14:01 | 2020-05-14 ავტორი: თამარ გონგაძე

ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც ესპანეთში კარანტინის პერიოდი სახურავზე გაატარა

ქართველი ჟურნალისტი, რომელმაც ესპანეთში კარანტინის პერიოდი სახურავზე გაატარა

ტელეჟურნალისტი და მსახიობი გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძე ორი წელია ესპანეთშია. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ევროპაში მისი დაბრუნება კინოინდუსტრიაში მოხვედრას გულისხმობდა.

 

გაბრიელმა 8 წლის წინ რომში სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა.

 

ჟურნალისტს „იმედის“ სხვადასხვა გადაცემებიდან იცნობთ, მათ შორისაა – „ჟურნალისტის დღიურები“და „იმედის დილა.“

 

მეგობარ და კოლეგა ლუკა ჩხაიძესთან (რომელიც წლებია ესპანეთში ცხოვრობს) ერთად მადრიდში ინტერნეტპლათფორმა შექმნა – REVIEW Present. „რევიუ“ საერთაშორისო არტისტების ინტერვიუბს და ვიდეოებს ათავსებს იუთუბ არხსა და სოციალურ ქსელებში – „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“.

 

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობა, გაბრიელმა შარშან, კატალონიის კინოფესტივალით დაიწყო. შემდეგ იყო პლათფორმა „რევიუსთან“ კოლაბორაციით გაკეთებული სიუჟეტები…

 

სიახლე კი არის ის, რომ მადრიდში მცხოვრებ ჟურნალისტთან საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალური კონტრაქტი, როგორც ევროპის ბიუროსთან, ახლა გააფორმა.

 

 

გაბრიელ ელბაქიძე და ლუკა ჩხაიძე გადაცემა „ახალ კვირაში“, რომელიც კვირაობით 21 საათზე იკავებს ეთერს, საავტორო რეპორტაჟებს აკეთებენ.

 

გაბრიელ ნაპოლეონ ელბაქიძე: – საავტორო, დოკუმენტური ფორმატის რეპორტაჟებს დღიურების სახით ვამზადებთ. რეპორტაჟების ფორმატი ფართეა – კულტურაზე, სოციალურ თემატიკაზე, ეკოლოგიასა და განათლებაზე, აქტუალურ თემებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან მომზადებულ დღიურებს ვუშვებთ.

 

ძირითადად ევროპაში, თუმცა თუ განსაკუთრებული შემთხვევები ხდება, სხვა კონტინენტზეც გვიხილავთ. მაგალითად, ავსტრალიაში ხანძრების დროს ვიყავით და ამაზე გვქონდა დღიურები მომზადებული.

 

 

მინი დოკუმენტური დღიურები გვქონდა კლიმატურ ცვლილებებზე მეცნიერების ინტერვიუებით.

 

გაბრიელმა და ლუკამ, გასულ წელს, ექსპერიმენტული სპექტაკლის დადგმაშიც სცადეს ბედი. სპექტაკლი ადამიანურ ტერორზე იყო. მასში საერთაშორისო არტისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ბარსელონაში იყვნენ დაფუძნებული.

 

გაბრიელი: – ექსპერიმენტული თეატრი, ევროპაში ძალიან პოპულარულია, მას არ თამაშობ კლასიკურ სცენაზე. მწავე და აქტუალურ თემებზე აკეთებ სპექტაკლს და თამაშობ ალტერნატიულ სივრცეში. ჩვენ მაგალითად, ყოფილ ფაბრიკაში დავდგით ეს სპექტაკლი. ასეთ სივრცეებში მსახიობები მაყურებელთან ძალიან ახლო კონტაქტში არიან.

 

მოუსვენარი და დაუდგრომელი გაბრიელ ელბაქიძე, როგორც მსახიობი და მოდელი, ესპანურ და იტალიურ სააგენტოებთან თანამშრომლობს. ამბობს, რომ ესპანური ენის ბოლომდე ათვისებისა და დახვეწის პროცესშია და ჯერჯერობით, ესპანური კინოდან შემოთავაზება არ ჰქონია.

 

„ჩემს გეგმებში „ნეთფლიქსის“ პროდუქციები შედის. „ფულის სახლი“ ეს პირველი ესპანური სერიალია, რომელიც „ნეთფლიქსმა“ აიღო და მას შემდეგ ბევრი პროდუქცია გამოუშვა.

 

სულ მინდოდა ევროპაში კინოინდუსტრიაში შეძრომა. სამსახიობო განათლება რომში მივიღე და ევროპაში დაბრუნების ჩემი მცდელობა ძირითადად სამსახიობო კარიერას უკავშირდება. აქ დიდი ბაზარია და გაქვს იმის საშუალება, რაღაც პროექტში მოხვდე. მოკლედ, მინდა „ნეთფლიქსის“ ინდუსტრიაში შეძრობა. არც ისე რთულია. მეც მაქსიმალურად ვემზადები“ – „პრაიმტაიმთან“ გეგმებზე გულახდილად საუბრობს გაბრიელი.

 

ესპანური ცხოვრების სტილზე მორგება არ გაჭირვებია, ვინაიდან მანამდე იტალიაში ცხოვრობდა. ხმელთაშუაზღვის კულტურაა და ერთმანეთისგან შორს არ არიან, არც ხასიათით, არც ენით, არც ტემპერამენტითო, ამბობს.

 

 

გაბრიელი: – ორთვენახევარი კარანტინში გავატარე. მზიან ამინდში სახურავებზე გამოვდიოდით. სახურავი ერთადერთი ადგილია, სადაც ესპანეთში კარანტინის დროს ჰაერის ჩასუნთქვა და მზის აბაზანის მიღება შეგიძლია.

 

სახურავზე ამქონდა წიგნი და აიპადი. ბევრისთვის ფსიქოლოგიურად რთული აღმოჩნდა სახლში გამოკეტვა. და ასეთ დროს სახურავი ოაზისი გახდა! ბარსელონაში სახლებს ბრტყელი სახურავები აქვს, თავისებური ტერასებივით არის.

 

 

სახურავები მოფენილი იყო ადამიანებით. სოციალური დისტანციებით, ჩვენ-ჩვენი კვადრატებიდან, ვესაუბრებოდით ერთმანეთს.

 

მუსიკას ვუსმენდით, აზრებს ვცვლიდით და ერთადერთი ადგილი იყო, სადაც თავს ცოცხალ ადამიანად გრძნობდით. კარანტინის დროს სახურავები თავშესაფარი აღმოჩნდა.

 

 

მეტსაც გეტყვით, კოვიდ 19-ის რისკის ქვეშ აღმოვჩნდი. როდესაც კარანტინი დაიწყო, „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ჩავწერე ექიმები, რომლებიც ყვებოდნენ ამ სიტუაციებზე. ხუთ დღეში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ერთ ექიმს კოვიდ-19 დაუდასტურდაო…

 

14 დღის მანძილზე ველოდი სიმპტომების გამოვლენას. განსაკუთრებით რთული პირველი დღეები აღმოჩნდა. ვფიქრობდი, არა უშავს, ჩვეულებრივი გრიპია-მეთქი, მაგრამ თან არ გაქვს ინფორმაცია, არ იცი, რა დაგემართება.

 

ერთდროულად ამტკივდა ყელიც თავიც, სიცხეს საათში ერთხელ ისტერიკულად ვიზომავდი, დამეწყო უძილობა. ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ნერვულ აშლილობას დაემსგავსა.

 

საავადმყოფოები კოლაფსირებული იყო, უმრავლესობა იქ ინფიცირდებოდა. ექიმები გვაფრთხილებდნენ, არ მოხვიდეთ, თუ რაიმე გართულება არ გაქვთ. ონლაინ კონსულტაციებს ვიღებდით.

 

იმუნიტეტს ხილით, კენკრით და და კოჭა-ლიმონი-თაფლის ჩაით ვიძლიერებდი. ჯინჯერის ჩაის თითქმის ყოველ საათში ვსვამდი.

 

ჩვენთან ძალიან მკაცრი იყო კარანტინი. მხოლოდ ახლომდებარე სურსათის მაღაზიაში და განსაკუთრებულ შემთხვევაში – აფთიაქში შეგეძლო გასვლა. პოლიცია აკონტროლებდა ქუჩებს. ქვითრებსაც ამოწმობდნენ, სად იყიდე და როდის გადაიხადე, შესაბამისად ვერაფერს მოიტყუებდი.

 

ერთი კვირაა, რაც ქუჩაში გასვლის და სეირნობის საათები გამოყვეს. დილის საათებში მოხუცებს შეუძლიათ გამოსვლა, შუადღის 12 საათიდან ბავშვებიანი და შინაური ცხოველებიანი ოჯახები გამოდიან, საღამოს 8 საათიდან 11 საათამდე სხვა დანარჩენი გამოდის.

 

ვსეირნობთ ან სპორტული აქტივობა გვაქვს. დაჯდომა არ შეიძლება. ორი დღეა პარკები გაიხსნა, პლაჟზე ზღვასთან ახლოს ვერ დაჯდები, მხოლოდ ისეირნებ. ნელ-ნელა ღია კაფეები დაემატება…

 

 

 

როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, კარანტინმა წერის მუზაც გაუღვიძა. წერს რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ რომანს. ამხელს ფაბულასაც – ქალი, რომელიც განქორწინების პროცესშია, ქმართან ერთად კარანტინში ხვდება. კარანტინი აჩქარებს განქორწინებას. ფსიქო-სოციალური დრამის გამოცემა საქართველოში უნდა.

 

გაბრიელი: – ზუსტად ვიცი, რომ ჩემი საბოლოო გაჩერება ესპანეთი არ არის. თუმცა საინტერესო ეტაპზე ვარ. ჩემი კრედოა ისევ ბევრი სწავლა და ბევრი გამოცდილების დაგროვება. ქვეყნების ცვლილება ამაში ძალიან მეხმარება…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები