fbpx
22:55 | 2020-09-03 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს პროსტიტუციაში დასდო ბრალი და პოლიციაში უჩივლა

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს პროსტიტუციაში დასდო ბრალი და პოლიციაში უჩივლა

ანასტასია შატალოვა რუსეთიდან საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. აქ გაიცნო ბათუმის ყოფილი ვიცე მერი, ზურაბ ბერიძე, მასთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და საერთო შვილიც შეეძინათ, რომელიც ახლა 9 თვის გახლავთ.

თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ მათ ურთიერთობაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა მამაკაცი ოდესღაც საყვარელ ქალს პროსტიტუციასა და ოქროს ბეჭდის ქურდობაში სდებს ბრალს, პოლიციაში სარჩელიც შეიტანა და ბავშვიც წაართვა.

 

წყვილის ურთიერთობის შესახებ ცოტა ხნის წინ „პრაიმტაიმს“ ანასტასიას ადვოკატი, ლალი ბიბილეიშვილი ესაუბრა და ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ზურაბ ბერიძემ საკუთარი შვილის დედის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

 

„პრაიმტაიმი“ ამჯერად ანასტასიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

 

– წელიწად-ნახევრის წინ გავიცანი ზურა. დამარწმუნა, რომ არ ჰყავდა ცოლი და არც არასდროს ჰყოლია. ჰყავს 2 შვილი და მათ დედაზე მითხრა, რომ უბრალოდ, შვილების დედაა და მეტი არაფერი.

 

მე თბილისში ვცხოვრობდი. ზურას გაცნობის შემდეგ თავად გადამიყვანა ბათუმში, ბინა მიქირავა და თითქმის სულ ჩემთან იყო. ამიტომ ეჭვიც არ შემპარვია, რომ ცოლი ნამდვილად არ ჰყავდა. მანებივრებდა ძვირად ღირებული საჩუქრებით. ერთხელ, მორიგი ჩხუბის შემდეგ 3 ათას დოლარად ღირებული ბრილიანტის თვლიანი ბეჭდით მოვიდა შესარიგებლად.

საზღვარგარეთ ვაპირებდით გამგზავრებას, რის გამოც მჭირდებოდა ახალი პასპორტი და ამისთვის გავემგზავრე მშობლიურ ქალაქ ხაბაროვსკში.

 

მალე გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. ზურას რომ გავუმხილე, მითხრა, სასწრაფოდ დაბრუნდი საქართველოშიო. შევთანხმდით, რომ თბილისში, ჩაჩავას კლინიკაში ვიმშობიარებდი.

 

გეგმებს ვაწყობდით, ოჯახის შექმნას ვაპირებდით, დედაჩემიც კი ჩამოვიდა, რომ ოჯახის საქმეებში დამხმარებოდა.

 

ერთ საღამოს მის ტელეფონში ქალის ფეისბუქის პროფილს გადავაწყდი, რომელსაც ზურასთან ერთად გადაღებული ფოტოები ედო.

 

აღმოჩნდა, რომ ცოლი ყოფილა, მაგრამ ეს მაინც უარყოფდა. კიდევ ცოტა ხანში გავიგე, რომ უკრაინაში 5 წლის შვილი ჰყოლია, რომელიც არც უნახავს.

 

და ასევე ვნახე მისი ყოფილი საყვარელი, რომელიც ასევე ორსულად იყო, თუმცა, არ ვიცი, მისია ის ბავშვი თუ არა.

ამ ყველაფერმა ძალიან გამაბრაზა და ვუთხარი, ცოლის ტელეფონის ნომერი მოეცა. არ ეგონა, თუ გავბედავდი დარეკვას და არ დაუმალავს, მომცა. დავრეკე, ჩავაყენე ხათუნა საქმის კურსში, რომ ორსულად ვიყავი. ბუნებრივია, ძალიან ინერვიულა.

 

მოვითხოვე, რომ ცოლს გასცილებოდა, მაგრამ მას იმ პერიოდში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და – ვერ გავცილდებიო, მითხრა.

მე ისევ რუსეთში გავემგზავრე და ამ დროს გავიგე, რომ ზურას ანევრიზმა ჰქონდა და ოპერაცია სჭირდებოდა.

ანევრიზმა მოგეხსენებათ, თავის ტვინის სისხლძარღვებზე ვითარდება და შესაბამისად, ოპერაცია ტვინზე გაუკეთდა.

 

ამის შემდეგ რეაბილიტაცია იყო საჭირო და როგორც ჩანს, ვერ გამოჯანმრთელდა სრულად. ოპერაციის მერე გახდა ძალიან აგრესიული, ეჭვიანი.

 

თავის თავზე იგონებდა გაუგონარ ამბებს – ფანტაზიორობდა თუ ეჩვენებოდა, არ ვიცი. შევთავაზე ფსიქიატრთან წასვლაც, მაგრამ რა თქმა უნდა, მე მეძახა გიჟი.

 

დაიწყო ეჭვიანობა ყველაზე და ყველაფერზე, თანაც – უმიზეზოდ.

 

ხშირად გვქონდა უკმაყოფილება. ბავშვის დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე შინიდან გამომაგდო და ცის ქვეშ დამტოვა.

 

ამის გამო ძალიან ვინერვიულე და ნაადრევი მშობიარობა დამეწყო, თუმცა მეც და ბავშვიც გადავრჩით და მშვენიერი, ულამაზესი ლუკა შემეძინა.

 

ზურა არც დაინტერესებულა და არც მოსულა სამშობიაროში. ბავშვი ჩემს გვარზე დავარეგისტრირე.

 

თუმცა, შემდეგ ისევ მოუარა ჩემთან შერიგების სურვილმა და იმდენი ქნა, რომ შევურიგდი. ისევ გაგრძელდა ჩემი წამება. ძალიან ვინანე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ბავშვს მამა სჭირდებოდა და ვითმენდი. მერწმუნეთ, ძალიან ძნელია, დიდი ხნით აიტანო ასეთი ადამიანის გვერდით ცხოვრება და საბოლოოდ გამოვუცხადე, რომ ვშორდებოდი.

 

ბავშვიანად თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად, მაგრამ აქაც ჩამომაკითხა. მომიტანა ცოლთან განქორწინების მოწმობა და მახარა, რომ ახლა შეგვეძლო დაქორწინება და ქორწილის დღეც კი დანიშნა, რომელიც მე ჩავშალე, რადგან აღარ მინდოდა ისევ ის გზა გამევლო.

 

მოკლედ, დავშორდით და ცოტა ხნის შემდეგ მთხოვა, ბავშვი მენატრება და რამდენიმე დღით გამატანეო. გავატანე და წამართვა, აღარ მიბრუნებს.

 

ახლა ადვოკატი მყავს და ვცდილობ, ბავშვი დავიბრუნო, მან კი თქვენთან გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ სარჩელი შეიტანა პოლიციაში დაპროსტიტუციასა და ქურდობაში მდებს ბრალს, თუმცა არაფრის დამამტკიცებელი საბუთი არა აქვს.

 

სასტუმროში დაგინახეო და ეგ ნიშნავს პროსტიტუციას? სასტუმროს კაფეში ჯდომა როდის აქეთ გახდა პროსტიტუცია? რაც შეეხება ქურდობას, ამბობს, რომ საქორწილო რგოლი მოვპარე. არა და, ერთად რომ ვცხოვრობდით, მის თითზე ბეჭედი მაღიზიანებდა და ვთხოვე, მოეხსნა. თავად მოიხსნა და თავის ნივთებთან შეინახა. პოლიცია რომ მოვიდა, ვაჩვენე კიდეც, ის ბეჭედი ისევ იქ იდო და როგორ მოვიპარე?

 

ახლა ჩემს შვილს მისი ცოლი ზრდის. მე ვიცი, რომ ის ვერასოდეს შეიყვარებს ლუკას, რადგან მეტოქე ქალისგანაა გაჩენილი. ზურა მთელი დღე გასულია შინიდან და ბავშვი არის მის ცოლთან. მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი შვილისთვის არის საფრთხის შემცველი და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბავშვი დავიბრუნო. შევაწრიალებ სამყაროს და ბავშვს არ დავთმობ, როგორ შეიძლება, დედას შვილი წაართვა?

 

ახლა ჩემი ოჯახი მარჩენს, რუსეთიდან, მაქვს ყველანაირი პირობა, რომ ბავშვმა ჩემთან იცხოვროს და არავის მივცემ იმის უფლებას, ლუკას დამაშორონ.

 

 

ვინ არის ზურაბ ბერიძე?

 

წინა ხელისუფლების დროს ზურაბ ბერიძე ბათუმის საგადასახადო ინსპექციას ხელმძღვანელობდა და ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ზურაბ ნოღაიდელთან დაახლოებულ პირად ითვლებოდა.

 

2008 წელს ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს. საუბარია საქმეზე, რითაც, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტმა 1 471 322 ლარი იზიარალა.

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბერიძე ბათუმის ვიცე-მერი გახდა, თუმცა 2015 წელს თანამდებობა დატოვა, 2019 წელს კი მისი უფროსი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები დიდი ოდენობით თანხების გაფლაგვის ბრალდებით დააკავეს.

 

რა ბიზნესს ფლობს ზურაბ ბერიძე?

 

ვიცე-მერის თანამდებობიდან გადადგომას წინ უსწრებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალეობა – საქართველო“-ს მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული ანგარიში, სადაც ზურაბ ბერიძის სახელმა რამდენიმე კომპანიასთან კავშირში გაიჟღერა.

 

„რეესტრის მონაცემების თანახმად, ზურაბ ბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 2014 წლის 27 აგვისტოს, საკუთარი სურვილის საფუძველზე, შპს „აჭარა ელიტაუდიტში“ დირექტორის პოზიცია დათმო, ასევე 50%-იანი წილი, მართვის უფლებით, დიმიტრი თედორაძეს გადასცა. 2014 წლის 6 ოქტომბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ზურაბ ბერიძემ მიუთითა, რომ 2013 წელს ამ შპს-ს დირექტორობიდან და 50%-იანი წილის ფლობიდან 104 748 ლარი მიიღო.

 

2014 წლის 14 ნოემბერს, შპს „აჭარა ელიტაუდიტთან“ პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ და რადიოს მენეჯმენტმა. შპს-მ, 2500 ლარის მიღების სანაცვლოდ, მაუწყებლის აუდიტორული შემოწმება ჩაატარა.

 

ზურაბ ბერიძე, პირადი განცხადების საფუძველზე, 2014 წლის 7 აგვისტოს, კიდევ ერთი კომპანიის, „ბათუმი ბიზნეს ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა „ბათუმი ბიზნეს ჯგუფში“ ის ამ დრომდე ფლობს 25%-იან წილს, რის შესახებაც თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის დარღვევაა. შესაბამისად, არც ის ჩანს, თუ რა შემოსავალი მიიღო ბერიძემ ამ პოზიციიდან და ზემოაღნიშნული წილის ფლობიდან.

 

ბათუმის მერის მოადგილეს არც შპს „სამეწარმეო და სამოქალაქო დავათა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი BT COMPANY“-ში 50%-იანი წილის ფლობის შესახებ აქვს მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში. ის ამავე კომპანიის დირექტორი იყო 2014 წლის 7 აგვისტომდე. ქონებრივ დეკლარაციაში ამ პოზიციიდან მიღებული შემოსავალიც არ ჩანს“, – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭირვალეობის“ ანგარიშში.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X