19:10 | 2020-09-09 ავტორი: მარი ჯაფარიძე

პრინცესა კარაბუს დაუჯერებელი ამბავი – მისი უმაღლესობა თუ მაწანწალა?

პრინცესა კარაბუს დაუჯერებელი ამბავი – მისი უმაღლესობა თუ მაწანწალა?

ბრისტოლის მახლობლად, ფეხსაცმლის შემკეთებელმა შენიშნა ქალი, რომელიც მათხოვარს ჰგავდა, მაგრამ მის გარეგნობასა და ჩაცმულობაში რაღაც უჩვეულოც იყო. გარდა ამისა, უცნობს თავზე ფერადი ჩალმა ჰქონდა და უცნობ ენაზე ლაპარაკობდა.

 

1817 წლის აპრილი იყო. ფეხსაცმლის შემკეთებელმა არ იცოდა, ვისთვის მიემართა და როგორ დახმარებოდა შეცბუნებულ უცხო ადამიანს. მეწაღემ ის სამუელ ვორელთან წაიყვანა, რომელიც ღარიბთა შემწე იყო.

 

ვორელი შეჩვეული იყო მათხოვრებთან ურთიერთობას, მაგრამ ასეთი შემთხვევა მისთვისაც ახალი იყო: გოგონამ არცერთი ინგლისური სიტყვა არ იცოდა, მაგრამ დახატული ანანასი იცნო. თითი მიაპყრო ნახატს და თქვა: „ანანასი”. ეს გამოძიებას ვერ დაეხმარა, რადგან ასე ჰქვია ამ მცენარეს მრავალ ენაზე.

 

 

ვორელიმ მხოლოდ იმის გაგება შეძლო, რომ გოგონას სახელია კარაბუ და ის აშკარად არ არის ინგლისელი. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა გაეკეთებინა და გოგონა ხელისუფლებას გადასცა. მათ  მოათავსეს წმინდა პეტრეს საავადმყოფოში, რომელიც განკუთვნილი იყო მაწანწალებისა და ღარიბთათვის.

 

დაკარგულის ბედი შეიძლება ძალიან სამწუხარო ყოფილიყო, პორტუგალიელ მეზღვაურს შემთხვევით რომ არ გაეგონა მისი ბუტბუტი. „მე ვიცი, რას ამბობს ის!” – თქვა მან და თარგმნა კარაბუს სიტყვები.

 

გოგონა ამბობდა, რომ ის იყო პატარა სამეფოს პრინცესა, რომელიც დაკარგული იყო ინდოეთის ოკეანის კუნძულზე. იგი მეკობრეებმა შეიპყრეს, მაგრამ ბრისტოლის ყურეში გოგონამ მოახერხა გადახტომა და თავს უშველა. სანაპირომდე გრძელი გზა გაცურა, მაგრამ დაღლილმა მაინც მიაღწია სამშვიდობომდე.

 

გავრცელებული ინფორმაციით, პრინცესა კარაბუ დაიბადა კუნძულ იავასუზე, ინდოეთის ოკეანეში და იყო გარკვეული მაღალპატივცემული ოჯახის ქალიშვილი, დაბადებით ჩინელი. მამამისი მოგვიანებით მოკლეს ბუგუს (კანიბალებსა) და მალაიზიელებს შორის შეტაკების დროს.

 

ერთ დღეს იგი სეირნობდა კუნძულ იავუსუზე მამის ბაღში, როდესაც რამდენიმე ქალმა გარეთ გამოიტყუა, შემდეგ კი მეკობრეების ხელში იყო, რომელთაც ჩი-მინი მეთაურობდა. ხელფეხშეკრული პრინცესა გემზე აიყვანეს. მამა დაედევა და მოახერხა ერთი მეკობრე ქალის დაჭრაც.

 

რამდენიმე დღის შემდეგ ტყვეობაში მყოფი პრინცესა კაპიტან ტაპა ბუს მიჰყიდეს და გემმა, რომელზეც ის იმყოფებოდა, ოთხი კვირის მანძილზე იცურა.  შემდეგ რომელიღაც  ნავსადგურში ოთხი მოგზაური ქალი აიყვანეს და ხუთი კვირის შემდეგ ჩამოსვეს ისინი სხვა, უცნობ პორტში. ამის შემდეგ გემი ევროპაში გავიდა და კიდევ 11 კვირის შემდეგ მიაღწია ინგლისის სანაპიროს, მაგრამ არასათანადო მოპყრობით სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი პრინცესა გემიდან გაიქცა.

 

შემდეგ მან გაუცვალა თავისი ოქროთი ნაკერი ტანსაცმელი საკვებში, მწვანე სახლში მცხოვრებ ინგლისელ ქალთს და ამავე დროს, მისგან მიიღო პერანგი და შალი. სწორედ ამ პერანგსა და შალში გამოწყობილი ნახეს ის გლოსტერშირში. ბოლოს და ბოლოს, ამდენი  ხეტიალის შემდეგ, მან თავშესაფარი იპოვა.

 

 

მისი უმაღლესობა

 

ხელისუფლებამ როდესაც შეიტყო, რომ ხელში სამეფო პირი ჩაუვარდათ, თუნდაც შორეული, უსახელო კუნძულიდან, სწრაფად გაათავისუფლეს ის ციხიდან. ვინაიდან საცხოვრებელი  ადგილი არ ჰქონდა, უორელმა გოგონა თავისთან მიიღო. ქალბატონმა უორელმა იზრუნა კარაბაზე. გოგონა გააცნო ადგილობრივებს, რომლებიც პრინცესას თბილად შეხვდნენ.

 

კარაბუს ქსოვილები მოუტანეს და პრინცესამ თავად შეიკერა უცნაური კაბა, მიწამდე სახელოებითა და ფართო, ნაქარგი ქამრით.

 

ყველას ხიბლავდა მისი უცნაური ჩვევები, რომლებიც XIX საუკუნის გოგონასთვის სრულიადაც არ იყო დამახასიათებელი. იგი მშვენიერი მშვილდოსანი იყო, იცოდა ფარიკაობა, შიშველი ცურავდა ტბაში, ლოცულობდა „ალაჰ ტალაჰზე“, ერთ ხელს თვალებზე  იფარებდა და სვამდა და ჭამდა მხოლოდ იმ ჭურჭლიდან, რომელსაც საკუთარი ხელით გარეცხავდა.

 

ვორელის მოსამსახურეები და არა მხოლოდ ისინი, თავიდან სკეპტიკურად უყურებდნენ უცხო ადამიანს, რადგან ავანტიურისტად მიაჩნდათ. მაგრამ პრინცესა ბრწყინვალედ ასრულებდა თავის როლს: მას ერთხელაც არ არევია სიტყვები და სხვა ენაზე არ დაულაპარაკია, ძილშიც კი საკუთარ დიალექტზე ბუტბუტებდა.

 

ის წაიყვანეს ლონდონში, სადაც მხატვარმა დახატა მისი პორტრეტი. ეს გახდა მისი გამოაშკარავების მიზეზი.

 

 

პრინცესადან მათხოვრამდე

 

როგორც ჩანს, კარაბუს ეშინოდა გამოაშკარავების, რადგან ერთხელ ვორელის სახლიდან გაქცევაც კი სცადა. გაქცევის მცდელობის შემდეგ ტიფით დაავადდა და რამდენიმე დღის განმავლობაში სიკვდილს ებრძოდა.

 

სწორედ ამ დროს გაზეთში გამოჩნდა მისი პორტრეტი და ვიღაც მისის ნილმა იცნო. ქალმა თქვა, რომ პორტრეტზე პრინცესა არ არის, ეს არის მერი უილკოქსი, ქმრის გვარით – ბეიკერი.

ღარიბი მეწაღის ჩვეულებრივი ქალიშვილი, დევონშირიდან. მისი თქმით, მერი რამდენიმე სახლში მსახურობდა და ქალბატონი ნილისგან ოთახი იქირავა, მის შვილებს კი თავისი შექმნილი ენით ართობდა.

 

სხვა გზა არ დარჩა და მერი ბეიკერმა აღიარა თავისი ოინი. საინტერესოა, რომ ის არასდროს იყენებდა ტყუილებს ანგარებისთვის. გაქცევის დროს არც უცდია ძვირფასი სამკაულები გაეყოლებინა ხელისთვის, ვორელის სახლიდან. ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ მერი უბრალოდ, საოცარი ფანტაზიით იყო დაჯილდოებული, რის გამოც მთელი სამყარო ევიწროებოდა.

 

 

წურბელების გამყიდველი

 

გაბრაზებულმა და შერცხვენილმა მისტერ და მისის ვორელებმა ყოფილი პრინცესა გემით ამერიკაში გაგზავნეს. რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა დაბრუნდა ინგლისში და შეეცადა, როგორც პრონცესას, სახალხო გამოსვლებით ფული გამოემუსავებინა, მაგრამ მის მიმართ ინტერესი განელებული იყო და მერი ცნობილი ვერ გახდა. საბოლოოდ, მერი ბედმინსტერში დასახლდა და დაქორწინდა.

 

„ბოლოს რაც გავიგე მის შესახებ, – აღნიშნა ქალაქის ბიბლიოთეკარმა, ჯორჯ პრაისმა, – ის იყო, რომ ის დაქორწინდა და საბოლოოდ დასახლდა ამ ქალაქში, სადაც გაატარა მთელი  სიცოცხლე და საავადმყოფოს წურბელებით ამარაგებდა.

 

თანამედროვე ეპოქაში მერი შესაძლოა, ყოფილიყო მწერალი, მსახიობი ან რეჟისორი – მის ფანტაზიას საზღვარი არ ჰქონდა. ის რომ სხვა ეპოქაში ან სხვა ოჯახში დაბადებულიყო, ყველაფერი შეიძლება სხვანაირად განვითარებულიყო.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები