fbpx
16:13 | 2020-07-04 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ქაშვეთის ეკლესია გერმანელი ლუთერანის აშენებულია – მკვლევარი-გიდი

ქაშვეთის ეკლესია გერმანელი ლუთერანის აშენებულია  – მკვლევარი-გიდი

ცოტამ თუ იცის, რომ თბილისში, ქაშვეთის ეკლესია გერმანელი ლუთერანის აშენებულია და პოლონელი კათოლიკის მოხატული.

 

თბილისში მცხოვრები ევროპელების დამსახურებაა ფიროსმანის ნახატების კოლექციის განთავსება საქართველოს მუზეუმში.

 

მათ დიდი როლი ითამაშეს საქართველოს კულტურაზე, არქიტექტურაზე, ხელოვნებასა და მრეწველობაზე.

 

ამ თემაზე სასაუბროდ „პრაიმტაიმი“ კულტურის პოპულარიზაციის ცენტრს დაუკავშირდა და პოლონელებისა და გერმანელების კულტურულ გავლენაზე ესაუბრა.

 

როგორც ცენტრის მკვლევარი-გიდი ლელა ჩოლოყაშვილი აცხადებს, ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, კვლევები მიმდინარეობს და ამის შემდეგ, დროში დაკარგულ ისტორიას დაინტერესებული პირებისთვის ერთ დღიან საავტორო ტურებში აცოცხლებენ.

 

ინტერესი მზარდია და ზოგიერი ინფორმაცია მათთვის იმდენად ახალი და დაუჯერებელია, რომ ხშირად გაოგნებულებიც რჩებიანო, ამბობს.

 

ის „პრაიმტაიმის“ მკითხველს თბილისს, როგორც ევროპულ ქალაქს, სადაც მოდერნისტული არქიტექტურა ჭარბობს აცნობს.

 

„საქართველოში, აჯანყების დროს ჩამოსახლებული პოლონელები ჩვენს ქვეყანას „თბილ ციმბირს“ უწოდებდნენ, ეს ისტორია შემონახულია. მათ, რა თქმა უნდა, თავიანთი კულტურა შემოიტანეს.

 

ალბათ, ცოტამ თუ იცის, თბილისში უამრავი შენობა მათი აშენებულია, ჩვენს კულტურულ ცხოვრებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

 

მაშინდელი კაფეები, სხვადასხვა შენობები პოლონელი გენიალური მხატვრების მოხატულია. ეს მეორე თემია გერმანელების შემდეგ, რომელმაც ჩვენს ევროპეიზაციაში დიდი როლი შეასრულეს.

 

რუსთაველის თეატრი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, ესეც მათი აშენებულია. თბილისის მთავარი არქიტექტორი 1885 წლიდან 1907 წლამდე პოლონელი წარმოშობის ალექსანდრე შიმკევიჩი იყო.

 

იმპერიალისტური რუსეთი შედარებით უფრო ევროპული იყო, ვიდრე საბჭოთა იმპერია. მაშინ, რუსეთში თვლიდნენ, რომ საქართველოში ოსმალურ-ირანული გავლენები დომინირებდა. ამიტომ, ამ ხალხების გადმოსახლება და შესაბამისად, მათი კულტურების შემოტანა იმპერიისთვის პრობლემა არ ყოფილა.

 

რაც შეეხება გერმანელების ჩამოსვლას საქართველოში, ასეთი ისტორია აქვს: ბავარიაში სექტა ჩამოყალიბდა, რომელსაც აპოკალიფსის სწამდა. მათ არარატის მთებთან სიახლოვეს სურდათ დასახლება.

 

გარდა ამისა, ევროპაში იმ დროს, ნაპოლეონის ომების გამო, ქვეყნებში დიდი სიღატაკე იყვნენ. ამის გამოც, მიწებს ეძებდნენ, სადაც დასახლდებოდნენ. სექტანტმა გერმანელებმა რუსეთის იმპერატორს სთხოვეს, შემოეშვათ ისინი იმპერიაში და მისგან თანხმობა მიიღეს.

 

სწორედ მაშინ, ცხელ ფაზაში რუსეთ-თურქეთის ომი შევიდა. გერმანელთა ნაწილი ოდესაში დარჩა, ნაწილი –  საქართველოში. ბოლნისში, ასურეთის მიმდებარედ და დედაქალაქში კომპაქტურად დასახლდნენ.

 

საქართველოში ისინი მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, მეწარმეობას, არქიტექტურასა და ხელოვნებას ავითარებდნენ.

 

დროთა განმავლობაში, ისინი ლუთერანულ ეკლესიას დაუბრუნდნენ. მოგეხსენებათ, პოლონელები კათოლიკეები იყვნენ, ორივეს ეკლესიის ბაზაზე განათლებისა და კულტურის ცენტრები ჰქონდათ.

 

ბოლშევიკებმა გერმანულ ლუთერანული ეკლესია თბილისში დაანგრიეს, პასტორი დააპატიმრეს. ხოლო პოლონელების დაფინანსებით აშენებული კათოლიკური ეკლესია ახლაც არის და მას კარგად იცნობენ.

 

მას ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც - რუსული ოკუპაციის დეტალები საარქივო მასალებიდან
2020-06-24მას ყველა დაემორჩილა, მათ შორის ნოე ჟორდანიაც - რუსული ოკუპაციის დეტალები საარქივო მასალებიდან

ცნობილმა მხატვრებმა: ზდანევიჩებმა და ზიგმუნდ ვალიშევსკიმ ფიროსმანი შენიშნეს. ცნობილია მათი პირველი შეხვედრის ისტორიაც – მაშინ, ნიკალა რძის პროდუქტების მაღაზიას აფორმებდა, თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, სარეკლამო სტენდს ხატავდა.

 

ფიროსმანის შემოქმედებით აღფრთოვანებულმა ვალიშევსკიმ და ზდანევიჩმა მისი ნახატები ჯერ მოსკოვის, მერე საფრანგეთის გამოფენებზე წაიღეს და მხატვართა საზოგადოებას გააცნეს.

 

ზდანევიჩი ნიკალას ნახატებს ყიდულობდა, აგროვებდა და ბოლოს, საქართველოს მუზეუმს გადასცა, რათა არ დაგვეკარგა ნიკალა ფიროსმანის ნახატები.

 

რაც შეეხება რელიგიურ ნაწილს, როგორც კულტურას, ტოლერანტული ქრისტიანი ქართველები ძალიან კარგად იღებდნენ სხვა მრწამსის წარმომადგენლებს.

 

ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ქაშვეთის ეკლესია გერმანელი ლუთერანი არქიტექტორის ბილფელდის აშენებულია. ხოლო კანკელი პოლონელი კათოლიკე მხატვრის ხრინევსკის მოხატულია.

 

ტურებზე მოსული ადამიანები გაოგნებულები კითხულობენ, როგორ შეიძლება მართლმადიდებული ტაძრის მშენებლობაში ჩართული ყოფილიყო ლუთერანი, ხოლო მხატვრობაში – კათოლიკე.

 

 

მათ ვპასუხობ ხოლმე: თუ რუსეთის იმპერიას აწყობს, მაშინ შეიძლება და „ერთმორწმუნეობა“ არაფერ შუაშია, მაგრამ როცა იმპერიას არ აწყობს, „ერთმორწმუნეობა“ ტოლერანტობის უფლებას აღარ გვაძლევს.

 

ასევე, ვსაუბრობთ პოლონეთში მცხოვრებ ქართველებზე, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშა, მათ ერთ-ერთი გენერალიც კი, ქართველი ჰყავდათ.” – ამბობს ლელა ჩოლოყაშვილი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური
X