18:35 | 2020-07-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქალზე ძალადობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის ოჯახის წევრი დააკავეს

ქალზე ძალადობის ბრალდებით „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის ოჯახის წევრი დააკავეს

რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა.

 

„მეგობრებო, მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას“ - გიორგი რურუა
2020-07-30„მეგობრებო, მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას“ - გიორგი რურუა

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად მუხიანის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ გადაყვანილი.

 

ხაბულიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლილე ლიპარტელიანის დისშვილია.

 

საქმე ეხება მუხიანში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის თამარ ბახსოლიანს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ბახსოლიანის მეუღლეს მუხიანში უბნის სასურსათო მარკეტი აქვს, თავად კი გამყიდველად მუშაობს.

 

როგორც თავად ყვება, დაახლოებით 24:00 საათზე მაღაზიაში მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, ბერდია ხაბულიანი, რომელმაც უთხრა, რომ ლუდი ნისიად მიეცა. ქალმა ხაბულიანი უარით გაისტუმრა და მოსთხოვა, მარკეტი დაეტოვებინა.

 

მალევე საქმეში გამყიდველი ქალის მეუღლე, მარკეტის მეპატრონე ჩაერთო, რომელსაც, დაზარალებული ქალის ინფორმაციით, ხაბულიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მოგვიანებით კი ადგილზე რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად დაბრუნდა და სიტყვიერი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

 

როგორც თამარ ბახსოლიანი ყვება, სწორედ ამ დროს მას ხაბულიანმა სახეში გაშლილი ხელი ძლიერად ჩაარტყა.

 

დაკავებამდე „პრაიმტაიმს“ თავად ბერდია ხაბულიანს ესაუბრა, რომელმაც ქალზე ძალადობა კატეგორიულად უარყო.

 

ბერდია ხაბულიანი:

 

-სახელიც არ ვიცი იმ ქალის. მოგცემთ ნომერს იქ ვინებიც იყვნენ, დაურეკეთ და გეტყვიან, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

 

-პოლიცია რატომ გამოიძახა აბა?

 

-არ ვიცი, მე წამოვედი ეგრევე და მერე რა მოხდა ვერ გეტყვი. იმ ქალმა რაღაც შეურაცხყოფები მომაყენა, ვუთხარი – ქალბატონი ხართ, თქვენ რა უნდა გელაპარაკოთთქო და წამოვედი. ქალზე ცხოვრებაში ხელი არ ამიწევია და არც ავწევ.

 

-მისი ინფორმაციით, ლუდის ნისიად აღება გსურდათ, რაზეც უარი გითხრათ და ამას მოჰყვა თქვენი გაღიზიანება…

 

– პირველად ნამდვილად გვინდოდა ლუდის აღება.

 

-თუ არ იცნობთ, სახელიც თუ არ იცით ამ ქალის, ნისიად როგორ მოგცემდათ ლუდს?

 

-არა, ასე არ ვიცნობ თორემ, ჩვეულებრივ დანახვით და მისალმებით ვიცნობ. სხვა შეხება არ მქონია არასდროს. უბანში, მეზობლად არის მაღაზია, მანქანა არ გვყავდა და გვეზარებოდა ჩასვლა ქვევით, ამიტომ ვთხოვე ნისიად მოეცა და ხვალ ჩამოგიტანთქო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენატარი - +

X