17:44 | 2020-05-07 ავტორი: Prime Time

ქალი ყვება, რომ 14 წლის წინ ჩვილი მეუფე დიმიტრის მიაბარა და მას შემდეგ აღარ უნახავს

ქალი ყვება, რომ 14 წლის წინ ჩვილი მეუფე დიმიტრის მიაბარა და მას შემდეგ აღარ უნახავს

მისი ისტორია ზღაპარს ჰგავს, იმ ზღაპარს, სადაც ბოროტი დედინაცვალი გამუდმებული ტანჯვისთვის წირავს გერს.

 

36 წლის ფატიმა ალიევასთვის ჯერ მშვიდი და უშფოთველი დღეები არ გათენებულა.

 

მიუხედავად სიმძიმისა, ოპტიმისტურ განწყობას არ კარგავს და სასწაულის იმედად ცხოვრებას აგრძელებს.

 

ის ჯერ მშობლებმა მიატოვეს, მერე მოატყუეს და ორსულს ბავშვის მოცილებას სთავაზობდნენ, ბავშვი სასულიერო პირებს ჩააბარა და სამსახურის ძიება დაიწყო.

 

შემდეგ ძალადობის მსხვერპლი გახდა. შვილები შეეძინა და ისევ ნულიდან დაიწყო ცხოვრება.

 

ახლა, დაკარგულ მშობლებს და დაშორებულ შვილზე ფიქრობს, მათ დაბრუნებაზე ოცნებობს. ერთ ოჯახად ცხოვრება მის აუხდენელ ოცნებად იქცა…

„ბავშვობიდან ერთი ეპიზოდი მახსოვს  – ვიღაც მოხუცმა ქალმა სენაკში ბავშვთა სახლში მიმიყვანა, მაშინ ალბათ, 4-5 წლის ვიქნებოდი.

 

არ ვიცი ჩემმა მშობლებმა, რატომ გადაწყვიტეს ჩემი მიტოვება. არასოდეს არავინ დაინტერესებულა ჩემი არსებობით.

 

უმწარესი დღეები გავატარე სენაკში, საჭმელი მენატრებოდა.

 

ისე გვცემდნენ, როცა სტუმრები მოდიოდნენ, დალურჯებულ ბავშვებს გვმალავდნენ ხოლმე. ამ ტრაგედიაში ვიზრდებოდი.

 

მერე ისე მოხდა, რომ სენაკის ბავშვთა სახლშივე ერთ-ერთმა თანამშრომელმა მომატყუა და დავორსულდი.

 

არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ეს ნებაყოფლობითი არ ყოფილა.

 

იმ ზაფხულს დაგვაფინანსეს და ბათუმში დასასვენებლად წაგვიყვანეს.

 

როცა დირექტორმა გაიგო ჩემი ორსულობის ამბავი, იქ ჩამოვიდა. მას ერთადერთი მიზანი ჰქონდა – მომხდარი არ უნდა გახმაურებულიყო.

 

ამიტომ აბორტის გაკეთება მომთხოვა. შემეშინდა და არ დავთანხმდი.

 

მაშანტაჟებდნენ, რომ სენაკში ბავშვთან ერთად არ დამაბრუნებდნენ. მაშინ, ის ოჯახი ამომიდგა მხარში, ვისთანაც ბათუმში ვისვენებდი, მათ მიპატრონეს და პატარა იქ გავაჩინე, გოგონა შემეძინა, ნინიკო დავარქვი.

 

ბავშვთან ერთად ვერ ვმუშაობდი, ღია ცის ქვეშ დარჩენილი გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი.

 

პატარას რომ სიმწარე არ ენახა და ფიზიკურად გადარჩენილიყო, მეუფე დიმიტრისთან დავტოვე და თბილისში სამსახურის საძიებლად წამოვედი.

 

დამლაგებლად ვმუშაობდი, სამსახურში მომავალი მეუღლე გავიცანი, მითხრა, რომ თუ ცოლად გავყვებოდი, ნინიკოს ბათუმიდან წამოყვანაში დამეხმარებოდა.

 

შვილის დაბრუნების იმედით გავთხოვდი. აღმოჩნდა, რომ ის ჩემზე გაჭირვებული იყო და ნინიკოს დაბრუნების ოცნება ოცნებად დარჩა…

 

ამ ტრაგედიას მეორეც დაემატა. ჩემი ქმარი მოძალადე აღმოჩნდა, უკიდურეს წამებაში და ცემაში წლები ძალით მაცხოვრა თავისთან, მისგან სამი შვილი გამიჩნდა.

 

როცა კანონი ამოქმედდა და მოძალადეებისგან მსხვერპლთა დაცვა დაიწყო, მაშინვე პატრული გამოვიძახე და დედათა და ბავშვთა თავშესაფარში გადამიყვანეს შვილებთან ერთად.

 

ასე სამი წელი გავიდა. ბოლოს კახეთში, ბროწლიანის თავშესაფარში მოგვიყვანეს.

 

აქ ერთი კაცი გავიცანი, რომელიც მატერიალურად გაჭირვებულია, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია.

 

მის სახლში წამიყვანა და პატარა გაბრიელის მშობლებიც გავხდით.

 

მიწას ვამუშავებთ, დახმარებას ვიღებთ და თავი გაგვაქვს.

 

უფროსი ბავშვები კი, სოციალურმა მუშაკებმა მინდობით აღზრდის სერვისში ჩართეს – სხვის ოჯახებში ჩვენს შვილებს აცხოვრებენ და მომვლელებს თითოეულზე 400 ლარს უხდიან, ეს სამართალია?

 

ერთადერთი რაც მამშვიდებს, ისაა, რომ აქვე ახლოს არიან და ხშირდ ვნახულობ…

 

წარმოიდგინეთ, რამდენად უბედური ვარ. დიდი ბრძოლის ფასად მხოლოდ მშობლების სახელის და გვარის გაგება მოვახერხე, ვეძებ და ვერ ვპოულობ, დიდი ვარ, მაგრამ რა ვქნა?! მეც მინდა ჩემი დედიკო და მამიკო…

 

ღმერთმა არც ეს მაკმარა და ჩემი პირველი შვილი, ჩემი 14 წლის ნინიკო უჩემოდ იზრდება დაბადებიდან.

 

ის თვალით არ მყავს ნანახი. მხოლოდ ტელეფონზე მელაპარაკება და მეუბნება: დედა მენატრებიო…

 

ხალხო სახეზე, როგორ გამოიყურება არ ვიცი, მისი ნახვა რომ შევძლო მინიმუმ 300 ლარი უნდა მქონდეს რომ კახეთიდან ბათუმში ჩავიდე და რამე ჩავუტანო.

 

შვილი უსაჩუქროდაც მიმიღებს, მაგრამ მის აღმზრდელებთან ხელცარიელი როგორ მივიდე, ამხელა სიკეთეს გვიკეთებენ.

 

მისი ნახვა და ჩემი ხუთივე შვილის ერთ ოჯახად ცხოვრება ჩემი ოცნებაა. იქნებ ღმერთმა ამდენი ტკივილი მაკმაროს და მშობლებიც გამომეხმაურონ.

 

დიდი ვარ, მაგრამ ოჯახური სითბო, მშობლების სიყვარული და შვილებზე ზრუნვის შესაძლებლობა სასწაულად იქცეს და ეს ყველაფერი მომეცეს.

 

„პრაიმტაიმის“ მკითხველებს უმორჩილესად ვთხოვ, თუ რამე იციან რაშიდ ალიევსა და სევგინაზ ალიევაზე, იქნებ ხმა მიაწვდინონ რომ დაკარგული შვილი ეძებს, მთელი გულით მივიღებ, ოღონდ გამოჩნდნენ. ეს ადამიანები ჩემი მშობლები არიან, ჩემი დედიკო და მამიკო…“ – ამბობს ფატიმა ალიევა.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

X