17:00 | 2020-04-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქართველი ექიმი, რომელმაც სასუნთქი აპარატი სახლში დაამზადა

ქართველი ექიმი, რომელმაც სასუნთქი აპარატი სახლში დაამზადა

პროფესიით ეკონომისტი, ყოფილი ოქრომჭედელი და ექიმი-სტომატოლოგი გელა ფარცინაშვილი „პრაიმტაიმს“ უამბობს, როგორ დაამზადა სახლის პირობებში სასუნთქი აპარატი, საქარე მინის საწმენდის მექნიზმით მაშინ, როდესაც მსგავსი მოწყობილობა ბაზარზე ათასები ღირს.

 

გელა ფარცინაშვილი ჰყვება, რომ თავისუფალ დროს უამრავ დანადგარს იგონებს, რომელსაც შემდეგ მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუ საქმიანობაში აქტიურად იყენებს.

 

„პროფესიით ვარ ეკონომისტი, ყოფილი ოქრომჭედელი, გვიან ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. ლიცენზია მაქვს სტომატოლოგიაში, კერძოდ ორთოპედიასა და ქირურგიაში. თავისუფალ დროს ვიგონებ ჩემთვის დანადგარებს, იზოლაციის დროს, უბრალოდ, გავერთე. ვიფიქრე, რაში იხდიან ამდენ ფულს-თქო.

 

გარდა სასუნთქი აპარატისა, სხვა მოწყობილობებიც მაქვს დამზადებული, მაგალითად გათბობის სისტემა, კარის გასაღები, ასევე სხვადასხვა სტომატოლოგიური დანადგარები და ინსტრუმენტები.

 

ეს მოწყობილობა დაახლოებით 6 საათში ავაწყე იმ ნაწილებით, რაც სახლში მქონდა, რადგან ახლა ბაზრობაზე გასვლა და რამეს შეძენა საკმაოდ რთულია.

 

სასუნთქი აპარატის ასაწყობად გამოვიყენე „მერსედესის“ მარკის მანქანის ფანჯრის ძრავი. ეს არის გამოცდილი დეტალი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გათვლილია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებზე.

 

მექანიზმის აწყობა დაახლოებით 150 ლარამდე დამიჯდა“, – გვითხრა გელა ფარცვანიშვილმა.

 

ცნობისთვის: სასუნთქი აპარატის საშუალო ღირებულება, 500 დოლარიდან 3000 დოლარამდე მერყეობს.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები