17:42 | 2020-04-22 ავტორი: თამარ გონგაძე

ქართველი ექიმების კრიზისცენტრი ნიუ-იორკში – ინიციატივა თანამემამულეების გადასარჩენად

თებერვალში ნიუ-იორკის ქართულმა დიასპორამ (რომელშიც ოთხი ორგანიზაცია შედის) საერთაშორისო კოალიცია ჩამოაყალიბა. პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ამ კოალიციამ, პირველ პროექტად კრიზისცენტრის გახსნა განახორციელა.

 

ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველებმა იციან, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართონ ამ კრიზისცენტრს, რომ იქ მომუშავე ექიმებმა დროული დახმარება გაუწიონ, ეს იქნება მედიკამენტით, ფსიქოლოგიური, საკვების მიწოდებით და ა.შ.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმართვა არ დააგვიანონ, რომ ჰოსპიტალიზაცია არ გახდეს საჭირო, რადგანაც ეს უკანასკნელი სირთულესთან არის დაკავშირებული.

 

კლინიკებში ადგილები არ არის, დაინფიცირების დიდი რისკია, სასწრაფოს ბრიგადებს მძიმე პაციენტებიც კი ვერ გადაჰყავთ კლინიკებში… ასეთ დროს კი, კრიზისცენტრი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ქართველი პაციენტი უყურადღებოდ არ დატოვონ და დროული დახმარება გაუწიონ.

 

როგორც კოალიციის თავმჯდომარე, ექიმი ნიკოლოზ ჩხეიძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, ანალოგიური კრიზისცეტრი თავდაპირველად გახსნეს იტალიაშიც.

 

„ეპიდემიის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე სურათი იტალიაში იყო და ნიუ-იორკიდან დავიწყეთ იტალიაში გახსნილი კრიზისცენტრის დახმარება.

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები იტალიაში ჩვენს გუნდს ვეხმარებოდით მენეჯმენტიდან დაწყებული, ქეისების აღრიცხვასა და საკვებისა თუ მედიკამენტების (ფულადი დახმარება) ადგილზე მიტანით დამთავრებული.

 

გაკეთდა ჯგუფი, რომელშიც ჩვენი კოალიციის ორი წარმომადგენელი იყო – ქალბატონი მანანა ჯინჭარაძე და ქალბატონი ნონა უგულავა. მათ იტალიაში შეუერთდნენ იქაური წევრები. ეს ადამიანები არიან უშიშრები, ასეთ ვითარებაში გადიან გარეთ და უსახლკაროდ და უსაკვებოდ დარჩენილებს ეხმარებიან. ასევე დახმარებას უწევენ საკონსულოსთან ურთიერთობაში, ავიაბილეთების შეძენის საკითხების მოგვარებაში“ – აცხადებს ნიკოლოზ ჩხეიძე.

 

ამასობაში ნიუ-იორკიც პანდემიის ეპიცენტრად იქცა. ქართველი მედიკოსებისგან (და არა მხოლოდ მედიკოსებისგან) დაკომპლექტებული 20 კაციანი კრიზისცენტრი უკვე მეოთხე კვირაა ფუნქციონირებს და მის შესახებ ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა იციან. გუნდს მოხალისეებიც უერთდებიან.

 

ნიკოლოზ ჩხეიძე: – ამერიკაში მეორადი გადადებაა დაწყებული და ყოველდღიურად 30 ათასი ადამიანი ინფიცირდება. მსხვერპლიც მაღალია. მხოლოდ ნიუ-იორკში კოვიდ-19-ით 17 ათასი ადამიანია გარდაცვლილი, შტატებში მთლიანად 35 ათასი შეიწირა ვირუსმა. ნიუ-იორკში სამი კვირის წინ 62 წლის ერთი ქართველი მამაკაცი დაიღუპა.

 

ნიუ-იორკში 13 ქართველია ჰოსპიტალიზირებული. აქედან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულიც კი.

 

საკმაოდ მნიშვნელოვანია, აქვს თუ არა დაინფიცირებულს თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ახალგაზრდა ქართველ პაციენტს თირკმლის დაავადება აქვს. 45 წლის მამაკაცია და ახლა შედარებით უკეთ არის.

 

ჩვენს კრიზისცენტრში გვიან შემოვიდა მასზე ინფორმაცია, დააგვიანა მკურნალობის დაწყება.

 

ქართველმა ემიგრანტებმა იციან მთავარი მესიჯები, პირველია – “დარჩი სახლში”, მეორეა ის, რომ ამ კრიზისცენტრს მცირე სიმპტომების აღმოჩენისთანავე უნდა მიმართონ.

 

შესულ ზარს კრიზისცენტრში აფასებენ და შემდეგ იღებენ მოქმედების გადაწყვეტილებებს.

 

თუ ემიგრანტს სოციალური დახმარება სჭირდება, ცენტრის მობილური ხუთი ჯგუფი მათ სამსახურშია. დღეში 16 ობიექტამდე მისვლას და დახმარების აღმოჩენას ახერხებენ. კრიზისცენტრის მოხალისეებს შორის არიან “უბერის” ქართველი მძღოლები, რომლებიც ცენრის თანამშრომლებს გადაადგილებაში ეხმარებიან.

 

ნიკოლოზ ჩხეიძე: – ჩვენ შევიძინეთ პულსოქსიმეტრის (სისხლში ჟანგბადისა და პულსის საზომი) და ჟანგბადის აეროზოლების გარკვეული რაოდენობა და დაინფიცირებულთაგან, ვისაც სუნთქვის პრობლემა ექმნება, სახლებში ვაწვდით. სისხლში ჟანგბადის დონე რომ არ დავარდეს და ეს ადამიანები არ დამძიმდნენ, ასეთ დახმარებას ვუწევთ. სხვანაირად ვერ ვიგებთ, მათ ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ თუ – არა. თავიდან ჩვენი წარმომადგენელი მიდიოდა სახლებში, სინჯავდა, რამდენად მძიმე იყო დაინფიცირებულის მდგომარეობა, რომ დროული ჰოსპიტალიზაცია მოგვეხდინა.

 

ჩვენი კრიზისცენტრის მიზანია, დროულად მოხდეს ჩვენთან დაკავშირება, მკურნალობის აღმოჩენა, რომ არ დამძიმდეს პაციენტი და ჰოსპიტალში გადაყვანა არ გახდეს საჭირო, რაც სირთულესთანაა დაკავშირებული. ვცდილობთ სახლში მკურნალობით შევინარჩუნოთ სტაბილური მდგომარეობა.

 

ვინაიდან ჰოსპიტალიზაცია ძალიან დიდი პრობლემაა, ბრუკლინში ვიპოვეთ ჰოსპიტალი, სადაც კოვიდპაციენტების მიღების მეტნაკლებად ლოიალური კრიტერიუმები აქვთ. თორემ ბრიკლინში კლინიკებში პაციენტების მიღების საშუალება არ აქვთ. ამიტომ ლონგ აილენდის და მანჰეტენის კლინიკებში გადაგვყავს ქართველი პაციენტები.
იყო შემთხვევები, როდესაც მძიმე პაციენტები პნევმონიით უკან გამოუშვეს და სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა მოგვიხდა. ასეთი იყო რამდენიმე შემთხვევა, სიკვდილსაც კი გადავარჩინეთ პაციენტები და დღეს ინტენიურ თერაპიას გადიან. ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ ვიცოდით ასეთი ლოიალური ჰოსპიტალების შესახებ და სწრაფად ვიმოქმედეთ.

 

ამაში ჰოსპიტლებში მომუშავე ქართველი ექიმები გვეხმარებიან. ესენი არიან ქალბატონები – ნინო მიქაბერიძე, ნანა გეგეჭკორი… გვაქვს საკონსულტაციო ჯგუფი და მიმართვამდე მათგან კონსულტაციას ვიღებთ.

 

სასწრაფო დახმარების ბრიგადას არ გადაჰყავს კლინიკებში პაციენტები. იყო შემთხვევა, “დავაძალეთ” კიდეც პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ბეწვზე გადარჩა, საათების თემა იყო.

 

ყოველდღიურად ვაკონტროლებთ ჰოსპიტლებში მოთავსებულ ქართველ პაციენტებს.

ამდენად მცირე სიმპტომების დროს, ყველა ქართველმა უნდა დარეკოს ჩვენთან.

 

კრიზისცენტრი საქართველოს საკონსულომ ნიუ-იორკში საქართველოდან გაგზავნილი 800 ცალი პიბადით მოამარაგა.

 

“გვეხმარებიან „უბერის“ ქართველი მძღოლები. ისინი მოხალისეებად შემოგვიერთდნენ კრიზისცენტრში. გადაყვანებს დღის მანძილზე ისინი ახორციელებენ. პარკებით აქვთ იზოლირებული ავტომობილები, თუმცა მათი საქციელი ჩვენთვის გმირობის ტოლფასია.

 

ძალიან ეფექტურად მუშაობს ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგიური სამსახური, დღეში ასობით ზარი შემოდის და პაციენტებს საათობით ესაუბრებიან. ასეთ ვითარებაში ბევრს ფსიქოლოგიური, პანიკური შეტევები აქვთ” – აცხადებს ნიკოლოზი “პრაიმტაიმთან”.

 

ჩხეიძე ამერიკაში ეპიდემიურად დამძიმებულ სიტუაციას გვიან გატარებული რეგულაციების შედეგად მიიჩნევს. დროულად არ ჩაიკეტა მეტრო, სკოლები, თავშეყრის ადგილები. როგორც ამბობს, კარანტინი არც ახლაა შენარჩუნებული.

 

ნიკოლოზი: – ორი კვირაა, რაც ტესტირება დაიწყო. საკმარისი ტესტი, ბუნებრივია, არ არის. კლინიკაში მიდიხარ და დაინფიცირების მაღალი რისკია.

 

და ბოლოს როგორ იძლიერებთ იმუნიტეტს?

 

– ვიტამინების მიღებით – ც ვიტამინი, 1000 მილიგრამი დილით, 1000 საღამოს, ცინკი, დ ვიტამინი. სითხეები უნდა მიიღოთ. საჭიროა ელექტროლიტებიანი სითხე მათთვის, ვისაც მაღალი სიცხე აქვს.

 

და ყველაზე მთავარი, ჩვენი მესიჯი – დარჩით სახლში და სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ “კრიზის ცენტრში” 888 232 8855

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

X