20:45 | 2020-08-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია და სრულ ჩანაწერს ვითხოვთ – ბაჩალიაშვილის ადვოკატი

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ვიდეომასალა არასრულია და სრულ ჩანაწერს ვითხოვთ – ბაჩალიაშვილის ადვოკატი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა. მისი თქმით, გავრცელებული კადრები არასრულია და მოითხოვს, რომ ერთი კვირის მანძილზე 3 ჯიპის გადაადგილების სრული მარშრუტის ამსახველი ჩანაწერი ანახონ.

 

„გამოძიებამ მოგვაწოდა შემდეგი ინფორმაცია, რომ აღნიშნული სამი ჯიპი რუსთავიდან, სამხედრო ბაზიდან მოდიოდა. მათი მარშრუტი იყო შემდეგი – ისინი ყოველდღე მიდიოდნენ შავნაბადის სამხედრო ბაზაზე და გარკვეული დროის შემდეგ რუსთავში ბრუნდებოდნენ.

 

მოვითხოვე, ერთი კვირის მანძილზე, რუსთავიდან შავნაბადის სამხედრო ბაზაზე მათი შესვლისა და გამოსვლის მასალა გამოთხოვილი ყოფილიყო და ნათლად გვენახა, თუ რა პერიოდი დასჭირდებოდა ამ ყველაფერს.

გამოძიებამ ახალი კამერების ჩანაწერები ამოიღო - თამარ ბაჩალიაშვილის საქმე
2020-08-03გამოძიებამ ახალი კამერების ჩანაწერები ამოიღო - თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

 

რა თქმა უნდა, ისინი თანახმა იყვნენ. დაპირების თანახმად, ეს ვიდეოჩანაწერი გამოთხოვილი უნდა ყოფილიყო. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვიყავით.

 

ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რაში დასჭირდა პროკურატურას, რომ მაინც და მაინც ეს პატარა მონაკვეთი ენახებინა, თუ როგორ შედიან ბაზაზე. შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც პირდაპირ ტაბახმელის გზით უკავშირდება მაწევანს.

 

არის გადასასვლელი, ძალიან მარტივი გზა, რომელიც პირდაპირ მაწევანში ჩადის. ჯიპს ყველაზე მარტივად შეეძლოთ ჩასულიყო მაწევანში. აქედან გამომდინარე, დამატებით ვსვამ კითხვებს, სად არის ჩანაწერები, საიდანაც ნათლად გამოჩნდება, რა მარშრუტი, რომელი გრაფიკით გადაადგილდება რუსთავის სამხედრო ბაზიდან, თუ არსებობს რუსთავში ასეთი სამხედრო ბაზა.

 

ჩვენ მოლაპარაკებული ვიყავით, რომ აღნიშნული ერთი კვირის მარშრუტი პირადად უნდა მენახა.“ განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

ადვოკატის განცხადებით ოჯახის მოთხოვნაა, მათ სრული ჩანაწერი მიიღონ.

„სამო მაღალჩინოსანო მკვლელო, აღიარეთ მკვლელობა“ - ბაჩალიაშვილის დედა
2020-08-22„სამო მაღალჩინოსანო მკვლელო, აღიარეთ მკვლელობა“ - ბაჩალიაშვილის დედა

 

„ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწერი, რომელ საათზე, რა დროს გამოდის აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან და თუ არ გამოდის, მაშინ რამდენ ხანს რჩება 3 ჯიპი სამხედრო ბაზაზე.

 

მეორე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება რუსთავიდან აღნიშნული შავი ჯიპები შავნაბადის ტერიტორიაზე“,-აცხადებს რამიშვილი.

 

ადვოკატის თქმით, ისინი დამატებით სატელიტურ ჩანაწერებს და ექსპერტიზის დასკვნასაც ელიან.

 

„ვითხოვთ სატელიტურ სურათებს, რომელსაც დიდი ხანია უკვე ველოდებით და ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნას.“ – ამბობს მიხეილ რამიშვილი.

 

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანისა და სუს-ის სამი ავტომობილის გადაადგილების კადრები დღეს გაავრცელა.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი


X