16:07 | 2020-03-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ქართველი პაციენტი, რომელმაც ექიმს COVID-19 გადასდო, კორონავირუსით გარდაცვლილი ამერიკელი ქალის მომვლელი იყო

ახლა, როცა ამ სტატიას კითხულობთ, ის ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით, უცხო მიწაზე ქართველების გადარჩენისთვის იბრძვის. ჰიპოკრატეს ფიცის დადებამდეც ასე იყო, საკუთარზე მეტად ყოველთვის სხვისი ჯანმრთელობა ადარდებდა.

 

ნინო ქავთარაძე ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმია, რომელიც კორონავირუსით, ჩვენივე თანამოქალაქემ დააინფიცირა. რამდენიმე დღის წინ, მაშინ როცა ანალიზის პასუხმა დადებითი შედეგი აჩვენა, დიაგნოზის დამალვა არც უფიქრია. პირიქით, ფეისბუქ ლაივში საკუთარი ანალიზის პასუხები გაასაჯაროვა და როგორც თავად ამბობს, ყველა სიმპტომს, რომელიც კორონავირუსს ახლავს, პერიოდულად დეტალურად გააცნობს საზოგადოებას. ვიღაცისთვის შვება, ვიღაცისთვის იმედი იქნებაო-ამბობს.

 

როგორია აშშ-ში მოღვაწე კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამას სწორედ ამ სტატიიდან შეიტყობთ. „პრაიმტაიმი“ ნინო ქავთარაძეს ფილადელფიაში ესაუბრა.

 

„თავს ნორმალურად ვგრძნობ, არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ზოგიერთს ეჭვიც კი ეპარება რომ ნამდვილად კორონა მაქვს. “ – ამბობს ნინო ქავთარაძე.

 

სანამ მისი დაინფიცირების ისტორიას მოგითხრობთ, ერთად გადავავლოთ თვალი მის განვლილ ცხოვრებას. რამდენიმე წლის წინ ნინომ და მისმა მეგობარმა ქართველმა კოლეგამ ეკა მეტრეველმა გადაწყვიტეს, რომ აშშ-ში კლინიკა გაეხსნათ, სადაც პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევდნენ.  ჩანაფიქრს ფრთები გასული წლის სექტემბერში შეესხა. სხვადასხვა შტატებიდან ქართველები სამედიცინო დახმარების მისაღებად ხშირად მიდიან. ყველაფერი კი ბევრად ადრე, ემიგრაციაში წასვლით დაიწყო.

 

„ემიგრაციაში 2002 წელს ჩამოვედი, ბევრი წლის განმავლობაში ისე ვმუშაობდი, როგორც სხვა ემიგრანტები, მომვლელობა ვერ შევძელი, ძალიან დამთრგუნა. მერე მე და ჩემმა მეუღლემ მაღაზიაში დავიწყეთ მუშაობა, მალევე ამავე მაღაზიის მენეჯერები გავხდით. პროფესიით სახელმწიფო მართვის მოხელე ვარ. ამერიკაში დავიწყე სამედიცინოზე სწავლა, ჩემს მიმართულებას ოჯახის ექიმი ჰქვია.

 

ახლა, ფილადელფიაში ჩვენს კლინიკაში ვარ უკვე ერთი კვირაა. აქ უამრავი ემიგრანტი გვყავს მე და ეკას. სექტემბერში გავხსენით სამედიცინო დაწესებულება და ძირითადად ქართველებს ვემსახურებით. ამ მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, კლინიკის დროებითი დახურვის საფრთხე იყო. თუმცა, ჩვენი თანამემამულეების გამო, მეც აქ გადმოვედი. არავინ ეტყვის ინფიცირებული ქართველის გამო ამერიკელს ადექი, საქართველოდან ჩამოსული უნდა დავაწვინოთო, ზოგიერთმა ენაც კი არ იცის. კლინიკას „NP MEDICINE“ ჰქვია.“ – ამბობს ეკა.

 

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ თვითიზოლაციაშია. იცის ისტორია საიდან და როგორ აღმოჩნდა უხილავი მტერი მის ორგანიზმში, თუმცა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს იკავებს.

 

„დაახლოებით ვიცი ვისგანაც გადამედო კორონავირუსი. იმ ქართველი ქალბატონის შვილმა მთხოვა, ყურადღება მიაქციე დედასო. აღმოჩნდა, რომ ის კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მომვლელი იყო…  კვირას აღმომაჩნდა ვირუსი, როგორც ვთქვი, სიმპტომი არ მქონია. როცა ორგანიზმს მოედო ეს ვირუსი, მაშინ ერთი-ორი დღის განმავლობაში თავი მტკიოდა თავი და ვგრძნობდი ე.წ. ბრონქიალურ ხეს, სუნთქვა მიჭირდა. ახლა, ცოტა უენერგიოდ ვარ. წამლებსაც ვერ ვსვამ, რადგან სიმპტომები არ მაქვს. ამის შემდეგ ეკა მეტრეველმაც ჩაიტარა ტესტი. ახლა,მის პასუხებს ველოდებით. “ – ამბობს ნინო.

მაშინ როცა აშშ-ში კორონავირუსი გავრცელდა, ორმა ქართველმა მეგობარმა  გადაწყვეტილება მიიღო. პირველად მედიკამენტებსა და ონლაინ კონსულტაციებში  პაციენტებს ფულს არ გამოართმევენ. არ წყდება ზარები, პირად შეტყობინებებში უამრავი კითხვა მისდით. ამიტომაც ფეისბუქლაივების გაკეთების იდეა გაუჩნდათ.

 

„მიუხედავად ყველაფრისა, ახლა ისევ ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას. გადავწვიტე ის ადამიანები ვიდეოთვალით დავათვალიერო და მოვემსახურო, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათ სრულიად უსასყიდლოდ ვემსახურებით, სანამ ეს კრიზისი იქნება. პრეპარატების დიდი მარაგი გვაქვს და მზად ვართ ვემსახუროთ ჩვენს ავადმყოფებს. სამწუხაროდ, კლინიკაში ლაბორატორია არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ სრულიად უსასყიდლოდ ცხადია, ჩვენი თანამემამულეები ამერიკის ლაბორატორიის საფასურს იხდიან მხოლოდ. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოვალეობაა.  მოხუცი ქართველები ძალიან შეშინებულები არიან. ერთ-ერთს ინსულინი უთავდებოდა და როცა გაიგო, რომ გამოვუწერდი ძალიან გაუხარდა. მართლა ცრემლებამდე მივდივარ ხოლმე ისეთ ისტორიებს ვისმენ. ვხედავ რომ ვჭირდები ადამიანებს და ვცდილობ მათთვის ყველაფერი გავაკეთო. ამერიკის კლინიკები სავსეა პაციენტებით. ნიუ იორკში ტესტს აღარც აკეთებენ დაბალი რისკის მატარებლებში…

 

ამაყი ვარ საქართველოს მედიკოსებით. ძალიან კარგად დაიჭირეს და მართეს ვირუსი, რაც სამწუხაროდ აქ ასე არ მოხდა. მას შემდეგ რაც გავახმაურე ჩემი დიაგნოზი, ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩვენმა ქართველებმა. მოდიან ჩემი ჩემი მეგობრები, პაციენტები, უბრალოდ – ქართველი ადამიანები და მოაქვთ საკვები და საჭირო ნივთები. ვისარგებლებ თქვენი საშუალებით და მადლობას გადავუხდი „პრაიმტაიმის“ მეშვეობით.

 

საზოგადოება რომ ინფორმირებული იყოს, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში live რეჟიმში ვესაუბრებით მათ ვირუსის სიმპტომებზე, ვაცნობთ სიახლეებს. ძალიან შეშინებულები და დათრგუნულები არიან ჩვენი ქართველები.

 

რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ნიკა ჩხეიძე დაგვიკავშირდა. მან კათარზისი ჯგუფი გააკეთა, ვისაც შეგიძლიათ პრეპარატების გამოწერა იქნებ დაგვეხმაროთო და რა თქმა უნდა, მაშინვე ჩავერთეთ. ისინი საცხოვრისით, ტრანსპორტირებით და სხვა სერვისებით უზრუნველყოფენ. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ჩავერთეთ. ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ.“ – ამბობს ნინო ქავთარაძე.

Gepostet von Nino Kav am Sonntag, 29. März 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები