაობა თავშესაფრის მოძიების თაობაზე უმოკლეს ვადებში“, – გვითხრეს მერიაში.

 

ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ა.ა.ი.პ სოციალური მომსახურების ცენტრმა ჩვენი მიმართვიდან რამდენიმე საათში, მანანა ტაბიძეს, ცუცას უპოვართა სასადილოდან საკვები ახალ თავშესაფარში, „მულტიფუნქციური სოციალური სახლის“ ტერიტორიაზე მიუტანა, სადაც იგი დააბინავეს ერთ ოთახში.

 

სოციალური პროგრამის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო 300 ბენეფიციარისათვის საკვები შინ მიაქვს. ქუჩაში, ღია ცის ქვეშ დარჩენილი “ცუცა” კი უკვე დაბინავებულია.

 

მანანა ტაბიძეს, ფოთელები “ცუცათი” იცნობენ… ის ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო საცხოვრებლის შენობაში მერიის ნებართვით შესახლდა, მაგრამ მალევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობიდან სამწუხაროდ, თავად მობინადრეებმა გამოასახლეს.

 

მერიის და კეთილი ადამიანების თანადგომით უკვე მოხდა მისი დაბინავება და ყველა საჭირო ატრიბუტით აღჭურვა.

 

„სიტყვა მადლობა მცირეა იმის გამოსახატავად, რასაც ახლა განვიცდი შორენა მირცხულავას მიმართ, რომლის ინიციატივითაც „ცუცამ” ბინა ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში დაიდო. ფონდის მოხალისეებმა – ნათია ზარქუამ, ანა დონდოლაძემ და ია გორგოტაძემ კი უზრუნველყვეს მანანა ტაბიძე თბილი საწოლით“, – წერენ ფოთელები სოციალურ ქსელში.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X