fbpx
17:13 | 2020-07-14 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ – მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს” უნიკალური რეპერტუარი

„ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა!“ –  მიშო ჯავახიშვილი და ეთნოჯაზბენდ „ირიაოს” უნიკალური რეპერტუარი

ქართული ჯაზ-ბენდი „ირიაო“, რომელიც სიმღერებს ჯაზისა და ეთნო მუსიკის ჟანრში ასრულებს, 2018 წლის „ევროვიზიის“ კონკურსის მონაწილეა, რომელმაც საქართველო წარადგინა.

 

ჯგუფი, უნიკალურ მუსიკას ასრულებს, რომელიც ჯაზისა და ქართული ეთნო-მუსიკის ნაზავია. მისი დამაარსებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მალაზონია, ერთ-ერთ პირველ ქართველ კომპოზიტორად მოიაზრება, ვინც ქართული ფოლკლორისა და ჯაზის სინთეზს მიმართა.

 

ბ-ნი დავითი დიდი ხნის განმავლობაში ქმნიდა მუსიკას, როგორც თეატრისათვის, ასევე ტელეპროექტებისთვის, ცალკეული მუსიკოსებისა და ჯგუფებისათვის.

 

2012 წლის ბოლოს, მისივე ინიციატივით დაარსდა ეთნოჯაზბენდი „ირიაო“, რომლის სახელწოდება აღებულია „კრიმანჭულის“ ერთ-ერთი სახელიდან “ირიაო-ურუაო”, რომელიც გურული ხალხური სიმღრის მოძახილს ნიშნავს. ჯგუფის წევრები არიან დავით მალაზონია, დავით ქავთარაძე, ბუბა მურღულია, ლევან აბშილავა, ავთო უგიაძე, ზურაბ გაგნიძე, შალვა ღელეყვა, დავით ქავთარაძე, გაგა აბაშიძე და მიხეილ ჯავახიშვილი.

 

 

„პრაიმტაიმი“ ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ ერთ-ერთი წევრ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, რეგიონული პროექტების სამსახურის კოორდინატორ, საოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანს და პროდიუსერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანსამბლ “შავნაბადას”, მუსიკალურ ჯგუფ „ბარაკას” წევრი, ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლ „შავნაბადას” ხელმძღვანელ მიშო ჯავახიშვილს დაუკავშირდა და ჯგუფის შექმნის საოცარი ისტორიის და წარმატებების შესახებ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

სანამ „ირიაოს“ შექმნის შესახებ ვისაუბრებ, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი ხელმძღვანელი დათო მალაზონია, წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა.

 

1990-იან წლებში, მისი ხელმძღვანელობით – ზაზა მიმინოშვილი („შინ“-ის ხელმძღვანელი), მერაბ სანოძე და კიდევ რემდენიმე ქართველ მუსიკოსთან ერთად შეიქმნა ჯგუფი „ადიო“. მუსიკა იყო ამ ადამიანების შემაკავშირებელი.

 

 

მომწონდა მათი შესრულებული მუსიკა და ხშირად ვუსმენდი. „ადიოს“ შემოქმედება, მთლიანად ქართულ-ხალხურ ჰანგზე იყო დაფუძნებული.

 

ამ ოჯახში იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჯგუფის რამდენიმე წევრი, საქართველოში დაბრუნდა, მათ შორის მალაზონიაც. ის ისეთი ადამიანია, რომ სულ ახალს ქმნის.

 

როგორ შეიქმნა თქვენი ჯგუფი?

 

2012 წლის ბოლოს, „ირიაოს“ვოკალისტმა, ბუბა მურღულიას, რომელიც დათოს ახლო მეგობრის, ბ-ნ გია მურღულიას შვილია, გაუჩნა იდეა და დათოს შესთავაზა, შეექმნათ ჯგუფი, რომელიც შეასრულებდა დათოს ოროგინალურ კომპოზიციებს, სადაც გამოყენებული იქნებოდა ქართულო ხალხური ჰანგი და სიმღერის ელემენტები.

 

ზაზა მიმინოშვილი დარჩა გერმანიაში და დღემდე იქ მოღვაწეობს. ძალიან რთულად შესასრულებელ და განსხვავებული ხასიათის კომპოზიციებს ვასრულებთ, სწორედ ამით გამოირჩევა „ირიაო“, სხვა მუსიკალური ჯგუფებისგან.

 

 

ბუბას შეთავაზება, დათოსთვის მისაღები გახდა და დაიწყეს ფიქრი, როგორ შექმნილიყო ჯგუფი. იმ პერიოდში, კულტურის სამინისტროს „ეთნო ჯაზის ხელშეწყობის“ პროგრამა ჰქონდა და და დათო მალაზონიას საკონცერტო პროგრამის მომზადება შეთავაზეს. ეს გახდა ერთ-ერთი სასტარტო თემა, გარკვეული მიზნისთვის შეკრულიყო ჯგუფი, გაგვემართა პატარ-პატარა კონცერტები და შეგვექმნა აუდიო-ალბომი.

 

ჩემ მისვლამდე, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მერაბ სანოძე იყო, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე გამოუჩნდა და ამიტომ სამწუხაროდ, ჯგუფს ჩამოშორდა.

 

პირველი სატელევიზიო წარდგენა პირველი არხის ეთერით მოხდა. ირიაომ რამდენიმე ნომერი შეასრულა. მაშინ ჯგუფს სახელიც არ ერქვა. მანამდე, ჯგუფს „ეთნოჯაზბენდის“ სახელწოდება ჰქონდა და ჩვენ მოვიფიქრეთ ამ სახელის დარქმევა.

 

ამ ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, ჩემი ბავშვობის მეგობარი გაგა აბაშიძეა, რომელიც მერაბ სანოძის დროსაც მღეროდა „ირიაოში“. მე და გაგა ანზორ ერქომაიშვილის და თამაზ ანდღულაძის ხელმძღვანელობით ანსამბლ „ბიჭებში“ ვმღეროდით.

 

გაგა ამ ეტაპზე, პირველი არხის დილის გადაცემის წამყვანია. მერაბის ჯგუფიდან წასვლამ „ირიაოს“ ჯგუფს პრობლემა შეუქმნა და დაიწყეს მესამე ხმის მოძიება, რომელიც აზროვნებდა ჯაზში, აკადემიურ მუსიკაში, ხალხურ სიმღერაში და ისეთი დონის შემსრულებელიც, რომელიც რომელიც „ირიაოს“ შემადგენლობაში ჩაჯდებოდა.

 

რთული იქნებოდა ასეთი ხმის მოძიება…

 

მართლაც ძალიან რთული იყო, მით უმეტეს, დღეს, ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლების დიდი ნაწილი, ვიწრო მიმართულებით მიდის და არ არის ისეთი ხშირი, რომ სხვა ჟანრს და მიმართულებას მღეროდნენ. გაგამ ჩემი თავი შეთავაზა. მე უკვე მქონდა ჩემი ინდივიდუალური შემოქმედებითი ხაზი, ჩემი ახლო მეგობრის, კომპოზიტორ მიშა მდინარაძის დამსახურებაა, რომ მე არა მარტო ქართულ-ხალხურ, არამედ სხვა ჟანრში და მიმართულებაშიც ვმღერი.

 

ჯგუფს, სასწრაფოდ ჭირდებოდა მესამე ხმა, რომელიც ამ ყველაფერს სწრაფად აითვისებდა. დაახლოებით, სამ რეპეტიციაში უნდა მესწავლა სამი ურთულესი ნაწარმოები. საკმაოდ რთული შესასრულებელია „ირიაოს“ პროგრამა.

 

მივიღე გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ანსამბლში სიმღერის გამოცდილება მქონდა – „შავნაბადაში“ ვმღეროდი, ამავე დროს მიშა მდინარაძის ჯგუფში „ბარაკა“, რომელიც ძალიან საინტერესო მუსიკას ასრულებს, სადაც ერთ-ერთი მთავარი, ქართული ხალხური ჰანგია. აქ ხდება ჰანგის გამოყენება სწორი ფირმებით. ქართულ ხალხურ სიმღერას, არ ჭირდება გამდიდრება, ისედაც მაღალ მწვერვალზეა.

 

 

ქართულ ჰარმონიას და სიმღერას, ბახის მუსიკას ადარებენ – სხვა ჟანრი, ჩვენ უნდა გავამდიდროთ და უფრო საინტერესო უნდა გავხადოთ. პირველ რეპეტიციაზე მივედი და მომცეს, ისეთი ურთულესი ნაწარმოები, რომელზეც ვიფიქრე, ფიზიკურად ვერ მავასწრებ-მეთქი. გამოცდილება თავისას შვება და მოვასწარი.

 

2012 წლის ბოლოს, ჩემთან ერთად, „ირიაოს“ პირველი სატელევიზიო, რამდენიმე წუთიანი წარდგენა მოხდა, სადაც რამდენიმე ნაწარმოები შევასრულეთ. 2013 წლის მაისში, გაიმართა პირველი კონცერტი, რომელსაც ბ-ნი გია ყანჩელი ესწრებოდა.

 

 

მისი დამსახურებით, განსაკუთრებით საინტერესო გახადა „ირიაოს“ შემოქმედება. ბ-ნი გია ბოლო წუთამდე ჩვენთან თანამშრომლობდა. მასთან ერთად გავაკეთეთ, მის იუბილეზე, ძალიან საინტერესო პროექტი, 2015 წლის იანვარში საიუბილეო წელი „ირიაომ“ გახსნა.

 

ბ-მა გიამ ყველაზე ნაცნობი და საინტერესო მუსიკალური თემა და სიმღერების კრებული გადმოგვცა და გვითხრა, თქვენ ყველაფრის უფლება გაქვთ, გააკეთეთ რაც გინდათო. გარდა ამისა, მე პირადად მქონდა ბედნიერება, წლის დამაგვირგვინებელ კონცერტზე, ორკესტრთან ერთად შემესრულებინა „ჰერიო ბიჭებო“ – ლიზა ბაგრატიონთან და ნატო მეტონიძესთან ერთად.

 

 

ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო, რადგან 2015 წლის 11 ნოემბერს ჩემი შვილი დაიბადა და ნახევარ საათში კი, კონცერტზე მომიწია გამოსვლა. ძალიან ემოციური დღე იყო, ბ-მა გიამ ფილარმონიის სცენაზე გამიყვანა, შვილს შეძენა მომილოცა და მადლობა გადამიხადა რომ კონცერტზე მივედი და სიმღერა შევასრულე.

 

პირველი გასტროლი

 

კონცერტამდე, რამდენიმე ხნით ადრე, ჩვენი ჩანაწერები, რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე გავაგზავნეთ. თითქმის ყველა ფესტივალიდან დასტური მივიღეთ, მაგრამ პირველი რომელიც იყო, მალაიზიიდან მიწვევა იყო.

 

ეს არის „მირის“ ჯაზ ფესტივალი მალაიზიაში, საიდანაც მივიღეთ მიწვევა. წასვლა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ამ კონცერტის მეორე დღესვე გავფრინდით. ეს იყო ჩვენი პირველი გასტროლი, რასაც მოჰყვა უამრავი შეთავაზება და გასტროლი.

 

 

ტალინში, ერთ-ერთი გასტროლის დროს, ჩვენთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც გვკითხა, კომპაქდისკი თუ გაქვთო. ჩვენ ვუთხარით რომ არ გვაქვს, მხოლოდ 9 თვეა რაც ჯგუფი შეიქმნა მეთი. გვითხრა, რომ ვარ პროდიუსერი და გთავაზობთ პოლონეთში ჩამობრძანდეთ, ჩვენ დაგაფინანსებთ, 10 დღის განმავლობაში ჩვენთან იცხოვრებთ და ჩაგწერთო. ჩვენთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო და გავემგზავრეთ პოლონეთში, სადაც ჩაგვწერეს. ჩაწერა მოხდა ძველი სისტემით. ჩაწერის პროცესი საკმაოდ რთული იყო, რადაგან ყველა სიმღერა, მხოლოდ ერთხელ უნდა შეგვესრულებინა, ყოველგვარი შეჩერების გარეშე. ეს ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება იყო. დაახლოებით 12 სიმღერა ჩავწერეთ, რომლებიც დათო მალაზონიას კომპოზიციები იყო. ყველა ჩვენი კომპოზიცია, დათოს ორიგინალური საავტორო ნაწარმოები.

 

„ირიაო“ საზღვრებს გარეთ უფრო წარმატებულია, ვიდრე საქართველოში…

 

გეთანხმებით, შექმნიდან რამდენიმე წელი „ირიაოს“ უცხოეთში უფრო მეტად იცნობდნენ, შემდეგ ქართველმა მსმენელმაც შეიყვარა. ხშირად მსმენია, ძალიან მაგრები ხართო. ვიღაცას მოწონს, ვიღაც ვერ ხვდება. ჩემი აზრით, გაუფასურდა შეფასების უნარი, სოციალურ ქსელში, თუკი რამე უგემოვნო დაიდება, ეგრევე აპიარებენ. რატომ ხდება ასე, არ ვიცი.

 

ყველაფერი გაადვილებული და ეს ყველაფერი ბავშვის განვითარებაზე მოქმედებს. ურჩევნიათ მოუსმინონ რაღაც მარტივს ვიდრე უსმინონ მოცარტს, ბახს, შოპენს და ა.შ, ვისაუბროთ რექვიემთან დაკავშირებით. ალბათ ზოგს ეზარება, ზოგს კი არ ესმის.

 

მიკვირს, რომ ასეთი ხალხური შემოქმედების ქვეყანაში, სადაც მთელი მსოფლიო გეთაყვანება და პოლიფონიური აზროვნება ხალხში, ყოფაში, საქართველოში რაც ხდება, არსად არ ხდება. სამწუხაროა, რომ ასეთი დრო დადგა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დადგება დრო, ამ ყველაფერს სხვა ფასი დაედება. 

 

ამ მოგზაურობებმა, კარგმა კონცერტებმა, განსაკუთრებულმა ჰარმონიამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 2018 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარვადგინეთ. „ირიაო“ 8 წევრისგან შედგება, მაგრამ „ევრივიზიაზე“ მხოლოდ 5 წევრი გავემგზავრეთ, რადგან ამ კონკურსის სცენაზე მაქსიმუმ 5 კაცია დასაშვები. სამწუხაროდ, ფინალში ვერ გადავედოთ, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევა იყო. მაქასიმალულად, ვეცადეთ დაგვეცვა ჩვენი სტილი.

 

ეს იყო, სრულიად ახალი სიმღერა, რომელიც დათოს ავტორობით შეიქმნა. არანჟირება ეკუთვნის მიშა მდინარაძეს, ტექსტი ირინა სანიკიძე.

 

სიმღერის სახელწოდებაა „შენი გულისთვის“, რომელიც ქართულ ენაზე შესრულდა, 2018 წელს საქართველოს მონაწილეობა ისტორიაში შევიდა – პირველად შესრულდა ქართული სიმღერა ქართულ ენაზე, ანუ პირველად ითქვა ქართული სიტყვა ევროვიზიაზე, მაგრამ სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა და ფინალში ვერ მოვხვდით. თქვეს, რომ ძალიან საინტერესო სიმღერა იყო, მაგრამ არა „ევროვიზიის“ ფორმატში.

 

2017 წელს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე, გაიმართა სოლო კონცერტი, სადაც ბ-მა ვახტანგ კახიძემ, ფესტივალში მონაწილეობის მიღება „ირიაოს“ შეთავაზა.

 

 

ეს ჩვენთვის უდიდესი პატივი და დიდი ხნის ოცნება იყო. თან ისეთი სახელოვანი, როგორიც არის ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. მართლაც საინტერესო კონცერტი შედგა. ეს ყველაფერი, ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო და თუ ყველაფერი კარგად იქნება და ეს პანდემია დასრულდება, კონცერტის გამეორებას ვგეგმავთ.

 

რა სიმღერები შედიოდა რეპერტუარში?

 

რეპერტუარში ძირითადად „ირიაოს“ სიმღერები შევიდა, ოღონდ გაორკესტრებული. საკონცერტო პროგრამას დამატებული რამდენიმე სიმღერა, რომელიც სოფო გელოვანთან ერთად შევასრულეთ.

 

ეს არის ლაზურ მოტივებზე შექმნილი სიმღერა და მეორე „ჩემი სიყვარული“, რომელიც სოფო გელოვანთან ერთად შევასრულე, ორკესტრის თანხლებით. ტექსტის ავტორია რობერტ ბერნსი, მუსიკა დათო მალაზონიას ეკუთვნის. ამ სიმღერას, ყველა დიდი სიამოვნებით უსმენს.

 

 

მიჭირს შესრულება, ემოციური სიმღერაა, ზოგჯერ ცრემლიც მომდის. მართლაც რთული შესასრულებელია.

 

 

დათო მალაზოანია არ გამოირჩევა იმით, რომ სხვა კომპოზიტორების ნაწარმოები გამოიყენოს და თავისებურად გაამრავალფეროვნოს.

 

რეპერტიარში გვაქვს, გია ყანჩელის ნაწარმოებები, რომლის არანჟირებაც დათომ გააკეთა, მაგრამ „ირიაოს“ რეპერტუარში, ძირითადად დათოს ორიგინალური კომპოზიცოებია. მიხარია, რომ ბ-ნი გია იყო ამ ყველაფრის ორგანიზატორი. ამ ადამიანთან ურთიერთობა, „ირიაოს“ ისტორიაა.

 

სამომავლო გეგმები…

 

სამომავლოდ, ვგეგმავთ „ირიაოს“ სოლო კონცერტოს ჩანაწერის და აუდიო ალბომის გამოცემას, სადაც ორკესტრი მონაწილეობს. გვინდა ჩავწეროთ, ის კონცერტი, რომელიც ვახტანგ კახიძის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შედგა.

 

 

ხშირად გვიწვევდნენ სამთავრობო, ბიზნეს სექტორის მიერ ორგანიზებულ და სხვა კულტირულ ღონისძიებებზე მონაწილეობის მოსაღებად. მაგრამ ფიზიკურად ვერ შევძელით, პანდემიამ შეგვიშალა ხელი. ჯგუფი, ფაქტიურად გაჩერდა. ხშირად გვიწვევდნენ სამთავრობო ღონისძიებებზე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვისვენებთ. ამ პერიოდში, ინდივიდუალურად მოგვიწია მუშაობა.

 

არმაზ ახვლედიანის ხელმძღვანელობით, თბილისის პოლიტიკურ სწავლების სკოლა, რომლის კურსი მეც გავიარე, ყველა სემინარის დასკვნითი ნაწილი კულტურული ღონოსძოებით სრულდება. სკოლა წლის ბოლოს მიემგზავრება სტრასბურგში, სადაც პოლიტიკური სკოლების დასკვნითი შეხვედრები იმართება დემოკრატიის ფორუმზე, სადაც ევროპის ქვეყნების პოლიტიკური სკოლები იკრიბებიან და დასკვნითი სემინარი ტარდება, რომლის სახელწოდებაა – „დემოკრატიის ფორუმი“, სადაც საქართველო ყოველთვის გამორჩეულია, იმიტომ რომ თბილისის პოლიტიკური სკოლა, ფორუმზე ყოველთვის ქართული კულტურის პროპაგანდას ეწევა. ამავე ფორუმზე, სკოლის კურსდამთავრებულები, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობისაგან, სკოლის დამამთავრების სერთიპიკატს იღებენ სტრასბურგში, ევროსაბჭოს ხელმძღვანელობის ხელმოწერით.

 

ევროსაბჭოს დარბაზში, „შავნაბადასთან“ ერთად გახლდით, პირველად ვინც იყო ევროსაბჭოს დარბაზში, ეს იყო „ირიაო“, რომელმაც გამართა კონცერტი 2017 წელს ევროპის საბჭოს დარბაზში, ხოლო მანამდე, „ირიომ“ პირველმა გამართა კონცერტი ევროსაბჭოს მისაღებში, სადაც შევასრულეთ ევროპის ჰიმნი, ბეთჰოვენი მე-9 სიმფონიის საფინალო ნაწილის თემა „ოდა სიხარულს” დათო მალაზონის არანჟირებით. ჩვენი ყველაზე დიდი სამომავლო პროექტია, ჩვენი სიმღერების ქართული გამოცემა.

 

თქვენი ძირითადი პრობლემები?

 

რაც შეეხება პრობლემებს, თითქმის ყველა მუსიკალური ჯგუფია ამ მდგომარეობაში. რთულია სარეპეტიციო დარბაზის დაქირავება. რეპეტიციებს ძირითადად დათოსთან სახლში გავდივართ. ზოგჯერ ვქირაობთ დარბაზს. ჩვენი სარეპეტიციო სივრცე საერთოდ არ გაგვაჩნია.

 

ვფიქრობ, რომ „ირიაოს“ და ასევე ბევრ მუსიკალურ ჯგუფებს, ასეთი პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. რამდენიმე ხნის წინ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ შემოგვთავაზა სარეპეტიციო დარბაზი, მაგრამ ტექნიკური პრობლემების მოგვარებაა საჭირო და ამიტომ მოლაპარაკება არ შედგა. ვფიქრობ, რომ მომავალში, ისევ თიკოს შევაწუხებთ. მთავარია, ის შემოქმედება, რასაც ჩვენ ვემსახურებით.

 

სამუსიკო ფოლკლორის გამოყენებით შექმნილ, განსხვავებულ კომპოზიციებს ასრულებთ… 

 

საქართველოში , მრავალი ფოლკლორული ანსამბლი, თუმცა მცირე რაოდენობაა იმ ანსამბლებისა, რომლებიც ანალიზს უკეთებენ რისთვის არიან, რას აკეთებენ, როგორ ემსახურონ ნამდვილ ქართულ ტრადიციულ ფოლკლორს და რაც მთავარია, სწორად იმღერონ. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ქართული ხალხური სიმღერა, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებობდა, თუმცა, ჩვენ არ ვიცით, როგორ მღეროდნენ საუკუნეების წინ, რადგან ჩანაწერები არ მოგვეპოვება.

 

1901 წლიდან დაიწო ქართული ხალხური სიმღერის და საგალობლების აუდიო ჩაწერა. მოგვიანებით, სწორედ 1901-14 წლების ჩანაწერების საშულებით ვიგებთ, ვინ როგორ მღერის საქართველოში. ამ პერიოდში, საქართველოში მუშაობა დაიწყო ჩამწერმა სტუდიამ “ამურ რიგამ“, რომელმაც გადაწყვიტა ჩაეწერა სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ტრადიციული მუსიკა, რათა შემდეგ გამოეცა და გაეყიდა, რის შემდეგ, ეროვნული მუსისკის პოპულარიზება მომხდარიყო.

 

იმ დოისთვის ცნობილმა ჩამწერებმა იმოგზაურეს საქართველოში და ჩაწერეს ისეთი მომღერლები, როგორებიც იყვნენ გიგო ერქომაიშვილი, სიმონიშვილი, ჩავლეიშვილი, ხუხუნაიშვილები, სოფ. ზემო აკეთიდან, საგალობლებს ასრულებდნენ კავსაძეები, დედას ლევანა (ლევან ასაბაშვილი) კახეთიდან და კიდევ ბევრი ადამიანი, რომლების შესრულებულ სიმღერებს, დღეს, ჩვენ ახალგაზრდები, ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, როგორ უნდა შევასრულოთ სიმღერა.

 

ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, 10 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი პროექტზე, რომელიც 2019 წლის დეკებერში, საზოგადოებას წარვიდგინეთ.

 

პროექტი შეფასდა, როგორც „საუკუნის პროექტი“. ეს არის სამტომეული – გამოცემის ავტორია ქართული ხალხრური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით და ამერიკული გამომცემლობა „ნოვა“.

 

ერთობლივი მუშაობით დაიგეგმა ისეთი გამოცემის მომზადება, სადაც თავს მოიყრიდა ისეთი ჩანაწერები, რომლებიც არქივში მოგვეპოვება, ასევე, დალაგდებოდა ქრონოლოგიურად. მაგალითად, ვინ იმღერა კახური „მრავალჟამიერი“ პირველად, რომლის ჩანაწერიც მოგვეპოვება და ასევე, ის ჩანაწარი, რომელსაც ახლაც ასრულებენ, თანამედროვე ხალხური ანსამბლები.

 

ჩანაწერის მოცულობა – სამტომეულია, რომლის მესამე ტომი, აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს ეთმობა. არსებობს ჩიპი, სადაც 2491 ჩანაწერია დღემდე დაფიქსირებული. 1901 წლიდან დღემდე მოყოლებული, ყველა ჟანრის ქართული ხალხური სიმღერა, 370 -მდე საგალობელი, 46 ძველი უნიკალური ვიდეო არქივი, სადაც ქართული ცეკვის უნიკლაური კადრებია შესული. ამ ყველაფერს, პრეოქტის სამუშაო ჯგუფთან ერთად 10 წლელი ვაწყობდი და 10 წლის თავზე, დეკემბრის ბოლოს, ეს პროექტი შევკარით. პროექტი, ფოდმა „ქართუმ“, უშუალოდ, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით დააფინანსა.

 

სად მოიძიეთ არქივის მასალები?

 

ეს არის “ოქროს ფონდის” ჩანაწერები, რომელიც საქართველოს საზოგაოდბერივ მაუწყებელში არის დაცული. ასევე, სხვადასხვა ქვეყნის არქივებში დაცული, ქართული ხალხური სიმღერის ჩანაწერები. ანზორ ერქომაიშვილი ხშირად სტუმრობდა ქვეყნებს და ამ ჩანაწერებს, ეტაპობდივად აბრუნებდა საქართველოს არქივებში.

 

ამ ეტაპზე, ფოლკლორის ცენტრში ვმუშაობ, სადაც რეგიონალური სამსახურის კოორდინატორი ვარ, საქართველოს რადიოში, მიმყავს გადაცემა „ჩაკრულო“და ქართული ხალხური სიმღერის გაკვეთილები.

 

რა ასაკიდან მღერი?

 

ბავშვობიდან ვმღერი, ჩემი მშობლები იხსნებენ, რომ საუბარიც კი არ გქონდა დაწყებული, უკვე რომ მღეროდიო. ამის ჩანაწერებიც კი არსებობს.

 

მამა – თენგიზ ჯავახიშვილი „სუხიშვილების“ ყოფილი მოცეკვავეა. მოგეხსენებათ, რომ ანსამბლს, უამრავი გასტროლი ჰქონდა და ამიტომ, მუსიკალური ტექნიკის პრობლემა არ იყო, უცხოეთიდან ჩამოჰქონდა.

 

უამრავი ჩანაწერია ჩემი და ჩემი ძმის, ლევან ჯავახიშვილის, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტია. მამა, ჩვენ სიმღერებს იწერდა. სახლში სულ ჩართული იყო ანსამბლ „რუსთავის“ სიმღერები.

 

რამდენად მნიშვნელოვანია, მუსიკა, ბავშვის განვითარებისთვის?

 

მუსიკა აუცილებელია ბავშვის ჩამოყალიბებისთვის და განვითარებისთვის. მე და დათო ცინცაძე, 70 ბავშვისგან შემდგარ ანსამბლ „შავნაბადას“ ვხელმძღვანელობთ. ხშირად მეკითხებიან მშობლები, როგორ მოვიქცე, რომ ჩემმა შვილმა იმღეროსო. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში აუცილებელია, ყველა ოჯახში ჟღერდეს კარგი მუსიკა – ხალხური, კლასიკური, ქალაქური ფოლკლორი და გემოვნებიანი მსოფლიო მუსიკა.

 

ძირითადად აღარ უსმემენ ასეთ მუსიკას, დაიკარგა გემოვნებიანი მუსიკა…

 

მინდა გითხრათ, რომ ისე როგორც ადრე მუზიცირებდნენ ოჯახებში დღეს უკვე დიდი ფუფუნებაა ასეთი ტრადიციები, მაგრამ არიან გამორჩეული ოჯახები, გვარები სადაც ოჯახში მუზიცირების ტრადიცია, კვლავ ცოცხლობს. 90-იან წლებში, მართალია რთული პერიოდი იყო, მაგრამ სამაგიეროდ ყველა ერთად იყო, ამ ურთიერთობებით გაქონდათ ერთმანეთი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ჩვენი თაობის გადასარჩენად. მოხდა ისე, რომ ქართული მუსიკა, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს გზად იქცა!

 

შეგახსენებთ, რომ მიშო ჯავახიშვილი ასევე ქ. ხაშურის მუსიკალურ სკოლაში, შალვა მშველიძის სახელობის საეკლესიო გალობისა და სიმღერის სკოლის დამფუძნებელი, თბილისია შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტზე, საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის მიმართულების განხრით ლექტორი და ასევე კენკრის მწარმოებელი კომპანიის „Riverson’s Agro“ თანადამფუძნებელია.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X