12:21 | 2020-05-13 ავტორი: Prime Time

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ წუხელ წალენჯიხაში დააკავეს

პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ახალგაზრდა „კანონიერი ქურდი“ წუხელ წალენჯიხაში დააკავეს

შინაგამ საქმეთა სამინისტრომ წუხელ წალენჯიხაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ე.წ. „კანონიერი ქურდი“ რევაზ უბილავა დააკავა.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა.

 

გამოძიების ინფორმაციითვე, ის წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ“, – აცხადებენ შსს-ში.

 

უწყების ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ვინ არის რევაზ უბილავა?

 

რევაზ უბილავა (რეზო ჯვარსკი)

 

მას კრიმინალურ წრეებში „რეზო ჯვარსკის“ მეტსახელით იცნობენ.

 

რევაზ უბილავა „კანონიერ ქურდად“ თურქეთში 2014 წელს „აკურთხეს“ და 21 წლის ასაკში ის „ქურდული სამყაროს“ ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი გახდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, უბილავას 2018 წელს ქურდული სტატუსი ჩამოართვეს, რასაც წინ უძღოდა კლანებს შორის არსებული დაპირისპირება.

 

უბილავა მერაბ ჯანგველაძის (მერაბ სოხუმსკი) კლანს წარმოადგენს.

 

ეს კლანი დაპირისპირებულია ე.წ. მეგრულ დაჯგუფებასთან, სადაც მოიაზრებიან – მერაბ მზარეულია, კიკო მზარეულია, გოჩა ალფასონი, თამაზ ბარკალაია, ნიკა დგებუაძე და სხვ.

 

მაგალითად, ჯერ კიდევ 2014 წელს რევაზ უბილავაზე, როგორც ჯანგველაძის კლანის წევრზე, მოსკოვის ცენტრში თავდასხმა მოხდა.

 

მაშინ რეზო „ჯვარსკი“, სულ რაღაც, 21 წლის იყო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

 

გავრცელდა ცნობა, რომ ამ თავდასხმის უკან სწორედ ზემოხსენებული მეგრული კლანი იდგა, კერძოდ, გაიჟღერა კიკო მზარეულიას სახელმა.

 

ზუსტად ოთხი წლის შემდეგ კი იგივე ჯგუფი რეზო უბილავას კიდევ ერთხელ გაუსწორდა და ჯანგველაძის მიერ მინიჭებული ქურდული სტატუსიც ჩამოართვა.

 

როგორც ირკვევა, ამჟამად „რეზო ჯვარსკიმ“ ყველაზე ახალგაზრდა ქურდის ტიტული დაიბრუნდა.

 

ყოველშემთხვევაში ის წალენჯიხაში წუხელ სწორედ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დააპატიმრეს.

 

„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს
2020-05-12„კანონიერმა ქურდებმა“ სალომე ზურაბიშვილს სასამართლოში უჩივლეს

 

რეზო უბილავა რამდენჯერმე იყო დაკავებული, მათ შორის კიევში, ანტალიასა და ანკარაში.

 

2016 წელს უკრაინაში დაკავებულ უბილავას მისცეს შესაძლებლობა თავად აერჩია ქვეყანა, სადაც მისი დეპორტაცია მოხდებოდა.

 

უბილავამ საქართველოში დეპორტაციაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მისივე თანხმობით, ის ბეირუთში გაადეპორტეს.

 

უბილავა კიევში მეუღლესთან ერთად აიყვანეს, რომელსაც ხელზე არადეკლარირებული თანხა, ე.წ. ობშიაკის ფული აღმოაჩნდა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X